დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7055-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.019983 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ერუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა სამყაროს და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების გენოფონდის დაცვა და აღდგენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისათვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი, ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგი; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი, ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისაგან დაცვა; ზ) ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას. მუხლი 3. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები 1. ერუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: ა) ერუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია და იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციისათვის, ტურისტული საქმიანობისათვის, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ეკოდერეფნების განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის; ბ) ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომელიც იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად. 2. ამ კანონით დადგენილი კატეგორიების დაცული ტერიტორიების ზონები და აღნიშნულ ზონებში დაშვებული საქმიანობები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით. მუხლი 4. ერუშეთის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი 1. ერუშეთის ეროვნული პარკი იქმნება ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 11 407 ჰექტარი. 2. ერუშეთის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. ერუშეთის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (№225 წერტილიდან ჩრდილო-დასავლეთით №1 წერტილამდე) მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3477 – ვებგვერდი, 06.10.2023წ. მუხლი 5. ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა და დასახლებული პუნქტების (სოფლების) ჩამონათვალი ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს (სოფლებს): აბათხევი, მინაძე, მუსხი, პატარა პამაჯი, საძელი, ურაველი, წყალთბილა, ხეოთი. მუხლი 6. ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. ერუშეთის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობები, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ამ დაცული ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება (ზონირება)) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 2. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერუშეთის ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, დაშვებულია სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ობიექტების განთავსება. 3. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. მუხლი 7. ერუშეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ერუშეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8. ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება ერუშეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 9. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 17 ივლისი 2020 წ. N7055-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები