თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220030.22.027.017055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
560
30/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
010220030.22.027.017055
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/2020 - 09/07/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №560

2020 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან (შემდგომ - იუსტიციის სამინისტრო) შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) იუსტიციის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარმომადგენელი;

თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარმომადგენელი;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენელი;

კ) იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, კომისიის მდივანი;

ლ) საქართველოს გენერალური პროკურორის წარმომადგენელი;

მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარმომადგენელი;

ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი;

ო) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი.

მუხლი 2
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 3
დამტკიცდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. კომისიის მიზანია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გზით ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 

 

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად და ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე, კომისია:

ა) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით, კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან/საარჩევნო ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ბ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას;

გ) განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

 

მუხლი 3. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კომისიის რიგგარეშე სხდომებს. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებთან. მათი წარმომადგენლები სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში და კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

6. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა დაინტერესებული პირებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების თითო წარმომადგენელი.

7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის 2019 წლის 28 თებერვლის ანგარიშის XII ნაწილის შესაბამისად, კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიტანება მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ან სხვაგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ეხება. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც დაისმება კომისიის წინაშე, დღის წესრიგში განსახილველად არ იქნება შეტანილი და ის შესაბამის უწყებას შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. 

9. კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის სხდომის ოქმი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.