აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
303
14/05/2020
ვებგვერდი, 15/05/2020
340170000.10.003.022015
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/05/2020 - 10/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2020 წლის 14 მაისი

 ქ. თბილისი

 

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“. 
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებისათვის, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის (31 05 ერთიანი აგროპროექტი) ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კლასიფიკაციის კოდის დამატება.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 10 000 000  ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი  ცვლილების განხორციელება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს:

ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ბ) დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა;

გ) ღია გრუნტში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა.

 

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;  

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

გ) თანადაფინანსების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები;

ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – არაუმეტეს 100 ცხ. ძ-ის  მქონე სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  ტრაქტორი (გარდა ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხელის ტრაქტორი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა, მოტობლოკი, იმპლემენტი;

ვ) საქონელი – ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებისათვის/ მოდერნიზებისთვის  საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებები ან/და ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემა;

ზ)  მომსახურება –  ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებისათვის/ მოდერნიზებისთვის ან/და ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით  გასაწევი მომსახურება;

თ) საგრანტო დაფინანსება – პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება როგორც ფულადი, ასევე ძირითადი საშუალებების სახით დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

 მუხლი 4. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

 

მუხლი 5. პროგრამის მიზნობრიობები

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მიზნობრიობებს:

ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება;

ბ) ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებისათვის/მოდერნიზებისთვის  საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსება;

გ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსება.

 

მუხლი 6. თანადაფინანსების პირობები

1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისათვის შეადგენს არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში – არაუმეტეს  50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.

2. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული მიზნობრიობ(ებ)ისათვის შეადგენს არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარს,  ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, რომლის  მეპაიეების  არანაკლებ 70%-ის  თითოეულ მეპაიეს  კოოპერატივში პაის სახით შეტანილი აქვს არანაკლებ 0.1 ჰა  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება შესასყიდი საქონლის/მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი-ვისათვის თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება კოოპერატივის მეპაიეების რაოდენობის შესაბამისად, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 50 000 ლარის  ოდენობით.

3. ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნობრიობებისთვის სააგენტოს თანადაფინანსება ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს  არაუმეტეს  50%-ისა და არაუმეტეს  50 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში – არაუმეტეს 50%-ისა და არაუმეტეს 500 000 ლარს.

4. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი და აკმაყოფილებდეს შემდეგ  პირობებს:

ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს პოტენციური ბენეფიციარის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

5. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა დაგეგმილია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან“ (ს/ნ: 206348736), თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა;

ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება არ უნდა იყოს  აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრე (ცხ.ძ) არ არის შეზღუდული;

დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შესაძლებელია იყოს მეორადი, ექსპლუატაციაში ნამყოფი.

6. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება  წარმოადგენდეს:

ა) საკუთარი ფულადი სახსრები;

ბ) სესხი/ლიზინგი, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემული;

გ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება.

 

მუხლი 7. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნობრიობებისათვის თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს   უნდა ჰქონდეს  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის იჯარის დარჩენილი პერიოდი  პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს და  რომელზეც განთავსდება/განთავსებულია სასათბურე მეურნეობა ან/და  მოეწყობა სარწყავი სისტემა.

2. პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

 

მუხლი 8. შეზღუდვები

1. პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.

2. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ 5 (ხუთი) წლის ვადით.

3. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.

4. პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს  იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს სრულად ან ნაწილობრივ  წარმოადგენს ლიზინგი ან/და  საგრანტო დაფინანსება. ამასთან,  ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოს სასარგებლოდ დააგირავოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მას შემდეგ, როდესაც შეასრულებს საგრანტო დაფინანსების ან/და ლიზინგის გამცემთან ნაკისრ ვალდებულებებს და საკუთრებაში გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სადაც სააგენტოს სასარგებლოდ გირავნობის ვადა განისაზღვრება სააგენტოს თანადაფინანსების გაცემიდან ხუთი წლის ვადის დარჩენილ პერიოდზე.

5. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

 

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი

პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მომწოდებელ კომპანიაში.

 

მუხლი  10.  განაცხადის მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების  დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ  პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

 

მუხლი 11. პროგრამის მონიტორინგი და ანგარიშგება

ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.