„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021877
165
13/03/2020
ვებგვერდი, 16/03/2020
340170000.10.003.021877
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№165

2020 წლის 13  მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესსა და პირობებში“:

1. პირველი − მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია −  ცხოველი, ცხოველური პროდუქტი, ცხოველის საკვები;

ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება; 

გ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი);

დ) სასურსათო დანიშნულების ცხოველი − სურსათის წარმოების/სურსათად გამოყენების მიზნით გაზრდილი, მოშენებული, შენახული, მონადირებული, დაკლული ან შეგროვებული ცხოველი;

ე) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავისა და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;     

ვ) ცხოველის საკვები – ნებისმიერი ნივთიერება/სუბსტანცია ან პროდუქტი, მათ შორის, დანამატები, გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალური კვებისათვის;

ზ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

თ) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი გადამუშავებული პროდუქტი ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, რომელიც მიიღება სასურსათო დანიშნულების ცხოველისგან;

ი) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი − ცხოველის სხეული ან ცხოველის სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ოოციტი, ემბრიონი და სპერმა;

კ) ავტორიზებული ქვეყანა − ექსპორტიორი ქვეყანა ან ექსპორტიორი ქვეყნის ნაწილი, საიდანაც ნებადართულია საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროდუქციის თითოეული სახეობისთვის დამახასიათებელი შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 3. სანებართვო საქმიანობის სახეები

სანებართვო საქმიანობის სახეებია:

ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი (დანართი №1);

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი (დანართი №2);

გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (დანართი №3).

 

მუხლი 4. ნებართვის გამცემი ორგანოები

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის/იმპორტის ნებართვისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური).

 

მუხლი 5. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის მოთხოვნები    

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემამდე დაცული უნდა იყოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი/ტრანზიტი დასაშვებია, თუ:

ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია წარმოშობილია ავტორიზებულ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში, რომელიც შეტანილია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნების − ავტორიზებული ქვეყნების სიაში;

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია წარმოებულია იმ საწარმოში ან ცოცხალი ცხოველები გამოდიან იმ საწარმოდან/ფერმიდან, რომელიც ფუნქციონირებს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ და შეტანილია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი საწარმოების სიაში;

გ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციას თან ახლავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია შეესაბამება ან ეკვივალენტურია ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ხელმოწერილია სახელმწიფო ვეტერინარის ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ.

3. ქვეყანიდან ან მისი ნაწილიდან (არაავტორიზებული ქვეყანა ან მისი ნაწილი), რომელიც არ არის შეტანილი ავტორიზებული ქვეყნების სიაში, საქართველოს გავლით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის (გარდა ცოცხალი ცხოველებისა)  ტრანზიტი დასაშვებია ამ წესით განსაზღვრული ტრანზიტის ნებართვის საფუძველზე.

 

მუხლი 6. საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნებისა და საწარმოების სიების შემუშავების პრინციპები და კრიტერიუმები

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნებისა და საწარმოების, მათ შორის, ფერმების სიის შედგენისას სააგენტოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესითა და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის თითოეული სახეობისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები.

 

მუხლი 7. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნის/საწარმოს სიაში შეტანისა და ამოღების კრიტერიუმები 

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოში იმპორტის მოთხოვნით ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო მიმართავს სააგენტოს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის სახეობას, რომლის ექსპორტიც უნდა განხორციელდეს საქართველოში და რომელზეც უნდა გაიცეს იმპორტის ნებართვა;

ბ) საექსპორტო პროდუქციის რაოდენობას;

გ) ცხოველთა კატეგორიას (მაგ.: საკლავი, სანაშენე და ა.შ.);

დ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის დამუშავების პროცესის აღწერილობას (მაგ.: თერმულ დამუშავებას);

ე) საწარმოების/ფერმების ნუსხას, საიდანაც უნდა განხორციელდეს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოში იმპორტი და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სააგენტო ადასტურებს მოთხოვნის მიღებას და ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის მის მიერ შემუშავებულ კითხვარს.

3. ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო წარმოადგენს შევსებულ კითხვარს, თანდართული დოკუმენტაციით.

4. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ინსპექტირება შესაძლებელია,  ჩატარდეს სხვა ქვეყანაში სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ჯანმრთელობის წესებთან შესაბამისობის ან ეკვივალენტობის დადასტურების შესამოწმებლად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირება ხორციელდება საქართველოს სახელით და გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს მიერ.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირების განხორციელების გარეშე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ავტორიზებული ქვეყნებისა და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი საწარმოების სიებში შეტანა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია:

ა) წარმოშობილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ისრაელის სახელმწიფოში;

ბ) წარმოშობილია საწარმოებში, რომელთა ნუსხა, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკომისიის სამართლებრივი აქტით (ევროკომისიის ვებგვერდზე მითითებული ქვეყნებისა და პროდუქციის ჩამონათვალის გათვალისწინებით).

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირების ჩატარების პროცედურა ექსპორტიორ ქვეყანაში დგინდება სააგენტოს მიერ,  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ან/და ინსპექტირების დამაკმაყოფილებელი შედეგებისა და საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი გარანტიების გათვალისწინებით, შესაძლებელია, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის ან ტერიტორიის მხოლოდ ნაწილის ავტორიზებული ქვეყნების სიაში შეტანის შესახებ. აღნიშნული მიზნით, ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმაზე, თუ როგორ იყენებს და ნერგავს ექსპორტიორი ქვეყანა ექსპორტისათვის გამიზნული პროდუქციის სახეობისთვის დამახასიათებელ შესაბამის მოთხოვნებს, კერძოდ, საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში და მისი სანიტარიული მოთხოვნები სხვა ქვეყნიდან იმპორტისას.

9. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ავტორიზაცია ან ტრანზიტი, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შეჩერებულ ან გაუქმებულ იქნეს, თუ ავტორიზებულ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის ან/და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული მდგომარეობა ამართლებს ამ შეჩერებას ან გაუქმებას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან აღნიშნული პროდუქტის იმპორტი ჩერდება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ იმ სასაქონლო პოზიციის ყველა ქვესუბპოზიციით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტი, რომელშიც შედის ზემოაღნიშნული პროდუქტი. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად.

11. სააგენტო შეჩერების ან გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების  თაობაზე სამსახურს ატყობინებს 24 საათის განმავლობაში. ამასთან, სააგენტო გადაწყვეტილებას  შეჩერების ან გაუქმების შესახებ ატყობინებს შესაბამისი ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს.  

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება მწარმოებელი საწარმოდან იმპორტის შეჩერების შესახებ არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე:

ა) სამსახურის ან სააგენტოს მიერ გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;

ბ) ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულია საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი და პროდუქტს გადმოკვეთილი აქვს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო საზღვარი.

13. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული ქვეყნების ან მისი ნაწილებისა და საწარმოების შესწორებული, განახლებული სიების დროული საჯაროობა. აღნიშნული სიები შესაძლებელია, მოიცავდეს ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ნიმუშებს.

 

მუხლი 8. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. ნებართვის მისაღებად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია და პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას.

3. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ცოცხალი ცხოველების იმპორტის შემთხვევაში (გარდა არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი, საკლავი, საგამოფენო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ცხოველებისა) − კანონმდებლობით დადგენილი იმპორტირებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების საკარანტინო სადგომის შესაბამისობის აქტი.

4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას, ფრინველის მექანიკურად განცალკევებული ხორცის იმპორტის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთებისა, ასევე უნდა ერთოდეს ექსპორტიორი ქვეყნის აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სალმონელაზე (Salmonella) გამოკვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი თითოეულ პარტიაზე.

5. საქართველოს გავლით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი ავტორიზებული ქვეყნებიდან არ საჭიროებს ნებართვას და ხორციელდება მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) განსაზღვრული 01 ჯგუფის საქონლის (ცოცხალი ცხოველები) ტრანზიტი იმ ქვეყნიდან/ფერმიდან, რომელიც არ არის შეტანილი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნის/საწარმოს სიაში, ხორციელდება მაძიებლის მოთხოვნით ნებართვის გაცემის საფუძველზე ან/და უამისოდ, მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს  მიერ გაცემული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის, რომლითაც დასტურდება, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია შეესაბამება ან ეკვივალენტურია ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ, ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე წერილობითი დადასტურების საფუძველზე. 

 

მუხლი 9. ნებართვის გაცემის წესი

ნებართვის გამცემი ორგანოები ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

 

მუხლი 10. ნებართვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

ნებართვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება სამსახურისა და სააგენტოს ერთობლივი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 11. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი თვის ვადით.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს ექვსი თვის ვადით.“.

 

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 − მე-14 მუხლები:

 

მუხლი 12. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 13. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

1. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.  ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 14. სანებართვო რეესტრი

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან,  აწარმოონ უწყებრივი სანებართვო რეესტრი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.