დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021833 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2020 - 02/06/2021)
|
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში − კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს − კომისიის წევრი; სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს − კომისიის წევრი; სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს − კომისიის წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის მდივანი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დებულება“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა; ბ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშგება და შეფასება; გ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა. მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; ბ) კომისიის სხდომაზე (მათ შორის, ხმის უფლებით) მოიწვიოს სახელმწიფო უწყებისა და ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლები; გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები და საკონსულტაციო-თემატური ჯგუფები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 3. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 5. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 8. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 9. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. 10. კომისია, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები