ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 28/12/2006
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 30, 28/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
28/12/2006
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 30, 28/12/2006
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/12/2006 - 05/09/2008)

 

 

აფხაზეთის კანონი

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ


ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სტატუსს, არეგულირებს საავტომობილო გზების მფლობელთა და მოსარგებლეთა, ასევე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით დაცვის წესებსა და სარგებლობას, აგრეთვე, მოთხოვნებს მისი მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონმდებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

კანონმდებლობა აღნიშნული საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებისგან.

მუხლი 2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ცნება

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის და სხვა საშუალებების უსაფრთხო მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი ერთიანი ნაწილები, გაერთიანებულია:

ა) სავალი ნაწილი, ესტაკადები, მიწის ვაკისი, გვირაბები და ხიდები, საყრდენი კედლები, წყალგამტარი ნაგებობანი, სატრანსპორტო კვანძები, გზის გასწვრივ საცალფეხო ბილიკები, ასევე, განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;

ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, განათების მოწყობილობათა საშუალებები, ტექნიკური კავშირის და სხვა ნაგებობანი, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომელიც აუცილებელია გზების შესაბამისი მოვლა-შენახვისათვის;

გ) ზვავსაწინააღმდეგო, თოვლდამცავი მოწყობილობანი და წყალამრიდი ნაგებობანი, ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც სასურველია განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ და გასაჩერებელი მოედნები;

დ) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.

3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;

ბ) რაიონის ადმინისტრაციული ცენტრების ამავე დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები;

გ) რაიონის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები;

დ) ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების რაიონების ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს ზემოთ ხსენებული ობიექტები) დამაკავშირებელი, ადგილობრივი საკურორტო, დასვენებისა და ტურიზმის ობიექტების, სპორტული კომპლექსების, ასევე საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და შიდა მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან უახლოესი რკინიგზისა და ნავსადგურებთან მისასვლელი გზები.

4. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

5. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს აგრეთვე მიეკუთვნება გზები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, მაგრამ აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის შესაბამისი ნორმატიული აქტების თანახმად შეიძლება მიეკუთვნებოდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, მათ შორის სამთო-საიალაღო გზები.

6. ადგილობრივი საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობა. აღნიშნული გზების ნუსხის გადასინჯვა ხორციელდება სამ წელიწადში ერთხელ.

მუხლი 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი

1. საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს საწყისი და ბოლო პუნქტების სახელწოდება, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. ასევე, დასაშვებია გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობისა და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

2. აღნიშნული გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშების საწყის და ბოლო წერტილად მიიჩნევა:

ა) დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ადმინიტრაციული შენობები, დასახლებული ტერიტორიის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი შენობები.

ბ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის ამ ობიექტების საზღვრები.

 მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა გამგებლობას განეკუთნება:

ა) აღნიშნული გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა;

 გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია.

თავი II

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა

 მუხლი 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მართავს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში– დეპარტამენტი), რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, შეკეთების, მოვლა-შენახვის და რეკონსტრუქციის სამუშაოებს.

2. დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახორციელებს ერთიან პოლიტიკას ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარების საკითხებში, ხოლო რეაბილიტაციის, დაპროექტების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციის საკითხებში – დამოუკიდებლად.

3. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების მოწყობა, მშენებლობა, საექსპლუატაციოდ მიღება და მოვლა სტანდარტების შესაბამისად;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ნუსხის შედგენა და, ასევე, პროექტების მომზადება მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

დ) საგზაო დეპარტამენტის ბრალეულობით გზების მოსარგებლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით;

ე) საგზაო მომსახურების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით, მოძრაობის დროებით შეზღუდვა და აკრძალვა, ასევე, გარკვეულ შემთხვევებში ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზე ნებართვის გაცემა.

 მუხლი 6. დეპარტამენტის ქონება

დეპარტამენტის ქონებას შეადგენს კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსზე.

თავი III

ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო დარგის დაფინანსება

მუხლი 7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და მათი განვითარების დაფინანსება

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების დაფინანსება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე, ასევე, დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით და, აგრეთვე, კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან.

თავი IV

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობა

მუხლი 8. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობა

აღნიშნული გზები გამოიყენება „საავტომობილო გზების შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად.

 მუხლი 9. შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

საავტომობილო გზებზე სარგებლობისათვის აკრძალულია:

ა) ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებელს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11, 5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და საპატრულო პოლიციიდან რეკომენდაციის მიღების შემდგომ;

ბ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე, ხიდებისა და მილების ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;

გ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების ზოლს;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და დაყრა;

ე) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ ნივთიერებათა დაქცევის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;

ვ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;

ზ) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების ნებართვის გარეშე;

თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრის, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლიან მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე, გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მმართველობის კომპეტენტური ორგანოების, საგზაო სამსახურების და საგზაო პოლიციის ნებართვის გარეშე;

ი) გზის ვაკისზე ვაჭრობა;  

კ) აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 10. მოძრაობის დროებითი შეწყვეტა ან შეზღუდვა

1. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებენ საგზაო სამსახურები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით.

3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით. ამასთან, მითითებული უნდა იყოს ასაქცევი გზები და მათ დასაწყისში უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. თუ საგზაო ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის აკრძალვით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.

მუხლი 11. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კონტროლი

1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებენ დეპარტამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) და კანონმდებლობით უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები.

2. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას ალტერნატიული კომისია სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

მუხლი 12. გზებით მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლენი გადაადგილების დროს ვალდებულნი არიან დაიცვან „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის, აგრეთვე, საგზაო მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები.

2. ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელთა დაუდევრობის გამო დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.

3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომოილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომლის ბალანსზეც იმყოფება კომუნიკაციები, დეპარტამენტთან გაფორებული სათანადო ხელშეკრულების საფუველზე.

4. თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.

მუხლი 13. დეპარტამენტის პასუხისმგებლობა

1. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დეპარტამენტს, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევისა.

2. დეპარტამენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ადგილობრივი მნიშვნელობის გზით მოსარგებლეს ცუდი საგზაო პირობების შედეგად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზარალი, თუ ამ შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ დეპარტამენტმა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობანი.

3. მომხმარებელსა და დეპარტამენტს შორის წარმოშობილ ყველა სახის დავას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილავს სასამართლო.

 მუხლი 14. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:

ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება;

ბ) ტექნოლოგიური ტვირთების ორგანიზაცია;

გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა;

დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება;

ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა;

ვ) კაშხლების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ;

ზ) მდინარეზე ხიდების ქვეშ ხე-ტყის დაცურება;

თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობათა მოწყობა.

2. ყველა იმ სამუშაოთა წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს დეპარტამენტს და კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

3. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებებისა და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.

 მუხლი 15. სამედიცინო დახმარება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს დახმარებას უწევენ ამ გზებთან ყველაზე ახლოს განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები.

მუხლი 16. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა

1. დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საავტომობილო გზებზე დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გატანას გზის სავალი ნაწილისაგან უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.

 მუხლი 17. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოთა წარმოება

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მოვლა-შენახვა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები წარმოებს არსებული სამშენებლო ნორმების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 მუხლი 18. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები სამართლებრივი აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ წარუდგინოს, ხოლო აფხაზეთის მთავრობამ დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სხვა ნორმატიული აქტების მიღება.

მუხლი 19. კანონის ძალაში შესვლა

კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                      კონსტანტინე კუჭუხიძე

ქ. თბილისი

2006 წლის 28 დეკემბერი.