ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016529
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
06/09/2019
ვებგვერდი, 12/09/2019
010250050.35.105.016529
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2019 - 06/12/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №40

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20  მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულება“.
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 12  სექტემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას,  ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავებასა და შესრულების პროცესის მონიტორინგს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება;

ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება;

გ) არქიტექტურის განყოფილება

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანდო ინფორმაციების შეგროვების, შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;

დ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარებას;

ე) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;

ზ) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლისთვის კონსულტაციების განხორციელებას;

ი) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას, კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;

კ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;

ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფრმაციების შედგენას;

მ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;

ნ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;

ო) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;

პ) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას;

ჟ) განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას;

რ) მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას;

ს) საპროექტო - სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება-ჩაბარებაზე თანხმობის გაცემას განსაზღვრულ ვადაში;

ტ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

უ) განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას;

ფ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრას ცალკეულ ობიექტებზე სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით;

ქ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანდო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;

დ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების  პრიორიტეტების  დადგენის  მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და კვლევების ჩატარებას;

ე) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;

ზ) წლის შედეგების მიხედვით ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო წლისთვის რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, მართვას, მისი უარყოფით შედეგების შერბილების მიზნით წინადადებების შემუშავებას;

თ) მუნიციპალიტეტის           ინფრასტრუქტურის   განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;

ი) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას, კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;

კ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფორმაციების შედგენას;

მ)  მოქმედი    კანონმდებლობით     და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;

ბ) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას;

გ) განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას;

დ) მცირე მოცულობისა და ნაკლები სირთულის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას;

ე) საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო დოკუმენტაციასთან  და პროექტის მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმებას განსაზღვრულ ვადაში.

ვ) შესასრულებელი    სამუშაოების   სახარჯთაღრიცხვო    დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ზ)  განსახორციელებელი   სამუშაოებისა  და  მომსახურებაზე  სატენდერო  დოკუმენტაციის მომზადებას, შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას;

თ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრას ცალკეულ ობიექტებზე სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით;

ი) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;

კ) მოქმედი     კანონმდებლობით     და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. არქიტექტურის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელებას;

ბ) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებას;

დ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;

ე) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას;

ვ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;

ზ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;

თ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას;

ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და რეკომენდაციების მომზადებას;

კ) ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დავალების გაცემის და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას;

ლ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამუშავებისთვის და დამტკიცებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადებას;

მ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;

ნ) მშენებლობის, დემონტაჟის და რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დადგენას;

ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას;

პ) მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენასთან, კორექტირებასთან არქიტექტურის განყოფილების წინადადებების მომზადებას;

ჟ) ცალკეული ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების თაობაზე წინადადებების და დასკვნების მომზადებას;

რ) სათათბირო საბჭოზე (კომისიაზე) განსახილველი საკითხების შედგენას, ინფორმირებასა და ზეპირი მოსმენების (სხდომების) ორგანიზებას;

ს) I (პირველი) კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/დემონტაჟის ქალაქმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

ტ) განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

უ) მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო საინვესტიციო წინადადებების მომზადებას;

ფ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას;

ქ) უნებართვოდ   ან/და   პროექტის    დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, სათათბირო საბჭოზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

ღ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვას, დამუშავებას, არქივისათვის და შესაბამისი ადრესატისათვის გადაცემას;

ყ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას;

შ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ჩ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

 დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.