დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 405 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.021425 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (26/08/2019 - 30/08/2019)
|
„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროგრამა – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“. |
მუხლი 2 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის
|
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა – სახელმწიფო პროგრამა − „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“; ბ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში; დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება სასტუმროს მშენებლობის /გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით; ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 და არაუმეტეს 20 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან; თ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში; ი) სესხი – კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით; კ) ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური; ლ) განაცხადი – კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მის პორტფელში პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხების თაობაზე; მ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება. მუხლი 2. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა ადგილობრივი სასტუმროებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისათვის დახმარება, რომელთაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბაკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. მუხლი 3. თანადაფინანსების მექანიზმი 1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (რომელიც დათვლილია 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში) სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. 2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 3. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 4. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ბენეფიციარი. 5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის მიმდინარე სესხზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხის 70% ან მეტი. 6. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2019 წლის 30 ივნისამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად. 7. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 (სამასი ათასი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში:
ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში; გ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/ გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია. მუხლი 5. თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში მიმართავს კომერციულ ბანკს და წარუდგენს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე 12 კალენდარული თვის პერიოდში სასტუმროს ოპერირებიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავლის შესახებ სრულ ინფორმაციას; ბ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 კალენდარული თვის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაციას; გ) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ ინფორმაციას; დ) სააგენტოსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. 2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-4 მუხლის მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს. 3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან: - არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში; - არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში. 4. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია აგვისტოდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების ექვსთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. მუხლი 6. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა და განხორციელების სქემა 1. კომერციული ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი. 2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა; გ) სესხების გაცემის თარიღები; დ) სესხების მიზნობრიობა; ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი; ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა; ზ) სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა (რომელიც იანგარიშება 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში); თ) ბენეფიციარების მიერ სესხების ძირი თანხის გადახდილი ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი სესხების ძირი თანხის სრულ ოდენობასთან მიმართებით; ი) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე, თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა. 3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე. 4. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციარებისათვის სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად. 5. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ყველა ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს. მუხლი 7. პროგრამის მონიტორინგი 1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 8. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა 1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით. 2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 10. დამატებითი პირობები 1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები