საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 07/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1554
31/07/2009
სსმ, 98, 07/08/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2009 - 18/06/2010)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წელი, №2, მუხ. 101).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1554–რს

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება

    მუხლი 1

საქართველოს იმ მოქალაქეების დასაჯილდოებლად, რომლებმაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

დ) თამარ მეფის ორდენი;

ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;

ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;

ზ) ოქროს საწმისის ორდენი;

თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ი) ღირსების ორდენი;

კ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

ლ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

მ) ღირსების მედალი.

 მუხლი 2

1. საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

5. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.

7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.

8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძო-ლო ოპერაციები.

ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:

III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.

II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.

I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

9. ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში – შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

10. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.

11. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.

12. ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

    მუხლი 3

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ დებულებით გათვალისწინებული ორდენებითა და მედლებით ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.