საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1742-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010330000.05.001.018701
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1742-Iს
14/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010330000.05.001.018701
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები დაწესებულია იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გმირობა და მამაცობა გამოიჩინეს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.  

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების დაწესებისა და მინიჭების საფუძვლებისა და წესის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების სახეობების და შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა. 

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობები

 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობებია:

 ა) ორდენები:

 ა.ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი;

 ა.ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

 ა.გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

 ა.დ) თამარ მეფის ორდენი;

ა.ე) ბრწყინვალების ორდენი;

 ა.ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;

 ა.ზ) ოქროს საწმისის ორდენი;

 ა.თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I ხარისხის, II ხარისხის, III ხარისხის;

 ა.ი) ღირსების ორდენი;

 ბ) მედლები:

 ბ.ა) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;

 ბ.ბ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

 ბ.გ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

 ბ.დ) ღირსების მედალი;

გ) (ამოღებულია - 14.11.2018, №3721). 

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 21. საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობები

საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობებია:

ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია;

ბ) საქართველოს ეროვნული პრემია;

გ) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია.

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშების დამტკიცების წესი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების − ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4334  – ვებგვერდი, 07.03.201 9წ.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობები

 1. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

 2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდება სამოქალაქო, სასულიერო ანდა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე საქართველოსთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და მის აღორძინებაში, საზოგადოების კონსოლიდაციასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.

 4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდება ქალი საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

5. ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის.   

 6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდება პირი ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.

 7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის, მამაცობისათვის, თავდადებისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო ოპერაციების მომზადებისა და განხორციელებისათვის. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა:

 ა) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის;

 ბ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის;

 გ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

 9. ღირსების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

 10. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდება პირი სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის − თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისას.

 11. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს დაცვისას გამოჩენილი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის.

 12. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ანდა სამოქალაქო პირი საქართველოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

 13. ღირსების მედლით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის.

 14. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

 15. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

 16. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი პროზაული, პოეტური ან პუბლიცისტური ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობებისა და წესის შესაბამისად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ჯილდოვდება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქე და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. პირს ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე.

4. დაჯილდოებულ პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

5. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს იმავე ან სხვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს სიკვდილის შემდეგაც.

6. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

7. ორდენის აღწერილობასა და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

8. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1-ისა.

9. საქართველოს სახელმწიფო  პრემია გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების მიხედვით. კონკურსის პირობები და მის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

10. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისი პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას.

11. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მეცნიერების, ხელოვნების ან/და ლიტერატურის დარგში საქმიანობენ.  

12. დასაშვებია ერთსა და იმავე დარგში ორი ან ორზე მეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის გაცემა. ავტორთა ჯგუფისთვის/თანაავტორებისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭებისას შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი მათ შორის თანაბრად ნაწილდება.

13. საქართველოს სახელმწიფო პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს, შემოქმედს ან/და სხვა ავტორს, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე გამოქვეყნდა და აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე დადგენილ პირობებს.

14. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ. 

მუხლი 41. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატების გაცემის წესი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულ პირს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება.  

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები

1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთან (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“, „ბ.გ“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) და საქართველოს სახელმწიფო პრემიასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენისთვის – 15 000 ლარი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის – 6 000 ლარი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენისთვის – 4 000 ლარი;

დ) თამარ მეფის ორდენისთვის – 1 000 ლარი;

ე) ბრწყინვალების ორდენისთვის – 1 000 ლარი;

ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენისთვის – 2 000 ლარი;

ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისთვის – 1 000 ლარი;

თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისთვის – 600 ლარი;

ი) ღირსების ორდენისთვის – 600 ლარი;

კ) მედლისთვის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;

ლ) მედლისთვის „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი;

მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისთვის − 10 000 ლარი;

ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისთვის − 10 000 ლარი;

ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისთვის − 5 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი − საქართველოს მოქალაქეს, უცხოელს, მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. პირს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, გადაეცემა შესაბამისი პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატისთვის გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან. 

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ. 

მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით.

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

მუხლი 6. სოციალური შეღავათები

საქართველოს მთავრობა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან იმ პირებისთვის, რომლებიც დაჯილდოვდნენ ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ა“−„ა.დ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, და იმ პირთათვის, რომლებსაც მიენიჭათ ამ კანონის 21 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიები, დაამტკიცონ სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები.  

საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

 მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი.

 2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე.

3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია იქმნება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით და უქმდება აღნიშნული წინადადებების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე.

საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1167 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

 ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100);

 ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულება „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“;

 გ) საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554-რს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“;

 დ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №362 დადგენილება „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 3. ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლები და ამ მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 დეკემბერი 2017 წ.

N1742-Iს