შრომის უსაფრთხოების შესახებ

შრომის უსაფრთხოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4283-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.017910
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4283-IIს
19/02/2019
ვებგვერდი, 04/03/2019
270000000.04.001.017910
შრომის უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/09/2020 - 31/05/2023)

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

შრომის უსაფრთხოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების საგანი

1. ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

2. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

3. ეს კანონი აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სპეციალური კანონი განსაზღვრავს ამ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. ამ კანონის აღსრულების მიზნებისათვის საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტულ დარგებს ზედამხედველი ორგანოს მიერ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის რისკების შეფასების საფუძველზე. რისკის შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით;

ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;

ბ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;

გ) სხვა პირი − პირი, რომელიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სამუშაოს ან ახორციელებს საქმიანობას, აგრეთვე მიმწოდებელი, ვიზიტორი, საწარმოო/სამუშაო პრაქტიკის განმახორციელებელი პირი და სხვა;

დ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;

ე) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას;

ვ) შრომის უსაფრთხოება − დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;

ზ) პრევენცია − იმ ღონისძიებებისა და პროცედურების სისტემა, რომლებსაც ახორციელებს დამსაქმებელი ან რომელთა განხორციელებაც დაგეგმილი აქვს დამსაქმებელს საქმიანობის ყველა მიმართულებით პროფესიული რისკების, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების ან შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ან ზიანის შესამცირებლად;

თ) შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი − პირი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი საწარმოს დასაქმებულების ინტერესებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში;

ი) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი − დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;

კ) საფრთხე − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას;

ლ) რისკი − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;

მ) მძიმე სამუშაო − სამუშაო პროცესი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს მის საქმიანობას, და რომელიც ხასიათდება ფიზიკური დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით;

ნ) მავნე სამუშაო − საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და დაარღვიოს შთამომავლობის ჯანმრთელობა;

ო) საშიშპირობებიანი სამუშაო − საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი;

პ) მომეტებული საფრთხე − საფრთხე, რომელიც ნაკლები რისკის შემცველი სხვა საშუალებებით ვერ ჩანაცვლდება;

ჟ) არაარსებითი შეუსაბამობა − შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის;

რ) არსებითი შეუსაბამობა − შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია, და რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის;

ს) კრიტიკული შეუსაბამობა − შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;

ტ) მავნე საწარმოო ფაქტორები − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორები, რომელთა ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება;

უ) პროფესიული რისკი − პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის უშუალო და პირდაპირი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;

ფ) რისკის შეფასება − ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;

ქ) საფრთხის შემცველი ფაქტორები − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის ან სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გამოიწვიოს პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება:

ქ.ა) ფიზიკური ფაქტორი − საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორი ან ფაქტორთა ერთობლიობა, რომელმაც შეიძლება ფიზიკური შეხებით ან მის გარეშე ფიზიკური ზიანი მიაყენოს დასაქმებულს და რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი, რაოდენობრივი მახასიათებლებისა და მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად;

ქ.ბ) ქიმიური ფაქტორი − სამუშაო სივრცეში არსებული ქიმიური ნივთიერებები და სუბსტანციები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა;

ქ.გ) ბიოლოგიური ფაქტორი − საწარმოო გარემოში არსებული პათოგენური და არაპათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა;

ღ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა − სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

ყ) საშიში შემთხვევა − იდენტიფიცირებადი მდგომარეობა (ტექნიკური ინციდენტი, სიმაღლიდან ვარდნა, აფეთქება, ხანძარი, მავნე ნივთიერების გაჟონვა და სხვა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური ზიანი ან/და სხვა არასასურველი შედეგები;

შ) პროფესიული დაავადება − დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით, იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან/და პროფესიული შრომისუნარიანობის შეზღუდვას მოკლე პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

ჩ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები − ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურად, დასაქმებულზე საფრთხის შემცველი ფაქტორების გავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად;

ც) კოლექტიური დაცვის საშუალებები − ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესთან და განკუთვნილია საფრთხის შემცველი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;

ძ) ზედამხედველი ორგანო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7179 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

თავი II

დამსაქმებლის ზოგადი ვალდებულებები

მუხლი 4. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამის საქმიანობათა რეგისტრაცია

1. ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და ამ საქმიანობის დაწყების, განხორციელების ან შეწყვეტის ან/და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობათა რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 5. დამსაქმებლის ვალდებულებები 

1. საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია:

ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები;

ბ) იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;

გ) უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;

დ) აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების შემთხვევები და საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს;

ე) უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;

ვ) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით:

ვ.ა) შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და მოახდინოს მისი დოკუმენტირება;

ვ.ბ) უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს ისინი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს შემდეგი ფაქტორები:

ზ.ა) ფიზიკური ფაქტორები (მათ შორის, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება, არამაიონებელი გამოსხივება, მაიონებელი გამოსხივება, საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, ვიბრაცია, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები (მტვერი), განათება, აეროიონები, ელექტროძაბვა);

ზ.ბ) ქიმიური ფაქტორები (მათ შორის, ქიმიური სინთეზით მიღებული, ბიოლოგიური ბუნების მქონე ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები) ან/და ნივთიერებები, რომელთა კონტროლისათვის ქიმიური ანალიზის და დეტექციის მეთოდები გამოიყენება);

ზ.გ) ბიოლოგიური ფაქტორები (მათ შორის, ვირუსები, ცოცხალი უჯრედები და სპორები, პათოგენური მიკროორგანიზმები, პრეპარატებში შემავალი მიკროორგანიზმები − პროდუცენტები).

2. საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;

ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;

გ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ;

დ) არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

3. დამსაქმებელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა უზრუნველყოს:

ა) დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;

ბ) დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;

გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვამდე, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;

დ) განმეორებით, თავის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი ტარდება სამუშაო საათებში. ტრენინგებისათვის გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაითვლება და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ, სამუშაო საათების პროპორციულად. სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი დასაქმებულებს უფასოდ უტარდებათ.

5. საწარმოს სიდიდისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს, დასაქმებულთა წარმომადგენელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან/და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება:

ა) პროფესიულ რისკებსა და მავნე საწარმოო ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან, და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო გავლენას, აგრეთვე მათგან თავის დაცვის მექანიზმებს;

ბ) რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ დასაქმებულები, და რისკების შედეგების შეფასებას, მათ შორის, დამსაქმებლის მიერ მიღებულ შრომის უსაფრთხოებისა და პრევენციულ ზომებს;

გ) საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებს და მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისაღებ ზომებს, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში;

დ) აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასთან, იქ ყოფნასთან და ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ე) გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს.

6. დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ სამუშაოზე, რომელმაც, მისი შესრულების ხასიათის ან გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნული სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი) სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.

7. დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს ორსული და მეძუძური ქალები ისეთ სამუშაოზე, რომელიც დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისათვის საზიანოა ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველია. აღნიშნული სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.

8. თუ რამდენიმე საწარმოს დასაქმებულები ერთად მუშაობენ, აღნიშნულ პროცესში მონაწილე ყოველი დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სხვა დამსაქმებელთან შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოს დამსაქმებელთა საქმიანობის კოორდინაცია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით;

გ) სხვა დამსაქმებელთან გაცვალოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ;

დ) დასაქმებულებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ.

9. დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. ამ პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე. ამ კანონის მიზნებისათვის უბედური შემთხვევის დაზღვევის წესები და პროცედურები დგინდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. დამსაქმებელი ვალდებულია გასწიოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან და სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

11. თუ დამსაქმებელი ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ნიშნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან შესაბამისი მომსახურების გასაწევად იწვევს სხვა უფლებამოსილ პირს (გარე მომსახურება), ეს არ ათავისუფლებს დამსაქმებელს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

12. შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დასაქმებულის ვალდებულებები გავლენას არ ახდენს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის პრინციპზე.

13. დამსაქმებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო ან რომლებიც არ ექვემდებარებოდა დამსაქმებლის კონტროლს, ან ისეთი მოსალოდნელი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილება, დამსაქმებლის შესაბამისი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

მუხლი 6. პრევენცია 

1. დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის მიხედვით უნდა შეაფასოს ეს რისკი, უნდა განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები შემდეგი საერთო პრინციპების საფუძველზე:

ა) იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე;

ბ) შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;

გ) იზრუნოს საფრთხის შემცირებაზე, მათ შორის, მისი წყაროს აღმოფხვრაზე; 

დ) თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ჩაანაცვლოს საფრთხის შემცველი ფაქტორები უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორებით;

ე) შეიმუშაოს თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის თავისებურებებს;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შემცირების ან აღმოფხვრის ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველა სახის საქმიანობის დროს და საწარმოს მმართველობის ყველა დონეზე, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებს, განმახორციელებლებს და განხორციელებისათვის საჭირო სახსრებს;

ზ) კოლექტიური დაცვის საშუალებებს მიანიჭოს უპირატესობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან შედარებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

თ) დასაქმებულებს ჩაუტაროს შესაბამისი სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი;

ი) უზრუნველყოს სამუშაოს ადაპტირება დასაქმებულთან, განსაკუთრებით − სამუშაო სივრცის მოწყობის, სამუშაო აღჭურვილობის, სამუშაო და საწარმოო მეთოდების შერჩევის თვალსაზრისით, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობაზე სამუშაოს გავლენის შემცირების მიზნით.

2. დამსაქმებელი ვალდებულია რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი შეინახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

3. საწარმოს სპეციფიკიდან და რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტიდან გამომდინარე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) ფუნქციების განაწილების საფუძველზე წერილობით განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;

ბ) უზრუნველყოს რისკის შემცველ სამუშაო ადგილებზე მხოლოდ იმ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის დაშვება, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სპეციალური სწავლება ან ინსტრუქტაჟი;

გ) გამოავლინოს და აღრიცხოს საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები; 

დ) უზრუნველყოს დაცვისა და კონტროლის სისტემების, საშიში ნივთიერებების შემგროვებელი და გამანეიტრალებელი აღჭურვილობების უწყვეტი და გამართული ფუნქციონირება;

ე) მოთხოვნის შემთხვევაში ზედამხედველ ორგანოს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი და შეასრულოს ამ ორგანოს მითითებები;

ვ) საწარმო აღჭურვოს შესაბამისი კოლექტიური დაცვის საშუალებებით;

ზ) დასაქმებული და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი უფასოდ აღჭურვოს აუცილებელი ეფექტიანი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იქ, სადაც ეს აუცილებელია მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა;

თ) უზრუნველყოს დასაქმებულისათვის წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ი) არ დაუშვას სამუშაოზე დასაქმებული ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება, და ამ მიზნით შიდა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვროს დასაქმებულების ან/და სხვა პირების ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს.

მუხლი 7. შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა

1. შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულების ორგანიზებისათვის, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. დასაქმებულებთან შეთანხმებით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და დასაქმებულთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი.

2. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

3. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი/სამსახური აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებითა და ინსტრუმენტებით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის/სამსახურის მიერ თავისი მოვალეობების შესასრულებლად შესაფერისი დრო იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ, რამდენადაც შესაძლებელია, არ შეფერხდეს საწარმოო პროცესი. აღნიშნული დრო ჩაითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, არ უნდა აღმოჩნდეს სხვა დასაქმებულებთან შედარებით უარეს მდგომარეობაში შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

4. თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.

5. შრომის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომლებიც დასტურდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ აკრედიტებულ ორგანიზაციაში პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით).

6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა. ამ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. საქმიანობის სპეციფიკიდან და დასაქმებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, საწარმოს შეიძლება ჰყავდეს საწარმოო ექიმი. საწარმოო ექიმს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ერთ-ერთ შემდეგ სპეციალობაში: „შინაგანი მედიცინა“, „საოჯახო მედიცინა“, „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“, „პროფესიული პათოლოგია“. 

მუხლი 8. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია, მომეტებული საფრთხე

1. დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) საწარმოს სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები;

ბ) განახორციელოს აუცილებელი და მყისიერი კომუნიკაცია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან.

2. დამსაქმებელი ვალდებულია პირადად ან/და დანიშნული/მოწვეული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან სპეციალური სამსახურის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა დასაქმებულსა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომლებსაც ემუქრებათ ან შეიძლება დაემუქროთ მომეტებული საფრთხე, პრევენციული და საევაკუაციო ზომებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.

3. მომეტებული საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა და გასცეს სამუშაოს შეწყვეტის ბრძანება, რათა დასაქმებულებმა და სამუშაო სივრცეში მყოფმა სხვა პირებმა შეძლონ სამუშაო ადგილებიდან უსაფრთხო ზონაში გასვლა.

4. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს ან სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს სამუშაოს გაგრძელება მანამ, სანამ არსებობს მომეტებული საფრთხე.

5. დასაქმებული არ უნდა აღმოჩნდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში მომეტებული საფრთხის არსებობის დროს სამუშაო ადგილის ან/და საფრთხის შემცველი ტერიტორიის მიტოვებისას საკუთარი ქმედების გამო და დაცული უნდა იყოს ზიანის მომტანი შედეგებისაგან.

6. დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, რომ მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში თითოეულ დასაქმებულს/სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომელსაც არ შეუძლია მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის, დატოვოს სამუშაო ადგილი, საკუთარი ან სხვა პირების უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული საფრთხის შედეგები.

7. დამსაქმებელმა არ უნდა ჩააყენოს დასაქმებული არახელსაყრელ მდგომარეობაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებულმა დაუდევარი ან/და გაუფრთხილებელი ქმედებები განახორციელა.

მუხლი 9. კონსულტაციები და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა მონაწილეობა

1. დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც გულისხმობს:

ა) დასაქმებულებთან კონსულტაციებს;

ბ) დასაქმებულის ან დასაქმებულთა წარმომადგენლის უფლებას, მოახდინოს შრომის უსაფრთხოების შესახებ წინადადების ინიციირება;

გ) დაბალანსებულ მონაწილეობას.

2. შრომის უსაფრთხოების ახალი ღონისძიებათა სისტემის ინიციირებისას დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან გაიაროს კონსულტაცია.

3. სამუშაო პროცესის, სამუშაოს შინაარსის ან ორგანიზების ისეთი ცვლილების დაგეგმვისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დასაქმებულის შრომის უსაფრთხოებაზე, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან გაიაროს კონსულტაცია. 

4. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების, ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განხორციელების მიზნით დასაქმებულებს შეუძლიათ დასაქმებულთაგან აირჩიონ შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი. პირი დასაქმებულთა წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.

5. იმ საწარმოში/დაწესებულებაში, სადაც 20 ან მეტი დასაქმებულია, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი აირჩევა დასაქმებულთა მიერ განსაზღვრული ვადით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. დამსაქმებელი ვალდებულია დაეხმაროს დასაქმებულებს აღნიშნული არჩევნების ორგანიზებაში.

6. დასაქმებულთა წარმომადგენელი უფლებამოსილია:

ა) წარმოადგინოს დასაქმებულების ინტერესები დამსაქმებელთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან და ზედამხედველ ორგანოსთან შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) შეამოწმოს სამუშაო სივრცე და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს საწარმოო პროცესს, და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს;

გ) დამსაქმებელს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებაზე (დამსაქმებელი, თავის მხრივ, ვალდებულია წარუდგინოს მას ეს ინფორმაცია), და განიხილოს ისინი დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან;

დ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და წარუდგინოს მას წინადადებები სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ამაღლებასთან და მომეტებული საფრთხის შემცირებასთან/აღმოფხვრასთან დაკავშირებით;

ე) მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, აგრეთვე მოკვლევებში, რომლებითაც დგინდება მუშაობის პროცესში მომხდარი საწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებების და სხვა შემთხვევების მიზეზები;

ვ) ზედამხედველ ორგანოს წარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები ამ ორგანოს მიერ დამსაქმებლის საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას;

ზ) მიმართოს შესაბამის უწყებებს, თუ დამსაქმებლის მიერ მიღებული ზომები და გამოყოფილი საშუალებები სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.

7. დამსაქმებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს დასაქმებულთა წარმომადგენლების სია, რომელშიც მითითებულია შესაბამისი სამუშაო ადგილები.

8. დაუშვებელია დასაქმებულთა წარმომადგენლის სამუშაოდან გათავისუფლება ან/და არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება თავისი უფლებამოსილების განხორციელების გამო.

9. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს მისცეს ანაზღაურებადი, სამუშაოსგან თავისუფალი დრო კვირაში არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 საათისა და უზრუნველყოს იგი შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მან შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

10. საწარმოს სიდიდის, სამუშაო პირობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით დასაქმებულთა წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დრო განისაზღვრება კოლექტიური ხელშეკრულებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით.

თავი III

დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებები

მუხლი 10. დასაქმებულის უფლებები

1. დასაქმებულს უფლება აქვს:

ა) დამსაქმებელთან განიხილოს შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების ყველა საკითხი და მოითხოვოს ასეთ განხილვაზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ დარგის ექსპერტის მოწვევა;

ბ) დამსაქმებლისაგან მიიღოს ინფორმაცია საფრთხის შემცველი ფაქტორების, რისკის შეფასების შედეგების, შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად დამსაქმებლის მიერ მიღებული ზომების, სამედიცინო გამოკვლევების შედეგების და ზედამხედველი ორგანოს რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ;

გ) უარი თქვას იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას; საფრთხის არსებობისას დატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა;

დ) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დამსაქმებელს მოსთხოვოს სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაო ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება, ან დღის ცვლაში გადაყვანა, თუ ღამის ცვლა საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის, ხოლო დამსაქმებელს აქვს შესაბამისი ვაკანსია და დასაქმებული აკმაყოფილებს ამ ვაკანსიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანისათვის;

ვ) მიმართოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, ზედამხედველ ორგანოს, დასაქმებულთა წარმომადგენელს, თუ სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ არის.

2. დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება ან სხვა დასაქმებულებთან შედარებით მისი მდგომარეობის გაუარესება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების გამო.

მუხლი 11. დასაქმებულის ვალდებულებები

დასაქმებული ვალდებულია:

ა) იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსტრუქციებით, სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით და დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;

ბ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და დასაქმებულთა წარმომადგენელთან შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისათვის;

გ) ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;

დ) შეასრულოს სამუშაო, მართოს და გამოიყენოს სამუშაო ტექნიკა, გამოიყენოს მასალები, საშიში ნივთიერებები და სხვა საშუალებები დამსაქმებლის ინსტრუქციებისა და მუშაობისას მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ე) მართოს სპეციალური წესების მიხედვით განსაზღვრული, მომეტებულ საფრთხესთან დაკავშირებული სამუშაო ტექნიკა და შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი მოწმობა, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სამუშაოს შესრულება დამსაქმებელმა დაავალა;

ვ) თვითნებურად არ გამორთოს, არ შეცვალოს ან არ მოხსნას სამუშაო ტექნიკის, აპარატის, ინსტრუმენტის, დანადგარის ან აღჭურვილობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დამცავი მოწყობილობები და აღნიშნული მოწყობილობები დანიშნულებისამებრ გამოიყენოს;

ზ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენოს ინსტრუქციების შესაბამისად და დააბრუნოს მათთვის განკუთვნილ ადგილზე;

თ) დაუყოვნებლივ წარუდგინოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს ინფორმაცია ნებისმიერი ხარვეზის შესახებ, რომელმაც შეიძლება სამუშაო სივრცეში საშიშროება შეუქმნას შრომის უსაფრთხოებას ან გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან საშიში შემთხვევა, აგრეთვე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ამ ხარვეზის აღმოფხვრაში;

ი) დაესწროს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს;

კ) გაიაროს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომლის შესრულებისთვისაც აღნიშნული გამოკვლევების გავლა აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს განკარგულებები, მითითებები და რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

მ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმაროს ასეთი მდგომარეობის გამომწვევი ნივთიერებები;

ნ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს;

ო) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭირო იქნება სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვისათვის ნებისმიერი დავალების ან ზედამხედველი ორგანოს მოთხოვნების შესასრულებლად;

პ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან მანამ, სანამ დამსაქმებელი არ დარწმუნდება, რომ სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები საშიშროებას არ უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

ჟ) თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მომზადებისა და დამსაქმებლის მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟის შესაბამისად იზრუნოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, აგრეთვე იმ პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, რომლებსაც საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით ზიანი მიადგათ.

თავი IV

სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უფლებები და ვალდებულებები

მუხლი 12. სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უფლებები

სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს უფლება აქვს:

ა) დამსაქმებელს მოსთხოვოს ინფორმაცია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

ბ) უარი თქვას იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას; საფრთხის არსებობისას დატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისათვის;

დ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

მუხლი 13. სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ვალდებულებები

სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი ვალდებულია:

ა) იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციებით, სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით და დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;

ბ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს განკარგულებები საწარმოო გარემოსა და არასაწარმოო გარემოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გ) ამ კანონის მე-12 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს;

დ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმაროს ასეთი მდგომარეობის გამომწვევი ნივთიერებები;

ე) გონივრული ეჭვის არსებობისას დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში გაიაროს შემოწმება იმის დასადგენად, იმყოფება თუ არა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში;

ვ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს.

თავი V

სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებები

მუხლი 14. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა

სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:

ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;

ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;

გ) მძიმე უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;

დ) ფატალური უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;

ე) მასობრივი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის, 1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.

 

მუხლი 15. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება

1. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვა პირს შეემთხვა და რომელსაც დასაქმებული შეესწრო, ან რომელიც დასაქმებულს შეემთხვა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. დამსაქმებელს აგრეთვე უნდა ეცნობოს ნებისმიერი უბედური შემთხვევის, საშიში შემთხვევისა და მავნე საწარმოო ფაქტორების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ მიიღოს პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილებისათვის აუცილებელი ზომები;

ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დაიცვას სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილი და უცვლელად შეინარჩუნოს იგი კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად. თუ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილზე სიტუაცია იცვლება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს სამუშაო ადგილზე არსებული სიტუაციის შესაბამისი აღწერილობა სათანადო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების მოკვლევის ხელშეწყობისათვის;

გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ:

გ.ა) შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას (არსებობის შემთხვევაში) და დასაქმებულთა წარმომადგენელს;

გ.ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დროს და მაშინ, როდესაც უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტები დანაშაულის ნიშნებზე მიანიშნებს;

გ.გ) ზედამხედველ ორგანოს − ამ კანონის მე-14 მუხლის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს;

დ) აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებების შემთხვევები, რაც გულისხმობს კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და დაშავებული დასაქმებულის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ერთობლივი მონაწილეობით შესაბამისი უბედური შემთხვევის და პროფესიული დაავადების მიზეზის დადგენას.

3. თუ უბედური შემთხვევა დასაქმებულს სხვა დამსაქმებლის სამუშაო სივრცეში შეემთხვა, ეს დამსაქმებელი ვალდებულია დაზარალებული დასაქმებულის დამსაქმებელს დაუყოვნებლივ აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ.

4. დამსაქმებელი ვალდებულია შეინახოს საშუალო სიმძიმის, მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევების შესახებ მტკიცებულებები, რომლებიც უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც საჭირო იქნება შესაბამისი უბედური შემთხვევის აღწერისათვის, თუ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შედეგები მოგვიანებით გამოვლინდება, და მიიღოს სათანადო ზომები ასეთი უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

5. მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის დეტალური პროცედურები, აგრეთვე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესი და ფორმა, მოკვლევის პროცედურები, ანგარიშგების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი VI

შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია და სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყებები

მუხლი 16. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია და კომპეტენტური უწყებები

1. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებთან და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მის პერიოდულ განახლებას და მის შესრულებას;

ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით მისაღები შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას:

ბ.ა) სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;

ბ.ბ) მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას და დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;

ბ.გ) სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები;

ბ.დ) სამუშაო ადგილზე აზბესტის, კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა;

ბ.ე) სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაციით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით, ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;

ბ.ვ) მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები;

ბ.ზ) სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; 

ბ.თ) ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები;

ბ.ი) ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;

გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კვლევების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას/ხელშეწყობას;

დ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება;

ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს;

ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას.

3. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ;

ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ) პერიოდულად აანალიზებს ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონის ეფექტიან აღსრულებას, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის ოდენობის ადეკვატურობას, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული სახდელის პროპორციულობა, თანამიმდევრულობა და შემაკავებელი ეფექტი;

დ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ზედამხედველი ორგანო აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას, ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების მოკვლევას და აღრიცხავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტიანი აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია:

ა) გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;

ბ) მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, აგრეთვე დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება;

გ) დამსაქმებლის ინფორმირებით განახორციელოს სამუშაო ადგილის ფოტო-, ვიდეოგადაღება, აგრეთვე სამუშაო ადგილზე გამოყენებადი ნივთიერების ან მასალის ნიმუშის აღება მისი შემდგომი ანალიზისათვის.

თავი VII

პასუხისმგებლობა

მუხლი 17. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 18. ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისათვის

1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.

2. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.

3. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისათვის დადგენილი გონივრული ვადა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებელთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან კონსულტაციის საფუძველზე და აღინიშნება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.

4. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა.

5. დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ზედამხედველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისათვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. ამასთანავე, ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლებელია შედგეს ზედამხედველი ორგანოს მითითებით დადგენილი ვადის გასვლამდე. ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.

8. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ზედამხედველი ორგანო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული მხარისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, მოქმედებს შემდეგი წესი:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ მხარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ეგზავნება ფოსტით რეგისტრაციის ადგილის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით;

ბ) თუ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უბრუნდება მის გამგზავნს და მასზე კეთდება სათანადო აღნიშვნა; 

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ სამართალდამრღვევის რეგისტრაციის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი ფოსტით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე;

დ) ფოსტის მეშვეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ზედამხედველი ორგანო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

9. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისაგან.

10. დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ზედამხედველი ორგანო დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

11. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

12. სამუშაო პროცესი შეჩერდება შემდეგი წესით:

ა) ამ კანონით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლისთვისაც ადმინისტრაციულ სახდელად განსაზღვრულია სამუშაო პროცესის შეჩერება, ადგენს ზედამხედველი ორგანო, ხოლო სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველი ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიმდინარე კონკრეტული სამუშაო პროცესი სამუშაო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) ან შესაბამის სამუშაო ადგილზე (ადგილებზე), თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო საფრთხე ექმნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დასაქმებულის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გაცემული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი სამუშაო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) ან შესაბამის სამუშაო ადგილზე (ადგილებზე);

დ) ზედამხედველი ორგანო ვალდებულია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო სამუშაო პროცესი − აღდგენილად.

13. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებამდე და ზედამხედველი ორგანოს მიერ სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. დარღვევის გამოსწორების შემდეგ ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე 24 საათში გააუქმოს ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.

15. თუ ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამუშაო პროცესის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2161 და 2162 მუხლებით დადგენილი წესით.

მუხლი 19. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე

1. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისათვის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების წარუდგენლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

4. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის გარეშე განხორციელება არ ათავისუფლებს პირს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 20. ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა

1. ამ კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა −

გამოიწვევს:

ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით;

ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7179 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 21. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

1. სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს:

ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;

დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით;

ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7179 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 22. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუ საწარმოში არ არსებობს კრიტიკული შეუსაბამობა, −

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა:

ა) არაარსებითი შეუსაბამობის არსებობისას გამოიწვევს:

ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 8 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ა.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისთვის;

ბ) არსებითი შეუსაბამობის არსებობისას გამოიწვევს:

ბ.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ბ.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ბ.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ბ.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ბ.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისათვის;

ბ.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა, შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თითოეული პირობის შეუსრულებლობისთვის.

3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კრიტიკული შეუსაბამობა −

გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენა −

გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას და:

ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით;

ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით;

ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7179 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 23. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

1. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, −

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს:

ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;

ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;

დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;

ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;

ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. საშუალო სიმძიმის, მძიმე, ფატალური ან მასობრივი უბედური შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ ზედამხედველი ორგანოსათვის შესაბამისი უბედური შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7179 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.

2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:

ა) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დამსაქმებელი“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა პირთა გაერთიანებას, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;

ბ) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დასაქმებული“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ ფიზიკურ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:

ა) ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება:

ა.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;

ა.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;

ა.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დროს;

ბ) შერჩევითი კონტროლით გათვალისწინებული დამსაქმებელთა ნუსხა საჯარო ინფორმაცია არ არის;

გ) შერჩევითი კონტროლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 25. მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ა.ა) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რისკის შეფასების წესის დამტკიცება;

ა.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ა.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცება;

ა.დ) შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;

ბ) 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ბ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ბ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

გ) 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

გ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

გ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

გ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ვიბრაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

დ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

დ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

დ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

დ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

დ.დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ე) 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ე.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ე.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტებით (ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ე.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;

ე.დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

2. მინისტრმა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 26. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.03.2018, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.018780).

მუხლი 27. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-16 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 თებერვალი 2019 წ.

N4283-IIს