ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 09/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალოს „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის 574 განკარგულებით მოწონებული ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით.

2. ქალაქ თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდეს თანდართული სქემატური რუკისა და „ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით“ შესაბამისად.

3. გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადოს ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების სქემატური რუკები ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

5. ქალაქ თბილისის მერიამ განახორციელოს ქალაქ თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების ადმინისტრირება და საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს მთავრობამ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად 2007 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

7. დასახლებები, რომლებიც ამ დადგენილებით შედიან ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ინარჩუნებენ შესაბამისი დასახლების სტატუსს.

8. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების მიღებამდე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღნიშნული დადგენილებით მოქცეულ ტერიტორიებზე გავრცელდეს ამ დადგენილების მიღებამდე შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო და სატარიფო ნორმატივები.

9. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე  მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

4173– რს

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა

1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის საწყისი წერტილია:

ქ. თბილისის, მცხეთისა და  გარდაბნის რაიონების

ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის

წერტილი (X=4627580 მ.;  Y=8490020 მ.)

საწყისი წერტილი მდებარეობს მდ. „სააფთრეხევის სერის“ სათავის ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალგამყოფზე. ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვარი საწყისი წერტილიდან მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება მდ. „ხევძმარისა“ და მდ. „სააფთრეხევის სერს” შორის არსებულ ხეობაში 3 კმ-ზე. შემდეგ საზღვრის ხაზი უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით დასახლებას აუვლის აღმოსავლეთის მხრიდან და მიემართება 3,5 კმ სიგრძეზე, შემდეგ მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება „ნასერალის“ ქედს 5 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზას მდ. „გლდანისხევის“ ხიდთან. საზღვრის ეს მონაკვეთი ემთხვევა ქ. თბილისის და მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარს.

შემდეგ ახალი საზღვარი მიემართება დასავლეთის მიმართულებით 5 კმ-ზე მოიყოლებს ზედაზნის მონასტერს და მის მიმდებარე ტერიტორიებს და ეშვება სამხრეთის მიმართულებით 1 კმ-ზე ადგილ „სათემომდე“. შემდეგ მიუყვება მას 2 კმ-ზე დასავლეთის მიმართულებით და ჩამოუყვება ქედს სამხრეთის მიმართულებით 1 კმ-ზე და გადის თბილისი-სოხუმის გზატკეცილზე. შემდეგ ამ გზატკეცილს გამოუყვება სამხრეთ-აღმოსავლეთის თბილისის მიმართულებით და მდ. „მტკვრამდე“, ზაჰესის ხიდამდე, ისე, რომ ზაჰესის ელექტროსადგური არ შევა თბილისის ახალ საზღვარში. ამის შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდ. „მტკვარს“ და მიუყვება გზატკეცილს დასავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე. შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აუყვება ხეობას ქედის თხემამდე და გრძელდება დასავლეთის მიმართულებით 3,5 კმ-ზე თხემის გასწვრივ, „მუხათგვერდის“ სასაფლაოს ჩრდილოეთით, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე (1040,2 მ.). ეს საზღვარი დიღმის საკრებულოს საზღვარს ემთხვევა. ამის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით 1 კმ, შემდეგ უხვევს სამხრეთის მიმართულებით და მიუყვება ტყის კონტურს 2,5 კმ-ზე მდ. „მილისხევის” სათავეებამდე, ხოლო სოფ. „დიდგორს“ მოიტოვებს სამხრეთ-აღმოსავლეთით.  შემდეგ ზიგზაგისებურად მიუყვება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 2,5 კმ მანძილზე მდ. „დიდკვარათხევამდე“. შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. „დიდკვარათხევის“ გასწვრივ მდ. „დიღმის წყლის“ შესართავამდე 2 კმ-ზე. აქედან სამხრეთის მიმართულებით 1,5 კმ-ზე ტყის კონტურის გასწვრივ უერთდება ლისის საკრებულოს საზღვარს, რომელსაც მიუყვება აღმოსავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე. ამის შემდეგ მკვეთრად სამხრეთის მიმართულებით მიემართება სწორი ხაზით 1,5 კმ-ზე და უერთდება თბილისი-ლისის საავტომობილო გზას. აქედან 1 კმ-ზე თხინვალის გზით მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით სოფ. „თხინვალამდე“. ამის შემდეგ უვლის სოფ. „თხინვალს“ დასავლეთის მხრიდან 2 კმ-ზე და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე (954 მ) სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. აქედან საზღვარი ჩამოუყვება თხემს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 2,5 კმ-ზე და უერთდება ლისის საკრებულოს საზღვარს.

აქედან საზღვარი მიუყვება თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონების ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვრებს, ანუ მიდის მდ. „ვერეს“ ხეობის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 10 კმ-ზე, მოიყოლებს „ბეთანიის“ მონასტერს და სოფ. „კვესეთთან“ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად ამოუყვება ხეობას 3 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე და სოფ. „ახალ პანტიანის“ აღმოსავლეთით კვეთს მას. შემდეგ საზღვარი იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთისაკენ და მიემართება 1 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე. ამის შემდეგ საზღვარი სამხრეთის მიმართულებით სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტთან (1511,6 მ.) 3 კმ-ზე წყალგამოყოფ ქედზე მიემართება სოფ. „კიკეთის“ დასავლეთით და მიდის ქარაფებამდე. ამის შემდეგ საზღვარი მიემართება 9 კმ მანძილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ნანგ. „ქორ-ოღლის” ციხეს აუვლის ჩრდილოეთის მხრიდან, სოფ. „კიკეთსა“ და დაბა „კოჯორს“ მოიტოვებს ჩრდილოეთით, „ჭიკნაური წყაროს“, „დიდი-ქედის“ დასაწყისს გაუვლის და მიდის „ჭაჭიკაანთ ხევამდე”. საზღვრის ეს მონაკვეთიც მთლიანად ემთხვევა თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონებს შორის ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან კი ადმინისტრაციული საზღვარი მიუყვება სოფ. კუმისის საკრებულოს საზღვარს მარნეული-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთამდე. შემდეგ აღნიშნულ გზას საზღვარი მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე სოფ. „წალასყურამდე“, შემდეგ მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე სოფ. „მუხრან-თელეთამდე“, ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე სოფ. „ზემო თელეთამდე“, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთით 1 კმ-ზე „თელეთის“ ქედამდე, სახელმწიფო გეოდეზიურ უნქტამდე (916.4 მ).

შემდეგ საზღვარს აქვს აღმოსავლეთის მიმართულება და გადის „თელეთის“ ქედის აღმოსავლეთ კალთებზე 5 კმ-ის მანძილზე და უერთდება სოფ. „ქვემო თელეთის“ საავტომობილო გზას, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიემართება 1,5 კმ-ის მანძილზე, გადაკვეთს თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზას, აქედან იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთით 2 კმ მანძილზე. სოფ. „ფონიჭალის“ დასახლებას შემოუვლის გარედან 3 კმ-ზე და მიდის მდ. მტკვრამდე. აქედან 1 კმ-ზე მიდის საზღვარი აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. „ლოჭინის“ ხევამდე.

აქედან საზღვარი იღებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებას, მიუყვება მდ. „ლოჭინის“ ხევს 12 კმ-ის მანძილზე, გადაკვეთს ქვემო სამგორის არხს, თბილისი-კახეთის გზატკეცილს მდ. „ლოჭინის” ხევის ხიდთან, შემდეგ იცვლის მიმართულებას ჩრდილოეთით და ისევ მიუყვება მდ. „ლოჭინის“ ხევს 7 კმ-ის მანძილზე ზემო სამგორის არხის გადაკვეთამდე. საზღვრის ეს მონაკვეთიც გარდაბნის რაიონისა და ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს ემთხვევა.

ამის შემდეგ საზღვარი იღებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას 2,5 კმ მანძილზე მთა „წელუბნამდე“ (998.0 მ), გაივლის მას, მიუყვება ტყის კონტურს 5 კმ-ზე, შემდეგ უერთდება დაბა „დიდი ლილოსა“ და სოფ. „ქვიშიანის“ (ყოფილი „ლენინისის“) საავტომობილო გზას და სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე უერთდება გარდაბნის რაიონისა და ქ. თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს.

აქედან საზღვარი მიუყვება სოფ. „ქვიშიანის“ (ყოფილი „ლენინისის“) და სოფ. „წითელუბნის“ სამხრეთით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად გარდაბნის რაიონისა და ქ. თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს 4,5 კმ-ზე და უერთდება საწყის წერტილს.

 

ამტკიცებენ:

 

ქ. თბილისის მერი /გ. უგულავა/                

 

გარდაბნის რაიონის გამგებელი  /           /

  

მცხეთის რაიონის გამგებელი  /             /

თეთრი წყაროს რაიონის გამგებელი  /             /

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების მინისტრი /დ. ტყეშელაშვილი/

 

ქ. თბილისისი მერიის                                

ურბანული სამსახურის

უფროსი /ზ. ელიზბარაშვილი/

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტროს

გეოდეზიისა და კატოგრაფიის

სამსახურის უფროსი /ი. ლეჟავა/               

 

შეთანხმებულია:

       

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტროს

სახელმწიფო საქვეუწყებო სატყეო

დეპარტამენტის თავმჯდომარე /შ. ჯავახაძე/

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტროს

მიწის მართვის სამსახურის

უფროსი /პ. ჭიპაშვილი/

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.