„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 04/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3488
24/07/2006
სსმ, 103, 04/08/2006
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/08/2006 - 22/12/2022)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს გენდერული  თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია“.

2. საქართველოს მთავრობამ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შეიმუშაოს და მიიღოს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ განხორციელების სამოქმედო გეგმა.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3488-რს

 

საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია

1. შესავალი

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

გენდერული თანასწორობის კონცეფცია (შემდგომში – კონცეფცია) ეფუძნება იმ საერთაშორისო აქტებსა და დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველო მიუერთდა და რომლებიც დღეს საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია:

●     ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

●     სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

●     ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

●     ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია;

●     ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;

●     პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა;

●     მოსახლეობის და განვითარების კაიროს კონფერენციის სამოქმედო პროგრამა;

●     გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325;

●     ათასწლეულის დეკლარაცია და ათასწლეულის განვითარების მიზნები.

კონცეფციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა და მამაკაცთა უფლებებისა და შესაძლებლობების თანაბარ და ეფექტიან განხორციელებას. კონცეფცია აღიარებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის.

კონცეფცია განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებების შემუშავება, რათა შეიცვალოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის განმაპირობებელი ნორმატიული ბაზა და მათი განხორციელება.

2. ტერმინთა განმარტება

გენდერი

გენდერი არის ცნება, რომელიც აღნიშნავს კულტურით განპირობებულ შეხედულებებს ქალთა და მამაკაცთა ქცევისადმი დამოკიდებულების, პიროვნული თვისებების, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ.

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. იგი გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

სქესის ნიშნით დისკრიმინაცია

სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც პირის მიმართ მოპყრობა განსხვავდება მხოლოდ სქესისა და მამაკაცთა და ქალთა მახასიათებლების საფუძველზე, რასაც არ შეიძლება ობიექტური გამართლება ჰქონდეს.

არაპირდაპირი დისკრიმინაციისას კანონი, პოლიტიკა თუ პროგრამა პირდაპირ არ მიუთითებს რაიმე დისკრიმინაციაზე, მაგრამ მისი განხორციელება დისკრიმინაციულ შედეგს იძლევა.

სპეციალური ღონისძიებები

სპეციალური ღონისძიებები წარმოადგენს მიზნობრივად შემუშავებულ ქმედებებს, რომელთა მიზანია არახელსაყრელი პირობებისა და გენდერული სტერეოტიპების დაძლევა. სპეციალური ღონისძიებები ითვალისწინებს ქალთა და მამაკაცთა მდგომარეობის თანაბრად გაუმჯობესების მიზნით სამართლებრივი რეფორმის გატარებას, საგანმანათლებლო პროგრამების და სხვა კონკრეტული სტრატეგიებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.

გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება (გენდერული მეინსტრიმინგი)

გენდერული მეინსტრიმინგი არის ყველა სფეროში და დონეზე პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება.

3. გენდერული თანასწორობის მიღწევის ძირითადი მიმართულებები

გენდერული თანასწორობა დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ყალიბდება, რომლის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და ამ თანასწორობის უზრუნველყოფა.

საქართველოს ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების ეფექტიანი განხორციელება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და განახორციელებს გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას, რომლის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ კონცეფციით. გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისას, ეროვნული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების აღსრულებისას და სახელმწიფო სტრატეგიული პროგრამების განხორციელებისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემების ჩამოყალიბებასა და განხორციელებას.

4. გენდერული თანასწორობის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მექანიზმები

გენდერული თანასწორობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის საქართველოს ხელისუფლება იყენებს შესაბამის მექანიზმებს და ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფისაკენ.

საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, გატარება და მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველზე, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველადი ღონისძიებაა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება. სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გენდერული პრინციპების ზედმიწევნით გათვალისწინებას და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მათ შორის, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სპეციალური ღონისძიებების სისტემატურ განხორციელებას, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, აგრეთვე გენდერულ საკითხებზე კვლევებისა და სწავლების განხორციელების მხარდაჭერას.

დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი დროებითი სტრუქტურა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული საკონსულტაციო საბჭო და სამთავრობო კომისია, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მაგრამ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, საქართველოს ხელისუფლებაში შეიქმნას მუდმივმოქმედი ინსტიტუციური მექანიზმი და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნ-ველყოფა მოხდეს ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.

5. პოლიტიკური სფერო

საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი ნება, საქართველო ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ, როდესაც მხარი დაუჭირეს „ვარდების რევოლუციას“. გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელება დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ მოქალაქეს – ქალს თუ მამაკაცს – თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თითოეული მოქალაქის თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში.

ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა:

●     ხელისუფლების ყველა შტოში და ყველა დონეზე ქალთა და მამაკაცთა სრული და თანაბარი მონაწილეობის წახალისება;

●     პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აღმასრულებელ და მაკონტროლებელ სტრუქტურებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა;

●     კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ქალთა და მამაკაცთა სრული და თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა.

6. ეკონომიკური სფერო

ეკონომიკური განვითარება საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს ხელისუფლების მიზანია, შექმნას საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას.

გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამებში, აგრეთვე დასაქმების პოლიტიკაში სტიმულს მისცემს გენდერული ბალანსის უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე და განსაკუთრებით სამეწარმეო საქმიანობაში. კერძო სექტორის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მექანიზმია ქალებისა და მამაკაცებისათვის საფინანსო, საკრედიტო და საწარმოო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს გენდერული, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის განვითარებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე.

7. სოციალური სფერო

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს რეფორმებს სოციალურ სფეროში. სოციალური პოლიტიკის გატარებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და სოციალურ პოლიტიკაში გაითვალისწინოს ოჯახში ბავშვებზე, ხანდაზმულებსა და სხვა წევრებზე ზრუნვისას გაწეული შრომა.

განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის განხორციელებისას ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქალებისა და მამაკაცებისათვის საბაზისო, პროფესიული, უმაღლესი და უწყვეტი განათლების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაბარი ხელმისაწვდომობა.

8. დასკვნითი დებულებანი

საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განხორციელებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ:

●     უნდა შეიმუშაოს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, საკანონმდებლო, რომელთა მიზანია გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;

●     უნდა გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის პრინციპები ყველა სახის სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამაში;

●     უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და მიღებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება;

●     უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი ინსტიტუციური მექანიზმის განვითარება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.

გენდერული თანასწორობის კონცეფციის განხორციელების მთავარი წყაროა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტები, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.

ამ კონცეფციას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს პარლამენტს დადგენილებით.