„სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 25/09/2018
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016143
186
25/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
310150000.54.066.016143
„სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №186

2018 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და საჰაერო კოდექსის 91 მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
„სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №47 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016135) დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

1. ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 მუხლები.

2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,VI  თავი”.

თავი VI. ტექნიკური პერსონალის სწავლება და კვალიფიკაცია

მუხლი 35. საწარმოს ვალდებულება

1. საწარმომ უნდა განსაზღვროს ტექნიკური პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტექნიკური პერსონალის უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, შეიმუშაოს ტექნიკური პერსონალის სწავლებისა და კვალიფიკაციის შეფასების პროგრამა ამ წესის შესაბამისად.

შენიშვნა: ტექნიკური პერსონალის სწავლების და კვალიფიკაციის  შეფასების დანერგვის სახელმძღვანელო მასალა  (AMC/GM) მოცემულია „Easy Access Rules for Air Traffic Management/Air Navigation Services (Regulation (EU) 2017/373)“ დოკუმენტის მე-13 დანართში.

2. სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, საწარმომ უნდა უზრუნველყოს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლა, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით.

3. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალის თავისუფალი წვდომა სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებზე, სახელმძღვანელო დოკუმენტებზე და ინსტრუქციებზე.

მუხლი 36. ტექნიკური პერსონალის სწავლება

1. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  ტექნიკური პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს:

ა) საბაზისო სწავლება;

ბ)  საკვალიფიკაციო სწავლება;

გ)  სისტემის/მოწყობილობის სარეიტინგო სწავლება;

დ) შემდგომი სწავლება.

2. ტექნიკური პერსონალის საბაზისო და საკვალიფიკაციო სწავლება უნდა მოიცავდეს ამ წესის დანართით გათვალისწინებულ საგნებს, გაკვეთილებს და საკითხებს.

3.ტექნიკური პერსონალის სწავლება ხორციელდება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში.

4. საწარმოში დასაქმებულ ტექნიკურ პერსონალს უნდა გააჩნდეს საწარმოს მიერ გაცემული ,,ტექნიკური პერსონალის მოწმობა“, რომელიც  ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესაბამისად ტექნიკურ პერსონალს ანიჭებს უფლებას განახორციელოს ტექნიკური საშუალების მომსახურების მიზნით ამ საშუალებების ექსპლუატაცია, ექსპლუატაციიდან ამოღება ან/და ექსპლუატაციაში შეყვანა. 

5. ,,ტექნიკური პერსონალის მოწმობა“ უნდა მოიცავდეს ამ მოწმობის მფლობელის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა)  სახელი, გვარი;

ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის რეიტინგი, რომელიც მოიცავს ამ წესით დადგენილ ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურებას;

გ) ტექნიკური საშუალებების/სისტემების ჩამონათვალს და ადგილმდებარეობას;

დ) ტექნიკური საშუალების/სისტემების მომსახურების სახეობებს (ექსპლუატაცია, ექსპლუატაციიდან ამოღება ან/და ექსპლუატაციაში შეყვანა);

ე) ტექნიკური პერსონალის უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მოწმობის გაცემის თარიღს და მოქმედების ვადას.

მუხლი 37. სისტემის/მოწყობილობის  სარეიტინგო სწავლება

სისტემის/მოწყობილობის სარეიტინგო სწავლებისას ტექნიკური პერსონალის მომზადება ხორციელდება თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის  შესაბამისად და მოიცავს:

ა) თეორიულ კურსს, რომელიც მინიმუმ  უნდა ითვალისწინებდეს:

ა.ა) სისტემებისა და მოწყობილობების ფუნქციურ შესაძლებლობებს;

ა.ბ) ტექნიკური პერსონალის ქმედებების ფაქტობრივ და პოტენციურ გავლენას სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოდ უზრუნველყოფაზე;

ა.გ) სისტემებისა და მოწყობილობების გავლენას საექსპლუატაციო გარემოზე;

ბ) პრაქტიკულ კურსს, რომელიც უნდა მოიცავდეს სამუშაო ადგილზე სწავლებას.

მუხლი 38. შემდგომი სწავლება

1. შემდგომი სწავლება მოიცავს:

ა) განმეორებით და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებას;

ბ) სისტემის/მოწყობილობის განახლების, მოდიფიცირების და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სწავლებებს.

2. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ტექნიკური პერსონალისთვის განმეორებითი სწავლების ჩატარება, მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ, რომელიც მიმართულია კვალიფიკაციის ამაღლება-შენარჩუნებისათვის.

მუხლი 39. ტექნიკური პერსონალის საწყისი და მიმდინარე კვალიფიკაციის  შეფასება

1. ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს შეასრულოს ტექნიკური საშუალებების/სისტემების ექსპლუატაცია, ექსპლუატაციიდან ამოღება ან/და ექსპლუატაციაში შეყვანა და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად შესრულება პერსონალის საწყისი და მიმდინარე კვალიფიკაციის  შეფასების და  ,,ტექნიკური პერსონალის მოწმობის“  საფუძველზე.   

2. საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს ტექნიკური პერსონალის საწყისი და მიმდინარე კვალიფიკაციის შეფასების პროცედურა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) საწყისი და მიმდინარე კვალიფიკაციის  შეფასების კრიტერიუმებს;

ბ)  კვალიფიკაციის დადგენის და ტექნიკური პერსონალის მიერ გასაჩივრების წესს;

გ) ტექნიკური პერსონალის ტექნიკური და ქცევითი უნარ-ჩვევების, ასევე ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური უნარ-ჩვევების შეფასება ხორციელდება ტექნიკური უნარ-ჩვევების შემფასებლის მიერ, რომელსაც:

ა) წარმატებით აქვს  დამთავრებული შემფასებლის კურსი და

ბ) გააჩნია ამ წესის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი, ტექნიკური პერსონალის უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილება.

მუხლი 40. ტექნიკური  პერსონალის სწავლების ინსტრუქტორი

1. ინსტრუქტორს, რომელიც ახორციელებს ტექნიკური პერსონალის სწავლებას, უნდა ჰქონდეს:

ა) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფის სფეროში სულ მცირე  სამი წლის სამუშაო  გამოცდილება;

ბ) ტექნიკური პერსონალის სწავლების ინსტრუქტორის მომზადების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2. ინსტრუქტორების  მომზადება ხორციელდება  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებებში.

3. ინსტრუქტორს უნდა გააჩნდეს უნარი სამუშაო ადგილზე სწავლების (OJTI) პროცესში რისკის წარმოქმნისას,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის  მიზნით  გაატაროს მყისიერი, მაკორექტირებელი  ან/და შემარბილებელი ზომები.

მუხლი 41. დოკუმენტების აღრიცხვა

საწარმო ახორციელებს ტექნიკური პერსონალის სწავლების და კვალიფიკაციის  შეფასებასთან დაკავშირებული ჩანაწერების  აღრიცხვას ტექნიკური პერსონალის დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში.

მუხლი 42. ენების ცოდნა

ტექნიკური პერსონალის უფლება-მოვალეობების და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინსტრუქციების,  პროცედურების და სახელმძღვანელოების გათვალისწინებით, საწარმო განსაზღვრავს ტექნიკური პერსონალის ენი/ენების ცოდნის დონეს.".

 3. წესს დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.  

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია