დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-67 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016519 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/06/2018 - 25/09/2018)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-5 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
|
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, რეკლამის, აბრის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ზედამხედველობას.
2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას. 5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე. 7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე. 8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7. |
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.
2. სამსახურის ფუნქციებია: ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება; ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), თბილისის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგებაზე კონტროლის დაწესება; გ) რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი; დ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ე) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალიწინებული ცალკეული სამართლდარღვევების გამოვლენა და კონტროლი; ვ) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვარის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება; ი) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; კ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი; ლ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა; მ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის უფლებები და ვალდებულებები |
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მესამე პირის მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე; გ) აწარმოოს კონტროლი იერსახის, რეკლამის, აბრის, აკუსტიკური ხმაურის, პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, გარე ვაჭრობაზე და ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე; დ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; ე) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) მიიღოს ექსპლუატაციაში დასრულებული შენობა-ნაგებობები, მიიღოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების), გაცემული ნებართვების საფუძველზე, შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშები; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი. ნებართვების/შეთანხმების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება და ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა; თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; კ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები; ლ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები, ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი; მ) მოახდინოს მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას უკანონო ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენა, მოპოვებული მწვანე ნარგავების, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. პირისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი ღონისძიებების გასატარებლად; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების, ასევე სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაცია; ო) საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული მწვანე ნარგავების და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნის, გაჩერების და დადგენის მიზნით. 2. სამსახური ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; ბ) დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი; გ) აწარმოოს კონტროლი გარე ვაჭრობაზე, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით ან ნაწილობრივ გადაკეტვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; დ) გამოსცეს აქტი დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ე) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე, თვითნებურ გაჩეხვაზე, გადატანაზე ან/და მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება; ზ) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; კ) აწარმოოს კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემული მწვანე ნარგავების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის შესრულებაზე; ლ) თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის ღონისძიებების გასატარებლად წარმოებული შემოწმების პროცესში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერ ობიექტზე სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის აღკვეთის, გამოვლენის, განხილვის და სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციის მიზნით. |
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას სამსახურის თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და გასცემს დავალებებს. ისმენს ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე; თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; მ) სამსახურის თანამშრომლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო და სხვა ორგანოებში ინტერესების დასაცავად; ნ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 5.
სამსახურის უფროსის მოადგილეები |
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილეები: ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას. |
მუხლი 6.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები |
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო; ბ) მონიტორინგის სამმართველო; გ) სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილება; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება. 2. ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ა) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება; ბ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება; გ) მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილება; დ) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება; ე) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება; ვ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება. 3. ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველო განყოფილებების მეშვეობით: ა) ახორციელებს ინსპექტირებას და სამსახურის დროულ ინფორმირებას თბილისის რაიონებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ; ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; გ) უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას და ახორციელებს კონტროლს თვითნებური გაჩეხვის, დაზიანების, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დაცვაზე, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; დ) ახორციელებს კონტროლს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დაცვაზე; ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მონიტორინგის სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: ა) რეკლამების მონიტორინგის განყოფილება; ბ) ხაზობრივი ნაგებობების მონიტორინგის განყოფილება; გ) გარე ვაჭრობის მონიტორინგის განყოფილება; დ) ნარჩენების კონტროლის განყოფილება; ე) აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილება. 5. მონიტორინგის სამმართველო განყოფილებების მეშვეობით: ა) რეკლამების მონიტორინგის განყოფილება: ა.ა) ახორციელებს რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლს; ა.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; ა.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ბ) ხაზობრივი ნაგებობების მონიტორინგის განყოფილება: ბ.ა) ახორციელებს კონტროლს თბილისის ტერიტორიაზე, ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების გადათხრის ფაქტებზე, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობაზე, კეთილმოწყობის წესების დარღვევაზე და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს; ბ.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; ბ.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. გ) გარე ვაჭრობის მონიტორინგის განყოფილება: გ.ა) ახორციელებს გარე ვაჭრობის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთას და სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის შედგენას; გ.ბ) უზრუნველყოფს გარე ვაჭრობის საგნის ჩამორთმევას, კონფისკაციის აქტის შედგენასა და კონფისკაციას დაქვემდებარებული გარე ვაჭრობის საგნის შესაბამისი პირებისთვის გადაცემას; გ.გ) უზრუნველყოფს გარე ვაჭრობის ფაქტების გამოვლენისას სამართალდამრღვევი პირის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს ინფორმირებას; გ.დ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; გ.ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. დ) ნარჩენების კონტროლის განყოფილება: დ.ა) ახორციელებს საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალიწინებული ცალკეული სამართლდარღვევების გამოვლენას და კონტროლს, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; დ.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; დ.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ე) აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილება: ე.ა) ახორციელებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები მინიმალური ოდენობის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენას, აღკვეთას და სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის შედგენას; ე.ბ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; ე.გ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ა) ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს; ბ) უზრუნველყოფს დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ სადემონტაჟო და საჯარიმო ღონისძიებების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას, ასევე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას; გ) ახორციელებს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გასაჩივრებულ აქტებზე წარმომადგენლობას; დ) უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. 7. სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილება ა) უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი დასრულებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების მიზნით წარმოდგენილი ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში, ასევე, ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტზე შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღების ან შესრულებული საბოლოო ანგარიშების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას; |
მუხლი 7.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი |
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას; ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 8.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები |
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა. |
მუხლი 9.
სამსახურის დაფინანსება და ქონება |
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას. |
მუხლი 10.
დასკვნითი დებულებები |
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები