ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016358
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
11/06/2018
ვებგვერდი, 18/06/2018
010250050.35.138.016358
ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2018 - 28/04/2022)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2018 წლის 11 ივნისი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  „ა.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის წოდების  მინიჭების  წესი   დანართის   შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 2 ივნისის  №13 დადგენილება (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 05.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.173.016164).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე



დანართი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების   წესი


მუხლი 1. ზოგადი  დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების მექანიზმის სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის პროცედურებს.

2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.


მუხლი 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების  მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ვ)  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

2.  კანდიდატურის  წარდგენა  ხორციელდება  წერილობითი  ფორმით, რასაც თან  უნდა  ერთოდეს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის  ან პირების  რეკომენდაცია  წარდგენილი  კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის  ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


მუხლი 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების პროცედურები  
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს სამუშაო ჯგუფი.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის:

ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;

ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები) წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე;

გ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით;

დ) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;

ე) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;

ვ) ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;

ზ) ჯგუფი გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

თ) ჯგუფი სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას, დასკვნას) რაც აისახება სხდომის ოქმში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად;

ი) ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

კ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;

ლ) გადაწყვეტილება (რეკომენდაცია, დასკვნა), დაფიქსირებული სხდომის ოქმში, წარედგინება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს.

4. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 11 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით.

6. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.


მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. კანდიდატურის წარმდგენის მიერ, სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) კანდიდატის წერილობითი თანხმობა;

ბ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის დამზადებას, მერის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უზრუნველყოფს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.

6. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.

7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, წოდების მინიჭების მოტივაცია).


მუხლი 5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების  ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:

ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;

ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;

გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნის საფუძველზე;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის (რეკომენდაციის) საფუძველზე.


მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქალაქის წოდების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.