საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2273-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 240080010.05.001.018845
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2273-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 24/05/2018
240080010.05.001.018845
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/06/2020 - 15/07/2020)

 

საქართველოს კანონი

 

 

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ  საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე.

საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6357 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც იმავდროულად არ არის კონცესია ამ კანონის შესაბამისად;

ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე;

გ) აფილირებული პირი:

გ.ა) იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სხვა იურიდიული პირის წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით;

ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია − საჯარო და კერძო თანამონაწილეობით და განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი;

ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; 

ზ) კერძო პარტნიორი − კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია;

თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ი) კონსორციუმი − კერძო სამართლის იურიდიულ პირთა გაერთიანება ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და ფიზიკურ პირთა გაერთიანება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე;

კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს;

ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე;

მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება;

ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე;  

ო) მცირე პროექტი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით, გარდა იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და რომლის საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე;

პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის დადებული ხელშეკრულება;

ჟ) პროექტის კონცეფცია − პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებისა და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ს) საბოლოო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სახელმწიფო ორგანო, რომელსაც კერძო პარტნიორი უწევს საჯარო მომსახურებას პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით;

ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე;

უ) სამუშაოები − სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად იქმნება ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად;

ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი − საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;

ქ) სახელმწიფო ქონება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება;

ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა − მატერიალური აქტივი ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად;

ყ) საჯარო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით საზოგადოების ფართო წრის მიერ მისაღები/მიღებული სარგებელი;

შ) საჯარო პარტნიორი − უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარე;

ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის  სახით; 

ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება;

ძ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო – ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი ორგანო; 

წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოების ფართო წრისათვის;

ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი,  რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში;

ხ) უფლებამოსილი ორგანო – სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო;

ჯ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად;

ჰ) ინფრასტრუქტურის შექმნა − მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელება;

1) ხარისხის ფასთან თანაფარდობა − მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა და რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;

2) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად.

მუხლი 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნებია:

ა) პროექტების ეფექტიანობის ზრდა;

ბ) საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და საჯარო მომსახურების მიწოდებით ან/და არსებულის გაუმჯობესებით;

გ) კერძო დაფინანსების მოზიდვა;

დ) საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა;

ე) საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების განაწილება;

ვ) კერძო პარტნიორის ნოუ-ჰაუს გამოყენება.

მუხლი 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმები

საჯარო და კერძო თანამშრომლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) გრძელვადიანობა − საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით;

ბ) ღირებულება − 2020 წლის 1 ივლისამდე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5 000 000 ლარისა, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან  საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;

გ) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა-პატრონობა ან/და ოპერირება და მოვლა-პატრონობა;

დ) საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება;

ე) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები

საჯარო და კერძო თანამშრომლობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) გამჭვირვალობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) განჭვრეტადობა – მკაფიო და პროგნოზირებადი წესების არსებობა;

გ) თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა საჯარო და კერძო, საქართველოსა და სხვა ქვეყნის სუბიექტის მიმართ თანასწორი მოპყრობა;

დ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, როგორც დასახული მიზნის მიღწევის ოპტიმალური ინსტრუმენტი;

ე) რისკების ოპტიმალური განაწილება – მხარეთა შორის პასუხისმგებლობისა და რისკების გონივრული განაწილება, მხარეთა მიერ მათი კონტროლის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის, საჯარო ინტერესისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის მახასიათებლების გათვალისწინებით;

ვ) ფისკალური პასუხისმგებლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საჯარო ფინანსებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე;

ზ) გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების სექტორები

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს საჯარო ინფრასტრუქტურისა და საჯარო მომსახურების ნებისმიერ სექტორში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების პრიორიტეტული სექტორები. 

მუხლი 7. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა

1. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში დასაფუძნებელ ან დაფუძნებულ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონით კონცესიონერის ან კონტრაქტორის შერჩევისათვის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

2. ამ კანონით განსაზღვრული დებულებები, რომლებიც ეხება კონცესიონერს ან კონტრაქტორს, ვრცელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაზე იმ ურთიერთობების დროს, როდესაც იგი არის კონცესიონერი ან კონტრაქტორი.   

3. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

 

თავი II. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩო

მუხლი 8. უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად უზრუნველყოფს:

ა) საჭიროების შემთხვევაში, პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ამ კანონის შესაბამისად;

ბ) საინიციატივო შეთავაზების ანალიზსა და შეფასებას;

გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადებასა და შეფასებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას;

დ) შერჩევის პროცესის ჩატარების ორგანიზებას;

ე) შერჩევის პროცესის მონაწილესთან, პოტენციურ კერძო პარტნიორთან ან/და კრედიტორთან მოლაპარაკების წარმართვას;

ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას;

ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. საქართველოს მთავრობა განიხილავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

მუხლი 9. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს:

ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში დახმარების გაწევა;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის  საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ვ) შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირება, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა;

ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;

ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების, შემუშავება.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო თავის ფუნქციებსა და ამოცანებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ­-მინისტრის წინაშე.

მუხლი 10. ფისკალური რისკების შეფასება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება, კერძოდ:

ა.ა) საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობის შეფასება;

ა.ბ) ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება;

ა.გ) ფისკალური რისკების შეფასება;

ა.დ) სხვა სახის შეფასება − საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირველადი პროექტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ პოტენციურ კერძო პარტნიორთან მოლაპარაკების შედეგად გადამუშავებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების განხილვა, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულისგან არსებითად განსხვავებული პირობების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განხორციელება და მის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შემოთავაზებული (გადამუშავებული) ან სხვა პირობებით დადების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან, მათ შორის, მასში შესატან ცვლილებასთან, დაკავშირებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობა;

ე) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განხორციელება. აღნიშნული შეფასების შედეგად ფისკალური რისკების გამოვლენის შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტს საჯარო პარტნიორი განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ვ) ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება.

 

თავი III. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავება

მუხლი 11. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი და მისი განხორციელების ეტაპები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული პროცესის შესაბამისად, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას, მომზადებას, კერძო პარტნიორის შერჩევას, პროექტის განხორციელებას და განხორციელების შემდგომ შეფასებას.

მუხლი 12. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება შეიძლება ასევე განახორციელოს კერძო ინიციატორმა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის  შესაბამისად, სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.

მუხლი 13. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირება, მომზადება და მოწონება

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.

2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის  პროექტის იდენტიფიცირების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად და მას განსახილველად წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეკომენდაციებსა და დასკვნას.

3. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს რეკომენდაციებთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროექტის სტრატეგიული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა;

ბ) პროექტის ეკონომიკური გავლენის წინასწარი შეფასება;

გ) პროექტის განსახორციელებლად საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობა;

დ) იმ ფისკალური რისკების შეფასება, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პროექტმა.

5. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას.

6. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანო ამზადებს ფინანსურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ კვლევებს/ანალიზს, რომლებითაც (რომლითაც), მათ შორის, შეფასდება:

ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგები;

ბ) სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა;

გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება და უარყოფითი ზემოქმედების შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

7. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ამზადებს დასკვნას ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამისი კვლევები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპის დაწყებამდე.

9. საქართველოს მთავრობა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონებაზე უარის თქმის ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის გადამუშავების შესახებ.

10. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო ამზადებს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციას და იწყებს კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპს.

11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებისთვის დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.

12. თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელება ერთზე მეტი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს ან იღებს გადაწყვეტილებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ერთობლივად განხორციელების შესახებ.

მუხლი 14. მცირე პროექტი

1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო განიხილავს წარდგენილ პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს  წარუდგენს თავის რეკომენდაციებს.

3. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მცირე პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.

5. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე პროექტის ფარგლებში დასადები ხელშეკრულება შეიძლება განსახილველად წარედგინოს საქართველოს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

მუხლი 15. საინიციატივო შეთავაზება

1. კერძო ინიციატორს უფლება აქვს, მოამზადოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება იმ სექტორში კონცესიის განხორციელების თაობაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

2. საინიციატივო შეთავაზება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3. დარგობრივი სამინისტრო აფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი ინიციირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას  ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული და საინიციატივო შეთავაზების გზით იდენტიფიცირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხილვისა და მოწონების პროცედურა იდენტურია. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები შეიძლება განახორციელოს კერძო ინიციატორმა.

4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის IV თავის შესაბამისად ან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

5. პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში.   

6. თუ ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან დაკავშირებული პირი (აფილირებული პირი), გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც კერძო ინიციატორმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და რომელთა ოდენობა საჯარო გახდა შერჩევის პროცესის ეტაპზე. ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას.

მუხლი 16. ინფორმაცია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესახებ

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის, აგრეთვე მისი შემუშავებისა და განხორციელების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საიდუმლო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული დოკუმენტაციისა.

 

თავი IV. კონცესიონერის შერჩევა

მუხლი 17. კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები

1. კონცესიონერის შერჩევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო  შერჩევის პროცესის საფუძველზე, ამ მუხლისა და ამ კანონის მე-18−მე-20 მუხლების შესაბამისად.

2. კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული.

3. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა შერჩევის პროცესის მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისა, რომელიც დახურულია. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 18. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია, შერჩევის კრიტერიუმები, შესარჩევი კომისია

1. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის მიერ შერჩევის პროცესის განაცხადის მოსამზადებლად და წარსადგენად საჭირო ინფორმაციას, აგრეთვე კონცესიონერის შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურებს და შესაბამის ვადებს.

2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილება კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში, გარდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის საგნისა. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის განაცხადისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება შერჩევის პროცესის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ან დაზუსტებას.

3. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის მოთხოვნები, მასში ცვლილების შეტანის და მისი გამოქვეყნების წესი, აგრეთვე შერჩევის პროცესის საკვალიფიკაციო ეტაპის მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების პროცედურა და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასების კრიტერიუმები ისე უნდა განისაზღვროს, რომ კონკურენციის შეზღუდვა არ გამოიწვიოს. წინადადებების შეფასების კრიტერიუმებად შეიძლება განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ვადა, განსახორციელებელი კერძო დაფინანსების ოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ხარისხი ან/და სხვა კრიტერიუმები, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან აღნიშნული კრიტერიუმების კომბინაცია. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტისთვის წინადადებების შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო.

5. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ქმნის შესარჩევ კომისიას. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან: უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. შესარჩევ კომისიას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. შესარჩევ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.

6. შესარჩევი კომისია აფასებს წარდგენილ განაცხადებს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

7. კონცესიონერის შერჩევის პროცესის განაცხადების შეფასებისა და ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ეტაპების განხორციელების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებულ/მოლაპარაკებულ პირობებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის.

8. კონცესიონერის შერჩევის პროცესის შეფასების შედეგები და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებული/ მოლაპარაკებული პირობები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

მუხლი 19. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპები

1. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ძირითადი ეტაპებია:

ა) შერჩევის პროცესის გამოცხადება;

ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა;

გ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება;

დ) წინადადებების წარსადგენად მიწვევა;

ე) შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენა;

ვ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასება;

ზ) მოკლე სიის შერჩევა ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა;

თ) შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;

ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება.

2. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში შესაძლებელია განმარტების ან/და დამატების შეტანა, მათ შორის, შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასების ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი შერჩევის პროცესის განაცხადების გათვალისწინებით.

3. აკრძალულია კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე იმ პირის დაშვება, რომელიც ნასამართლევია ტერორიზმის დაფინანსებისათვის, თაღლითობისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის.

4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპზე პირის დაუშვებლობის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5. დახურული შერჩევის პროცესი ტარდება შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპის გარეშე. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის მონაწილეებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებათ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დახურული შერჩევის პროცესის მიმართ დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

6. შერჩევის პროცესის მონაწილეს არ აქვს ერთი და იმავე შერჩევის პროცესისთვის ერთზე მეტი განაცხადის ან წინადადების წარდგენის უფლება. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შეცვალოს საკუთარი განაცხადი ან წინადადება შესარჩევი კომისიისთვის მისი წარდგენის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. შერჩევის პროცესის მონაწილეს ასევე უფლება აქვს, გამარჯვებულის გამოცხადებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე. აღნიშნული უარი არ ზღუდავს შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიდან, მათ შორის, საბანკო გარანტიებიდან, გამომდინარე უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის უფლებებს.

7. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს არაუმეტეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობის წილს/აქციებს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობა წილის/აქციების 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

მუხლი 20. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება

1. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (მათი არსებობის შემთხვევაში) და რომლის წინადადება, შესარჩევი კომისიისა და საქართველოს მთავრობის შეფასებით, შეიცავს საუკეთესო პირობებს სხვა მონაწილეთა წინადადებებთან შედარებით.

2. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება შერჩევის პროცესის დოკუმენტაციითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

 

თავი V. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება

მუხლი 21. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ძირითად პირობებს, მათ შორის:

ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საგანს, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და მახასიათებლებს, საჯარო ინფრასტრუქტურასთან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

ბ) მხარეთა შორის საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ქონებაზე ქონებრივი უფლებების განაწილებისა და გადაცემის წესს (მისი არსებობის შემთხვევაში);

გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

დ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურებას/შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას ან/და კერძო პარტნიორისათვის განსახორციელებელ სხვა გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში);

ე) საჯარო პარტნიორისათვის განსახორციელებელ გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში);

ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, წესსა და შედეგებს.

2. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში პარტნიორთა შეთანხმება/წესდება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ერთობლივი ფინანსური რესურსების ტიპს, ოდენობასა და ფორმას;

ბ) ისეთი ორგანიზაციული ცვლილების განხორციელების წესს, რომლისთვისაც კერძო პარტნიორს საჯარო პარტნიორის თანხმობა სჭირდება, მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორის ცვლილებას;

გ) კერძო პარტნიორის ჩანაცვლების ან საჯარო პარტნიორის მიერ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიიდან გასვლის პირობებსა და წესს.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის განსაზღვრის პრინციპები დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დადონ პირდაპირი ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული  სხვა შეთანხმებები.

მუხლი 22. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეცვლა და შეწყვეტა

1. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, იმავე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილება, რომელიც შეეხება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ფისკალურ რისკებს, საჯარო პარტნიორი წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, შემოთავაზებულ ცვლილებაში იკვეთება არსებითი ფისკალური რისკები ან/და ეს ცვლილება გავლენას ახდენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობით, აღნიშნული ცვლილება (ცვლილებები) განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით. 

მუხლი 23. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებრივი უფლებები

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის გადასაცემ  საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე შესაბამისი უფლებები, აგრეთვე განისაზღვროს, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა ან/და მასთან დაკავშირებული ქონება დაუბრუნდეს ან არ დაუბრუნდეს საჯარო პარტნიორს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

2. კერძო პარტნიორისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი და პირობები − შესაბამისი კანონმდებლობით.

4. თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კერძო პარტნიორს უფლება აქვს, საჯარო ინფრასტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე უფლებები საჯარო პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობით, იმავე პირობებით გადასცეს მესამე პირს არაუმეტეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა.

მუხლი 24. საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენება

1. საჯარო ინფრასტრუქტურა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. კერძო პარტნიორი ვალდებულია ჯეროვნად დაიცვას საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის დადგენილი სტანდარტები.

მუხლი 25. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო პარტნიორისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნებისთვის დასაშვებია კერძო პარტნიორის მიერ შესაბამისი ვალდებულების მესამე პირის მეშვეობით შესრულება, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კერძო პარტნიორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის, ისევე, როგორც საკუთარი ქმედებისათვის.

მუხლი 26. დროებითი ადმინისტრირების უფლება. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა ჩანაცვლება

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების არსებითი დარღვევის გარკვეულ შემთხვევებში ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საჯარო პარტნიორის ან კრედიტორის (კრედიტორების) მიერ დროებითი ადმინისტრირების  უფლების გამოყენების შესაძლებლობას. საჯარო პარტნიორს ან კრედიტორს (კრედიტორებს) უფლება აქვს (აქვთ), დროებით თავად განახორციელოს (განახორციელონ) საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და საჯარო მომსახურების მიწოდება საჯარო ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად. დროებითი ადმინისტრირებისთვის გაწეული ხარჯი უნდა დაფაროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრულმა მხარემ.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საჯარო პარტნიორის ან/და კრედიტორის (კრედიტორების) მიერ კერძო პარტნიორის სხვა კერძო პარტნიორით ჩანაცვლება.

3. ახალი კერძო პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას (მათი არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც თავდაპირველ კერძო პარტნიორთან დაიდო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება.

4. კერძო პარტნიორის ჩანაცვლების პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და პირდაპირი ხელშეკრულებით.

 

თავი VI. საჯარო და კერძო თანამშრომლობის გარანტიები და სახელმწიფო მხარდაჭერა

მუხლი 27. საჯარო და კერძო თანამშრომლობის გარანტიები

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის შეიძლება დაიდოს პირდაპირი ხელშეკრულება.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის (კრედიტორების) უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ, ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) უფლებას, კერძოდ, კრედიტორის (კრედიტორების) მიერ საჯარო პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კერძო პარტნიორის მოწონებას ან არმოწონებას. პირდაპირი ხელშეკრულება ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლებას ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.

4. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს მხარეთა მიერ  საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებას, კრედიტორისთვის (კრედიტორებისთვის) კომპენსაციის გადახდის (მათ შორის, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) შესახებ დებულებას და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს.

5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კრედიტორის (კრედიტორების) ან/და კერძო პარტნიორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლების თავისუფლად განხორციელებისთვის ხელის შეშლისკენ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 28. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები

1. საქართველოს კანონმდებლობით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯარო პარტნიორმა კერძო პარტნიორისათვის შეიძლება გაითვალისწინოს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შემდეგი სახეები:

ა) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება ან/და შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება;

ბ) გარანტიები მოხმარებაზე, მომხმარებლებზე ან შემოსავლებზე;

გ) გარანტიები ტარიფზე ან/და საჯარო მომსახურების ღირებულებაზე;

დ) გარანტიები გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან შესყიდვაზე შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფასით. აღნიშნული საქონლისა და მომსახურების სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

ე) გარკვეული ხარჯებისა და განხორციელებული ინვესტიციების უკუგების დაფარვისკენ მიმართული გრანტები ან/და სუბსიდიები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, გრანტები ნატურის სახით;

ვ) მიწის გადაცემა ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლების გადაცემა კერძო პარტნიორისათვის;

თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ობიექტის შექმნისა და მოვლა-პატრონობის ან/და ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ან/და გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში საჯარო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლების მინიჭება კერძო პარტნიორისათვის.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ საჯარო პარტნიორისათვის ფიქსირებული თანხის ერთიანად ან პერიოდულად გადახდას, კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირების შედეგად მისაღები შემოსავლის ნაწილის საჯარო პარტნიორისათვის გადახდას ან კერძო პარტნიორის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ქონების საჯარო პარტნიორისათვის საკუთრებაში გადაცემას, აგრეთვე შესაბამისი საფასურის საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები სხვა ფორმებით გადახდას.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის სახეების ერთობლიობას.

მუხლი 29. საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაფინანსების ზედა ზღვარი

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულების ზედა ზღვარი დგინდება სახელმწიფო ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვრის გამოთვლის მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

თავი VII. საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების მონიტორინგი და განხორციელების შემდგომი შეფასება

მუხლი 30. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ვალდებულია შექმნას და მართოს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნისა და ეფექტიანად მართვის, აგრეთვე ანგარიშგების მიზნით უფლებამოსილი ორგანო სათანადო მოთხოვნის საფუძველზე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს წარუდგენს დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ასლს მის ყველა დანართთან და ცვლილებასთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნება შეზღუდულია ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 31. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგი

1. საჯარო პარტნიორი უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით კერძო პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

2. საჯარო პარტნიორისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი საჯარო ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, დაუშვებელია საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორის ან მისი კონტრაჰენტი მესამე პირის მიერ განხორციელებულ კომერციულ საქმიანობაში ჩარევა.

მუხლი 32. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ანგარიშგება

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

2. წლიური ანგარიში თითოეულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით მოიცავს:

ა) პროექტის მოკლე აღწერას;

ბ) პროექტის განხორციელებაში წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, იმ გარემოებების პრაქტიკაში განხორციელების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის მოწონების შესახებ;

გ) კერძო პარტნიორის ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 33. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება ხდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანგარიშს საჯარო პარტნიორი წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის  პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასების ანალიზს მის რეკომენდაციებთან ერთად და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ერთიან შეფასებებს იმის თაობაზე რეკომენდაციებთან ერთად, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება.

 

თავი VIII. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

მუხლი 34. მარეგულირებელი კანონმდებლობა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 35. დავების გადაწყვეტა

1. შერჩევის პროცესის  მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს შერჩევის პროცესის მონაწილის უფლებას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული დავის მოგვარების წესის შესაბამისად.

4. მხარეებს უფლება აქვთ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში თავისუფლად განსაზღვრონ დავის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. თუ მხარეები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის სასურველ მექანიზმს, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.

 

თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 36. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადებულია შესაბამისი სატენდერო/შერჩევის პროცესის/ინტერესთა გამოხატვის პროცედურა ან შერჩეულია პროექტის განმახორციელებელი, წარედგინება საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპის განსაზღვრის მიზნით. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: პროექტის ინიციირებისა და მომზადების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, პროექტის კონცეფციას, განხორციელებულ კვლევებს და პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 37. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულება;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი;

გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები;

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.

2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 38. დასკვნითი დებულებანი

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 21 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 661).

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−36-ე მუხლებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი−36-ე მუხლები და ამ მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2273-IIს