ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016439
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51
04/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
010250020.35.105.016439
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/05/2018 - 04/09/2020)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 4 მაისი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის და  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 12 ოქტომბრის  №34  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი


მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასაფლაო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია  და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

ბ) სასაფლაოს მმართველი–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე  ახორციელებს სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

გ) პანთეონი – სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საზოგადო ან გამოჩენილ მოღვაწეთა დაკრძალვისათვის;

დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

ე) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;

ვ) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი თანხმობით მათი ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;

ზ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

თ) სამარხი – არის საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი;

ი) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების ხარჯებს;

კ) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურებასთან;

ლ) საფლავის მომსახურება – არის მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი;

მ) დაკრძალვა – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით;

ნ) მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

პ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სასაფლაოს სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა;

ჟ) სასაფლაოს დახურვა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

რ) სასაფლაოს გაუქმება – არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა.


მუხლი 3. სასაფლაოს მოწყობა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ.

2. სასაფლაოსათვის (მათ შორის, პანთეონისათვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არებულ მიწის ნაკვეთზე.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

 ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;

ბ) მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.


მუხლი 4. სასაფლაოების მართვა
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვას ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. მმართველის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაო ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტყილებას განკარგულების სახით იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.


მუხლი 5. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური
1.ჭირისუფლმა გარდაცვლილის დასაკრძალავად უნდა მიმართოს მმართველს,  რომელიც დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ ჭირისუფალს გამოუყოფს შესაბამისი საჭიროების რაოდენობის სამარიან საფლავს.

2.  საფლავის  (სამარის)  გამოყოფისა და მმართველის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასური ან/და მომსახურების საფასურიდან გათავისუფლების და შეღავათის გაწევის შემთხვევები განისაზღვრება ამ წესით.

3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ მმართველი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით.


მუხლი 6. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს:

ა) ორი სამარის მქონე;

ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის;

გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.

2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.

3. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:

ა) გარდაცვლილის მიერ ანდერძით ან მის სიცოცხლეში შედგენილი წერილობითი განკარგულებით დანიშნულმა პირმა;

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;

ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

4. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მმართველის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის მმართველის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაო ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).


მუხლი 7. მმართველის უფლებამოსილება
1. მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებით საჭირო შესაბამის მომსახურებას.

2. მმართველი ვალდებულია განახორციელოს:

ა) სასაფლაოზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;

ბ) სასაფლაოზე გამოყოფილი სამარის გათხრა და ამოვსება;

გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

დ) სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;

ე) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

ვ) სხვა მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ზ) აწარმოოს დაკრძალულ პირთა რეესტრი. 

3. მმართველი ვალდებულია გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას დაიცვას შესაბამისი ნორმები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები, ასევე იგი ვალდებულია გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები, რომელიც ასახული უნდა იქნეს შესაბამის მომსახურების ხელშეკრულებაში.

4.მმართველი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;

გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა  მმართველს;

ე) გარდაცვალების მოწმობა

5. მმართველს უფლება აქვს, დადგენილი წესით:

ა) საფლავის მოვლა-პატრონობაზე დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რათა რაიმე განსაკუთრებული სახით მოაწყოს საფლავი, ძეგლი და სხვა; წესრიგში იქონიოს და მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვ.;

ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;

გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, საფლავის ძეგლების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები და სხვა;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად მერს წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.

6. მმართველის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 8. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
 1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;

ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;

ე) მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;

ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სხვა.

2.მმართველი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს ჭირისუფალთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას მმართველი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.


მუხლი 9. საფლავების მოწყობა და ექსპლუატაცია
1. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარეების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.

2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;

დ)სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ.) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა.შ.;

ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;

ვ) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;

ზ) საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.

3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება, წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში, ყოველ საფლავზე გამოყოფილი უნდა იქნეს 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია და საფლავზე მომსახურების საფასური განისაზღვროს 60 ლარით. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღვროს 20 ლარით. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ. მეტრი და მომსახურება განხორციელდეს უსასაყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს ზღვრული ნორმის დაცვით უსასყიდლოდ. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება  მმართველის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მმართველისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.

5. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

6. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული კუბოთი ან სპეციალურ სუდარაში.

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა დაკრძალვიდან 1 კვირის მანძილზე.

9.ჭირისუფალი ვალდებულია მმართველს გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;

დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და მმართველთან შეთანხმებით.


მუხლი 10. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი
1.პანთეონში საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს დამკრძალავი კომისია, რომლის შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მერი.პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ კომისიას  შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;

ბ) საქართველოს საპატრიარქომ;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა 1/5-მა;

დ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა ორგანიზაციებმა.


მუხლი 11. საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი

 

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა) ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

2. მმართველის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე დაკრძალვიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, უპატრონო, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ მოუვლელ, მიტოვებულ, უპატრონო საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით, რომ მისი დადგმიდან სამი წლის განმავლობაში ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი გაიცემა მეორეული გამოყენებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ფირფიტაზე მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის ჭირისუფლის წარმომადგენელმა სად, როდის და ვის უნდა მიმართოს გარდაცვლილთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩებების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური (უღირსი) დამოკიდებულება.


მუხლი 12. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება
 1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ, რომლის შემდეგ შეწყდება ახალი ადგილების გამოყოფა.

2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების შესახებ, რომლის შემდეგ შეწყდება დაკრძალვა.