საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/04
20/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
040030000.22.054.016244
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/04/2018 - 07/06/2019)

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №05/04

2018 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის  №05/01 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოქმედებითი საქართველოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოქმედებითი საქართველო (შემდგომში – შემოქმედებითი საქართველო) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ბაზაზე“ და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.
2.  შემოქმედებითი საქართველო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საქმიანობას.
3. შემოქმედებითი საქართველოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოქმედებითი საქართველო“.
4. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო), რომელიც ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს დებულებას.
5. შემოქმედებით საქართველოს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, უფლებამოსილია, თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
6.  შემოქმედებითი საქართველო შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7. შემოქმედებითი საქართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი,  დოლიძის ქ. №28.
 

მუხლი 2. შემოქმედებითი საქართველოს მიზნები და ამოცანები
1. შემოქმედებითი საქართველოს მისიაა ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. შემოქმედებითი საქართველოს მიზნებია:
ა) ქვეყნის მასშტაბით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) შემოქმედებითი ევროპის პროგრამის შესახებ ცნობადობის ამაღლება და  ეროვნულ დონეზე განხორციელება;
გ) შემოქმედებითი ინდუსტრიების და, ზოგადად, კულტურის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერება;
დ) დაფინანსების ალტერნატიული საშუალებების შექმნა და დაფინანსების არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ე) სექტორთაშორისი თანამშროლობის, ქსელებისა და პლატფორმების განვითარების ხელშეწყობა;
ვ) შემოქმედებითი პროდუქტისა და მომსახურების ბაზრის გაძლიერება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
2. შემოქმედებითი საქართველოს ამოცანებია:
ა) შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში (შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად) პოლიტიკის შექმნა და განხორციელება;
ბ) კვლევების და ანალიზის ჩატარების ხელშეწყობა, მონაცემთა ბაზების განვითარება;
გ) საგანმანათლებლო/პროფესიული განვითარების პროგრამების და პროექტების შექმნა და მხარდაჭერა;
დ) მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცეების კონცეფციების შემუშავება და შექმნის ხელშეწყობა;
ე) შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, დაფინანსების და გადამზადების შესაძლებლობის შექმნისთვის, ელექტრონული და ვერბალური პლატფორმების განვითარება;
ვ) საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების (დაფინანსების, გადამზადების თუ პარტნიორთა მოძიების მიმართულებით და სხვ.) შექმნისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა;
ზ) ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში, ქართული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროკავშირის პროგრამების შესახებ;
თ) შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების, მიმართულებების და ევროპული ქსელის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ი) ქართული კულტურის სექტორის წარმომადგენლებისთვის პარტნიორების მოძიებაში  და ევროპულ კოლეგებთან ურთიერთობების დამყარებაში ხელშეწყობა;
კ) შემოქმედებითი ევროპის პროექტების წარდგენის პროცესში პოტენციური აპლიკანტებისთვის პროექტების განვითარების მიმართულების მიცემა და ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებისთვის თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის პლატფორმის შეთავაზება;
მ) ქართული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების შესახებ შემოქმედებითი ევროპის წევრ ქვეყნებში ინფორმაციის გავრცელება.
 

მუხლი 3. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის საგანი
1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის საგანია კულტურის და შემოქმედებითი სფეროს კომერციალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) შემოქმედებით ინდუსტრიებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის და ინსტრუმენტის ორგანიზება და დანერგვა, მათ შორის, ფორუმების, კონფერენციების და პრეზენტაციების მოწყობა, ბეჭდვითი და ციფრული მედიის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;
ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სექტორული კვლევების განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროებების შეფასება;
გ) შემოქმედებით სექტორში სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი ელექტრონული სახელმძღვანელოების გავრცელება. შემოქმედებითი საინკუბაციო პროგრამების ორგანიზება და მხარდაჭერა. საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროფესიული მოდულების შემუშავება და განხორციელება;
დ) შემოქმედებითი ინდუსტრიების ალიანსების (ონლაინ), კლასტერინგის და ქსელების განვითარება და მათი ფუნქციონირების მონიტორინგი;
ე) გაცვლითი პროგრამების, სამუშაო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ფარგლებში, დაფინანსების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით აღნიშნული გამოცდილების ადგილობრივ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შესაბამისი ინტელექტუალური, მატერიალური ან/და ფინანსური რესურსის მობილიზების ხელშეწყობა;
ზ) შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ზოგადად კულტურის სფეროს განვითარების მიზნით გარე ინიციატივების ხელშეწყობა;
თ) შემოქმედებითი მეწარმეების ხელშეწყობა, მათ შორის, საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებსა და აუქციონებზე საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის მიზნით;
ი) შემოქმედებითი ინდუსტრიების და კულტურის სფეროში სტრატეგიული თუ სხვა სახის დოკუმენტების (კვლევები, აღწერები და ა.შ.) ანალიზი და ადაპტაცია, უცხოენოვანი პუბლიკაციების თარგმნა;
კ) პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და ქსელების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ლ) სემინარების, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისათვის;
მ) პროგრამაზე „შემოქმედებითი ევროპა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბეჭდური და ელექტრონული მასალების გავრცელება;
ნ) საქართველოში არსებული შემოქმედებითი სექტორების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის ევრო კომისიისათვის მიწოდება;
ო) პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ევროკომისიის დახმარება, ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება;
პ) საქართველოს კულტურისა და მედიაოფისების მენეჯერების მონაწილეობა შესაბამის ღონისძიებებში (შეხვედრები, კონფერენციები, ფესტივალები და სხვ.);
ჟ) საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალის მომზადება, გამოცემა, გაყიდვა და მოლაპარაკებების საფუძველზე ჟურნალის უფასო მიწოდება სხვადასხვა ორგანიზაციისა და სტრუქტურისთვის.
2. შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
 

მუხლი 4. შემოქმედებითი საქართველოს უფლება-მოვალეობები
1. შემოქმედებითი საქართველო თავისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს,  ამოცანებს, საქმიანობის სფეროს და სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს სამინისტროსთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან) ერთად და ითვალისწინებს უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. შემოქმედებით საქართველოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) გაითვალისწინოს უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები;
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული მოქმედებები, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;
დ) მოამზადოს საკითხები საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს;
ე) განსაზღვროს ფინანსური სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები;
ვ) გამოიყენოს ადგილობრივი და საერთაშორისო საექსპერტო კონსულტაციები როგორც დამოუკიდებლად, ისე საბჭოების ფარგლებში;
ზ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
თ) ორგანიზება გაუწიოს კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას;
ი) შეიმუშაოს შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.
3. შემოქმედებით საქართველოს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შემოქმედებითი საქართველოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები შემოქმედებითი საქართველოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. შემოქმედებითი საქართველო ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
 

მუხლი 5. შემოქმედებითი საქართველოს ხელმძღვანელობა
1. შემოქმედებითი საქართველოს მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. შემოქმედებით საქართველოს ხელმძღვანელობს დირექტორი.
3. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი:
ა) არის შემოქმედებითი საქართველოს საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია შემოქმედებითი საქართველოს საერთო საქმიანობაზე;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურას;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს საშტატო ნუსხას, სახელფასო განაკვეთებს;
ე) სამინისტროსთან ათანხმებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომელთა წახალისების ფორმებსა და ოდენობებს დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გასცეს თანამშრომელთა სახელფასო დანამატი;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლებს, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოფს შემოქმედებითი საქართველოს დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;
ი) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს შემოქმედებითი საქართველოს  საქმიანობის მიმართულებებს, სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას;
კ)  წყვეტს მიმდინარე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს შემოქმედებითი საქართველოს მუშაობის კვარტალურ ანგარიშს.
5. დირექტორის არყოფნისას, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი თანამშრომელი.

მუხლი 6. უწყებათაშორისი საბჭო
1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას აფასებს უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც იკრიბება წელიწადში სულ მცირე ერთხელ და რომლის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
2. უწყებათაშორისი საბჭოს წევრების მოწვევა ხდება შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მოწვევის საფუძველზე და უწყებების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების თანხმობით.
3. უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
4. უწყებათაშორისი საბჭოს წევრები შეირჩევიან ერთი წლის ვადით.
5. უწყებათაშორის საბჭოს პრეზენტაციის ფორმატში წარედგინება შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის წლიური ანგარიში და მომდევნო წლის გეგმა, რომელიც ელექტრონული ფორმით ეგზავნება წევრებს.
6. უწყებათაშორისი საბჭო აფასებს შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას და განიხილავს თავიანთი უწყებების ჩართულობას ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით სტრატეგიების და ბიუჯეტის დონეზე და  შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
 

მუხლი 7. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი
1. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შემოქმედებით საქართველოსთან ერთად ამზადებს ანგარიშს  და მომდევნო წლის გეგმის პრეზენტაციას, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ძირითადი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების გათვალისწინებით.
2. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრების მოწვევა ხდება შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მიერ, 1 წლის ვადით.
3. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებს ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი, არჩეული კანდიდატების თანხმობის საფუძველზე.
4. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები იკრიბებიან წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით. ყოველი შეხვედრის შემდეგ დგება ოქმი.
 

მუხლი 8. საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო
1. საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო გასცემს რეკომენდაციებს შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე.
2. ექსპერტთა საბჭო შედგება არაუმეტეს 6 წევრისა,  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური ექსპერტებისაგან, რომლებიც შემოქმედებითი ინდუსტრიების და კულტურის მიმართულებით მოღვაწეობენ.
3. შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრობის კანდიდატურებს  ათანხმებს  მინისტრის კურატორ მოადგილესთან და  კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ბრძანებით.
4. ექსპერტების მონაწილეობა საბჭოში ნებაყოფლობითია და არ ანაზღაურდება.
5. შემოქმედებითი საქართველოს მიერ ექსპერტების რეკომენდაციების გამოყენებისას, შემოქმედებითი საქართველო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ექსპერტის/ორგანიზაციის სახელი საჯაროდ, მათი თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 9. ადგილობრივ ექსპერტთა საბჭო
1. ადგილობრივ ექსპერტთა საბჭო გასცემს სტრატეგიულ რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი ფორმით, შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე.
2. ექსპერტთა საბჭო შედგება არაუმეტეს 6 წევრისა, ქართული, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური ექსპერტებისაგან, რომლებიც შემოქმედებითი ინდუსტრიების და კულტურის მიმართულებით მოღვაწეობენ.
3. შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი ადგილობრივ ექსპერტთა საბჭოს წევრობის კანდიდატურებს  ათანხმებს  მინისტრის კურატორ მოადგილესთან და  კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ბრძანებით.
4. ექსპერტების მონაწილეობა საბჭოში ნებაყოფლობითია და არ ანაზღაურდება.
5. შემოქმედებითი საქართველოს მიერ ექსპერტების რეკომენდაციების გამოყენებისას, შემოქმედებითი საქართველო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ექსპერტის/ორგანიზაციის სახელი საჯაროდ, მათი თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 10. შემოქმედებითი საქართველოს პარტნიორები
1. შემოქმედებითი საქართველოს პარტნიორები ირჩევიან ორმხრივი თანამშრომლობის სურვილის საფუძველზე და ძირითადად დაკომპლექტებულები არიან საქართველოში მოღვაწე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით.
2. შემოქმედებით საქართველოსა და ორგანიზაციებს/კომპანიებს შორის ფორმდება მემორანდუმი, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
 

მუხლი 11. შემოქმედებითი საქართველოს ქონება
შემოქმედებითი საქართველოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 12. შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსების წყაროები
1.    შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები;
ბ) უცხოური და ადგილობრივი წყაროებიდან მოზიდული სახსრები;
გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობები;
დ) კერძო შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. შემოქმედებითი საქართველოს სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით  და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

მუხლი 13. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლი
1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს შემოქმედებითი საქართველოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
 

მუხლი 14. შემოქმედებითი საქართველოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება
1. შემოქმედებითი საქართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად სამინისტროს.
2. შემოქმედებითი საქართველოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 15. შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 16. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.