ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15-49
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 18/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016498
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15-49
06/03/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
280120000.35.101.016498
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2018 - 13/09/2019)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15-49

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ დებულება, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ საგარანტიო წერილებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მიხედვით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილება.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი 1

 

„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09)  განხორციელების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“ განხორციელების პირობებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელთა დასაფინანსებლადაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოქმედების სფერო  და მისი მოსარგებლეები
1. ქვეპროგრამა გულისხმობს მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებულ „დევნილთა მონაცემთა ბაზაში“ არის ქალაქი თბილისი, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) ბენეფიციარები.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულ ჯგუფებს მიეკუთვნება:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები  სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

გ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ რეგისტრირებული ვეტერანები;

დ) მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები;

ე) დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირი;

ვ) პირები, რომლებიც არ სარგებლობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო დაზღვევით ან ამოწურული აქვთ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაფინანსების ზღვრული ოდენობები.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში განცხადებით მიმართვამდე 6 თვით ადრე მაინც, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარებისა.


მუხლი 3. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი პროცედურები
1. ქვეპროგრამაში ჩართვისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი მომსახურების/საჭიროების მიწოდება).

2. დაფინანსების საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, მიმწოდებელი  მიმართვების ადმინისტრირების მოდულის (შემდგომში – მოდული) მეშვეობით, ელექტრონულად ან მოსარგებლე პირი/მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში – მერია). 

3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოდულის მეშვეობით ელექტრონულად წარმოადგინოს:

ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი);

ბ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),  რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე. იმ შემთხვევაში თუ, დაწესებულებას არ გააჩნია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის შესაძლებლობა, იგი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა) მითითებული ინფორმაცია;

გ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ) სხვა დამფინანსებელი დაწესებულების მიერ დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. მედიკამენტების და სხვა საჭიროების მიმწოდებელი ვალდებულია მოდულის მეშვეობით ელექტრონულად წარმოადგინოს:

ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი);

ბ) მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8 სავაჭრო დასახელებას და რომლის მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

გ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე.

5. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა საქართველოს ფარგლებში სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მერიას. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) მომსახურების/საჭიროების მიმწოდებლის მიერ გაცემული მოთხოვნის ფორმა;

ბ) მედიკამენტის ან/და სხვა საჭიროების (მედიკამენტები და სხვა სოციალური საჭიროებები) დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),  რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებული პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე/საჭიროებაზე კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საზღვარგარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირმა ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების მისაღებად დაფინანსებისთვის განცხადებით უნდა მიმართოს მერიას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) მოსარგებლე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),  რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

გ) მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია), რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იმყოფება საქართველოში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის (სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის ექიმი/კონსილიუმი) დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება პირს არ შეუძლია საქართველოში, სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ;

ე) საზღვარგარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ პაციენტი უკვე იმყოფება საზღვარგარეთ, მიმწოდებელი დაწესებულებიდან დასკვნა მომსახურების/საჭიროების მიღების აუცილებლობის თაობაზე.

7.  ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარების ქვეპროგრამაში ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მიმწოდებელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.


მუხლი 4. განცხადებების განხილვა და დაფინანსების პროცედურები
1. მოსარგებლე პირის ან მისი წარმომადგენლის განცხადების მიღების შემდგომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში-სამსახური) შეისწავლის მოსარგებლე პირის შესახებ მომსახურების/საჭიროების მიმწოდებლის მიერ მოდულის ან/და მოსარგებლე პირის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქაღალდმატარებლის მეშვეობით წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება:

ა) პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტულობა;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის  სისრულე.

2. სამედიცინო მომსახურების და  სოციალური საჭიროების დაფინანსების თაობაზე მოსარგებლე პირის მოთხოვნას განიხილავს „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისია“ (შემდგომში – კომისია) და იღებს რეკომენდაციას. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

3. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური საჭიროების დაფინანსების თაობაზე სამსახურის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღემატება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს, დასამტკიცებლად წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს.

4. გადაუდებელი სერვისის/საჭიროების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის უფროსის წარდგინებით.  

5. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

6. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება დაფინანსების განხილვაზე უარი, თუ:

ა) შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

ბ) სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტის დაფინანსების თაობაზე მოთხოვნილი თანხის ღირებულება არ აღემატება 1000 (ათას) ლარს, გარდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) ბენეფიციარებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იმ პირებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ რეგისტრაციის კონკრეტული მისამართი;

გ) ინფორმაციის შესწავლისას (მათ შორის, ფორმა №IV-100/ა ან სხვა დოკუმენტები) დადგინდა, რომ პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან;

დ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც უკვე  მიღებული იქნა გადაწყვეტილება;

ე) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ახალი განცხადების მერიაში რეგისტრაციის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 3 თვისა, გარდა:

ე.ა) გადაუდებლად დაფინანსების შემთხვევისა;

ე.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ პირის მიერ არ მომხდარა თანხის გამოყენება  და პირი ითხოვს ახალი მოთხოვნის განხილვას;

ე.გ) იმ შემთხვევისა, როცა დასტურდება, რომ პირის მიერ წარმოდგენილ ბოლო დაფინანსების მოთხოვნაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემდგომ, პირმა წარმოადგინა წინა მოთხოვნისაგან განსხვავებული  მომსახურების/საჭიროების შესახებ დაფინანსების მოთხოვნა;

ვ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს დაფინანსებას დავალიანების დაფარვისათვის;

ზ) შემთხვევის შესწავლისას სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მიერ მომზადებულია დაფინანსების განხილვის თაობაზე უარყოფითი დასკვნა;

თ) დაინტერესებული პირი ითხოვს:

თ.ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის, თვითმკურნალობის დაფინანსებას;

თ.ბ) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

თ.გ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას;

თ.დ) სტომატოლოგიური მომსახურებისა და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას;

თ.ე) შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

თ.ვ) სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები) დაფინანსებას;

თ.ზ) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

თ.თ) საზღვარგარეთ დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადატანას საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში;

თ.ი) საექსპერტო მომსახურების დაფინანსებას;

ი) შესწავლისას დადგინდა, რომ პირის/მისი წარმომადგენლის მოთხოვნა სხვა მუნიციპალური პროგრამების/ქვეპროგრამების მომსახურების მოცულობის იდენტურია და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია ამ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში.

7. განცხადება არ განიხილება აგრეთვე, თუ განცხადების შესწავლის ან გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელს არ ეცნობება გადაწყვეტილება.


მუხლი 5. დაფინანსების მოთხოვნის ადმინისტრირება
1.   დაფინანსების მოქმედების ვადები:

ა) სამედიცინო მომსახურების/საჭიროების დაფინანსება ძალაშია გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;

ბ) მედიკამენტის დაფინანსება (რეცეპტი) ძალაშია გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაფინანსება ძალაშია გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სამედიცინო მომსახურების/საჭიროების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

2. მედიკამენტისა და სხვა საჭიროების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე ცვლილებები სამსახურის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გაგრძელება ერთჯერადად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელება მოთხოვნილია დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლამდე;

ბ) მოდულში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, მიმწოდებლის მიერ (ICD10, NCSP, მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა და სხვა).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური იღებს ახალ გადაწყვეტილებებს, სადაც ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადები აითვალება ახალი გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.


მუხლი 6. დაფინანსების ოდენობა  
1. საქართველოს ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს:

ა) მოთხოვნილი თანხის 100%-მდე, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ლიმიტის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) მოთხოვნილი თანხის 70%-მდე, გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული  პირებისა,  არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ლიმიტის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისის მიღების საჭიროების მქონე პირთათვის დაფინანსების მოცულობის მაქსიმალური ლიმიტი წლიურად არ აღემატება 40 000 (ორმოცი ათასი) ლარს, ერთი პირისათვის;

3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას, სამსახურის წარდგინებით, იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.

4. კომისიას უფლება აქვს მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებული რეკომენდაცია.


მუხლი 7. თანხის ანაზღაურება
1. საქართველოს ფარგლებში არსებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს პირველიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების/საჭიროების მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხოლო მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში არაუგვიანეს დაფინანსების მოქმედების ვადის გასვლის თვის მომდევნო თვის პირველიდან 11 რიცხვამდე.

2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა);

ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რეესტრში წარმოდგენილ თითოეულ შემთხვევაზე;

გ) შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში.

3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გამოყენების ვადების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

4. შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების  ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის ინსპექტირების შემდგომ ხორციელდება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის სამსახურის მიერ წერილის მომზადება, მიმწოდებლისათვის თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით.

5. ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/ნ 406153111) ბენეფიციარების დაფინანსება განხორციელდება მიწოდებული მომსახურების/საჭიროების შესახებ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება გამოყოფილი თანხის წინასწარი გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსებას.

7. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

8. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება მოსარგებლე პირის სამგზავრო ბილეთების წარმოდგენის და ფორმა №1-ის შევსების შემთხვევაში. სამგზავრო ბილეთების წარმოდგენა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარგებლე პირი თანხის გადარიცხვის მომენტისათვის სამკურნალოდ იმყოფება საზღვარგარეთ.

9.   საქართველოს ფარგლებს გარეთ თანხის გადარიცხვის თაობაზე სამსახურის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ცნობა დაფინანსების თაობაზე.

10.  საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში, მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებიდან უზრუნველყოს დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების შესრულების  დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.


მუხლი 8. კონტროლის განხორციელება 
1. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების (შემდგომში – კონტროლზე უფლებამოსილი პირი) მიერ, წინასწარ შერჩეული  შემთხვევების ინსპექტირების გზით.

2. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მიმწოდებელთან კონტროლზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება.

3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის  განმეორებითი ვიზიტი.

4.  თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში,  მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნება.

5. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩარიცხული თანხა (დაფინანსებული თანხა) გადაახდევინა მოსარგებლეს, მიმწოდებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს თანხა და გადაიხადოს ჯარიმა გაწეული ფინანსური დახმარების სამმაგი ოდენობის სახით.

6. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში, პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი თანხმობის ბარათის (ფორმა №1) საფუძველზე იღებს ვალდებულებას, რომ თუ პირმა არ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება/საჭიროება, იგი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს თანხის უკან დაბრუნებას.



დანართი 2
„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესით“ (დანართი 1) გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები“ (კოდი: 06 02 09)“ შესაბამისად დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისია“ (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის წევრთა შემადგენლობა მტკიცდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.

3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ და ამ დებულების შესაბამისად.


მუხლი 2. კომისიის კომპეტენცია
კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესით“ (დანართი 1) გათვალისწინებული მოსარგებლეების  განცხადებების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა სამედიცინო საჭიროების დაფინანსების, სოციალური დახმარების გაცემის და სხვა სერვისების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე ფინანსური დახმარების შესახებ.

მუხლი 3. კომისიის ხელმძღვანელობა 
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრების საქმიანობას;

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;

დ) დავალებებს აძლევს კომისიის წევრებს;

ე) აკონტროლებს კომისიის სხდომების დღის წესრიგის და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3.  კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე.


მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა 
1. კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე – დარგობრივი სამსახურის უფროსი;

ბ) კომისიის წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

გ) კომისიის წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) კომისიის სხდომაზე დააყენოს წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვაში და განხილული საკითხების კენჭისყრაში;

ბ) დააფიქსიროს განსხვავებული აზრი კომისიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

3. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) შეასრულოს კომისიის დავალებები;

გ) წარუდგინოს კომისიას ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.

4. კომისიის წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან/და დადასტურდა მისი პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საკითხის გადაწყვეტაზე.

5. კომისიას ჰყავს მდივანი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სოციალური განყოფილების მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რომელიც არ არის კომისიის წევრი.

6. კომისიის მდივანი:

ა) ახორციელებს კომისიის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე;

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 


მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისია იხილავს კომისიის წევრებთან წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

4. კომისიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შეიძლება დამატებით შეიტანოს საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კომისიის წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.

5.  საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.

6.  კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.


მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.

 




ფორმა №1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში მიმწოდებელი დაწესებულებიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე თანხმობის ბარათი

 

ინფორმაცია პროგრამით მოსარგებლე პირის/მისი კანონიერი წარმომადგენლის შესახებ

 

პროგრამით მოსარგებლე პირი:

გვარი__________________ სახელი______________ პირადი ნომერი_______________

 

პასუხისმგებელი პირი:

 

გვარი________________ სახელი_______________პირადი ნომერი________________

 

საკონტაქტო ტელეფონი___________________________________________________   

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი_____________________________

 

მომსახურების მიმწოდებელი:

 

ორგანიზაციის დასახელება_______________________________________________

 

ორგანიზაციის მისამართი  _______________________________________________    

 

 

 

პასუხისმგებელი პირის თანხმობის ბარათი

 

მე ------------------------ ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ ------------------------  წარმომადგენელს.

       სახელი გვარი                                                                                 მოსარგებლის სახელი გვარი

 

1. თანახმა ვარ, უზრუნველვყო მოსარგებლისათვის გაწეული სამედიცინო   მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას პაციენტისათვის გაწეული მომსახურების სამედიცინო ჩანაწერებისა და ფინანსური ხარჯების თაობაზე. 

2. შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ვიღებ  წინასწარ  გაცემული  თანხის  დაბრუნებაზე  პასუხისმგებლობას.

3.  ასევე, ვიღებ პასუხისმგებლობას წინასწარ გაცემული თანხის დაბრუნებაზე, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ ემთხვევა მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, განცხადებით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ დიაგნოზებს და მისაწოდებელ მომსახურებას.

 

---------------------------------                     ------------------                  -----------------------

     სახელი და გვარი                                                 თარიღი                                               ხელმოწერა