ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10-7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016472
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10-7
16/01/2018
ვებგვერდი, 16/01/2018
010260030.35.101.016472
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/01/2018 - 08/11/2019)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-7

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულება“  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №14-25 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სისტემაში (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და  თანამდებობის პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები,  თბილისის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას, აგრეთვე თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების,  (შემდგომში - თბილისის სამეწარმეო იურიდიული პირები) მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირებას. 

 2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,   ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

 4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.

 5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.

 6. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მერის მოადგილე, რომელიც ასრულებს მერის მოვალეობას.

7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ადამ  მიცკევიჩის ქუჩა № 29.


მუხლი 2. სამსახურის ამოცანები, საქმიანობის პრინციპები და ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:

ა)თბილისის მერიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით,  თბილისის მერიის სტრატეგიისა და მოქმედი პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების, აგრეთვე ამოცანების ეფექტური შესრულების ანალიზი და შეფასება;

ბ) თბილისის მერის უზრუნველყოფა თბილისის მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და გადაცდომების პრევენცია.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

ა) კანონიერება;

ბ) დამოუკიდებლობა;

გ) კეთილსინდისიერება;

დ) ობიექტურობა;

ე) პროფესიონალიზმი;

ვ) კონფიდენციალურობა;

ზ) გამჭვირვალობა.

3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 ა) თბილისის მერიის სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

 ბ) თბილისის მერიის სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) თბილისის მერიის სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

დ) თბილისის მერიის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით თბილისის  მერის ან/და შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისათვის წარდგენა;

ე) თბილისის  მერიის სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) თბილისის მერიის სისტემაში არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) თბილისის მერიის სისტემაში სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;

თ) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;

ი) სამართალდარღვევების, სამსახურებრივ გადაცდომათა და თბილისის მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში  ინსპექტირების ჩატარება;

კ) სამართალდარღვევების, სამსახურებრივ გადაცდომათა და თბილისის მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ასევე მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და თბილისის მერისთვის წარდგენა;

ლ) დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში დისციპლინური წარმოების განხორციელება;

მ) თბილისის მერიის სისტემის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;

ნ) თბილისის მერის ცალკეული დავალებების შესრულება;

ო) სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს თბილისის მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 4. თავის ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების მეშვეობით.


მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები
 1. სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება თბილისის მერიის მთელ სისტემაზე, ასევე თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებზე და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემასა და თბილისის   50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში  მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

2. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თბილისის მერიის სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) ჩაატაროს საქმიანობის ინსპექტირება თბილისის  მერიის სისტემაში და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

 დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, მიუხედავად მისი ფორმისა. მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება თბილისის  მერიის სისტემის თანამდებობის პირის ან მოსამსახურისაგან, ასევე თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  თანამშრომლებისაგან;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით იქონიოს წვდომა თბილისის  მერიის სისტემაში და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში   არსებულ მონაცემთა ბაზებზე;

 ვ) შიდა აუდიტისა ან/და ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ზ) შესაბამის პირებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ;

თ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან თბილისის მერიის სისტემის ან/და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;

ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს საკითხების განხილვაში თბილისის მერიის სისტემისა და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  თანამშრომლების მონაწილეობა;

კ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს საექსპერტო/საკონსულტაციო მომსახურება;

ლ) განახორციელოს თბილისის მერიის სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის (პროექტების და სხვ.) მონიტორინგი, მიუხედავად მისი დაფინანსების წყაროებისა;

მ) დისციპლინური წარმოებისას მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა და  შეადგინოს შესაბამისი დასკვნა;

ნ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;

ო) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სხვა ქმედებები.


მუხლი 4. სამსახურის ვალდებულებები
ა) შიდა აუდიტორული შემოწმებისას დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) თბილისის მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების ან/და ინსპექტირების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვა.


მუხლი 5. სამსახურის მიერ შიდა აუდიტის განხორციელება
1. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს.

2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს თბილისის მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს თბილისის მერს დასამტკიცებლად.

 3. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს თბილისის მერს დასამტკიცებლად.

4. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება.

5. შიდა აუდიტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

ა) აუდიტის დაგეგმვა;

ბ) აუდიტის განხორციელება;

გ) ანგარიშგება;

დ) გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი.

6. აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება, შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები, აუდიტის სახე, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები/ფარგლები, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და სხვა.

7. შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

 8. შიდა აუდიტის ობიექტი შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შესახებ საკუთარ მოსაზრებას და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 3 (სამ) სამუშაო დღეზე ნაკლები, რის შემდეგაც სამსახური საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგენს თბილისის  მერს.

9. ჩატარებული შიდა აუდიტის ან განხორციელებული ინპექტირების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს თბილისის მერს.

10. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის შესაბამისად შემუშავებული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

11. სამსახურის უფროსი თბილისის მერსა და უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს.


მუხლი 6. სამსახურის მიერ ინსპექტირების განხორციელება 
1. სამსახურის მიერ ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს თბილისის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ან/და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომელთა მიერ შესაძლო კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ ინფორმაცია. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს პრევენციული მიზნებითაც, საკითხის შერჩევითი გადამოწმების გზით.

2. შესაძლო კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს, ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მედიის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, მოქალაქეებისაგან თბილისის  მერიაში წარმოდგენილი კორესპონდენცია, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები და სხვა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება ინსპექტირება, შედეგების შესახებ დგება დასკვნა და წარედგინება შემოწმებული ერთეულის ხელმძღვანელსა და თბილისის მერს.

4. ინსპექტირების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს.

5. ინსპექტირებისა და შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.


მუხლი 7. სამსახურის უფროსი 
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევს  თბილისის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს  და ხელმძღვანელობს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თბილისის მერიის სისტემაში შემუშავებული სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს და დოკუმენტებს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, აუდიტის ვადას, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და ჯგუფის წევრების რაოდენობას;

ზ) განსაზღვრავს ინსპექტირების განხორციელების ფარგლებსა და ჯგუფის წევრების რაოდენობას;

თ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს  თბილისის მერს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ი) ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმებს;

კ) თბილისის მერს წარუდგენს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს და გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას;

ლ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;

მ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

ნ) წარმართავს სამსახურის ანალიტიკურ საქმიანობას;

ო) მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას;

პ) ინსპექტირების განხორციელების შედეგად თბილისის  მერს წარუდგენს დასკვნას;

ჟ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე;

რ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილების ფარგლებს, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;

ს) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ტ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

უ) ყოველი წლის იანვარში წარუდგენს თბილისის მერს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს და მითითებებს;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ღ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;

ყ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

შ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ჩ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ც) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 8. სამსახურის უფროსის მოადგილეები  
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეები:

ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ  სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.


მუხლი 9. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;

ბ) შიდა აუდიტის განყოფილება;

გ) ინსპექტირების განყოფილება.

2. დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადება;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმების პროექტების მომზადება;

გ) თბილისის მერიის სისტემის მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;

დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;

ე) თბილისის მერიის სისტემის ცალკეული ფუნქციების განხორციელების პროცესში არსებული პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი და მისი გაუმჯობესების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ვ) ინსპექტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ანალიზის შედეგების სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

თ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება;

ი) სამსახურის საქმიანობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

კ) სამსახურის უფროსის დავალებების და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია:

ა) თბილისის მერიის სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) თბილისის მერიის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) თბილისის მერიის სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

დ) თბილისის მერიის სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ე) თბილისის მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;

ზ) თბილისის მერიის სისტემაში პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;

თ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ი) თბილისის მერიის სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

კ) ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ლ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;

მ) სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და შედეგების შესახებ სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის წარდგენა;

ნ) სამსახურის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ინსპექტირების განყოფილების ფუნქციებია:

ა) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში სამართალდარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა;

გ) თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში სამართალდარღვევების და ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

დ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და თბილისის მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის პროექტის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ე) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და  თბილისის მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ვ) თბილისის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ზ) შესაბამისი ინფორმაციის არსებობისას თბილისის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

თ) ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

ი) ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

კ) იმ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე დასწრება, რომლის კანონიერების საკითხსაც სწავლობს განყოფილება;

ლ) სამსახურის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი   
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

 ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;

ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა   მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.


მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა კონფლიქტი
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებებს, უფლება არა აქვს, დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში ან ინსპექტირებაში, ვალდებულია დაიცვას „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი.


მუხლი 12. სამსახურის თანამშრომლობა სხვადასხვა დაწესებულებებთან 
1. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. სამსახური ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.

3. სამსახური თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 13. სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება  თბილისის  ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს  თბილისის  საკუთრებას.


მუხლი 14. დასკვნითი დებულებები  
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.