საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1775-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 290120000.05.001.018713
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1775-Iს
15/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
290120000.05.001.018713
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/12/2017 - 19/12/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

 მუხლი 1. ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები

 1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან (შემდგომ − სავალდებულო დაზღვევა) დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება − მექანიკური (ძრავიანი/ელექტროძრავიანი) სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია (მათ შორის, ნებისმიერი სახის ტრაქტორი, თვითმავალი მანქანა, მისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, გარდა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებისა;

ბ) უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უცხო სახელმწიფოშია რეგისტრირებული;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი − პირი, რომლის საკუთრებაშია უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს მას;

დ) დაზარალებული (მესამე პირი) − პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, აგრეთვე მისი მემკვიდრე (უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე);

ე) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია და რომელიც თანადაზღვევის სისტემის მონაწილეა; 

 ვ) სადაზღვევო შემთხვევა – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი;

 ზ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება) (დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი) – სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები, სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპები;

 თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალება – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება;

 ი) სადაზღვევო ლიმიტი – ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული დაზარალებულისთვის და თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის;

 კ) სადაზღვევო ანაზღაურება − ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დაზარალებულისათვის (მესამე პირისათვის) გადასახდელი თანხა;

ლ) სადაზღვევო პრემია − ამ კანონით დადგენილი ოდენობის სადაზღვევო შესატანი; 

მ) თანადაზღვევის სისტემა − სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილე ყველა მზღვეველს შორის სადაზღვევო პრემიის და სადაზღვევო ანაზღაურების თანაბარი განაწილების და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპზე დაყრდნობით დადებულ შეთანხმებაზე დაფუძნებული სისტემა, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით;

 ნ) სავალდებულო დაზღვევის ცენტრი – თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ ამ სახეობის სავალდებულო დაზღვევის მართვისათვის დაფუძნებული ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სავალდებულო დაზღვევის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი);

ო) დაუძლეველი ძალა − საომარი მოქმედება, ხანძარი, აფეთქება.

 

თავი II

სავალდებულო დაზღვევის პირობები

მუხლი 3. ზოგადი პირობები

1. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).

 2. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სასაზღვრო გამტარ პუნქტში განუმარტავს სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულებას.

 3. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ცენტრში, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

 4. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით. ამასთანავე, სავალდებულო დაზღვევა იწყება შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება სავალდებულო დაზღვევის პოლისში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის დასრულების დღის 24 საათზე.

 5. ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის პოლისი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

მუხლი 4. ზიანი, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს

1. ამ კანონის შესაბამისად მზღვეველი არ ანაზღაურებს:

ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს;

ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს;

გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს;

დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს;

ე) სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. სადაზღვევო პრემიის ოდენობა დაზღვევის პერიოდის მიხედვით

ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის და დაზღვევის პერიოდის მიხედვით სადაზღვევო პრემიის ოდენობაა:

ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;

 ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი;

 გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი;

 დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება: 15 დღე – 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი;

 ე) მისაბმელისათვის: 15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი;

 ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.

მუხლი 6. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის

 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით:

 ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი;

 ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით:

 ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით;

 ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში:

 ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით;

 ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 60%-ით;

 ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 30%-ით.

 4. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შედეგად და მისგან გამომდინარე დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის/შეზღუდვის ხარისხის გაზრდის ან გარდაცვალების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ლიმიტსა და გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთანავე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაა შეზღუდვის გაზრდილ ხარისხსა და მანამდე არსებულ ხარისხს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობა.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის ან დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველები თავისუფლდებიან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.

 6. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.

 7. თუ დაზარალებულს დაზღვეული აქვს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.

მუხლი 7. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის

 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

 2. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია:

 ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;

 ბ) გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება;

 გ) დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება.

 3. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია:

 ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება;

 ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით;

 გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება.

 4. თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად).

 5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით ან დაზარალებულს დაზღვეული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.

 6. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 7. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დაზარალებული ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე უფლებამოსილია შეაკეთოს დაზიანებული ქონება მხოლოდ ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანებული ქონების შეკეთება აუცილებელია დამატებითი ზიანის თავიდან აცილებისათვის.

 8. დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისას ცენტრი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადოს.

 9. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.

მუხლი 8. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.

 2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.

 3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე.

 4. თუ დაზარალებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს წარუდგენს, მფლობელმა/მძღოლმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ცენტრს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინება უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დაზარალებულის შეტყობინების ვალდებულებას. ამასთანავე, დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.

 5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.

მუხლი 9. სადაზღვევო ანაზღაურება

 1. დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 2. ცენტრი ვალდებულია აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის პოლისის არსებობის ან დაზარალებულისათვის ზიანის დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენების შემთხვევაში. ამასთანავე, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის დადგენილი პირობებით (შემთხვევის შესახებ შეტყობინება და რეგულირება, ანაზღაურების ლიმიტები, ვადები და სხვა). 

 3. სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევას (საჭიროების შემთხვევაში აფასებს ზიანს) ცენტრის თანამშრომლის ან/და ამისთვის დაქირავებული თანამშრომლის (მათ შორის, მზღვეველის თანამშრომლის) მეშვეობით. ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან გონივრულ ვადაში, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

 4. ცენტრი ვალდებულია თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში დაზარალებულს სადაზღვევო ანაზღაურება გადაუხადოს ზიანის ოდენობის შესახებ შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 დღისა ან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ცენტრი დაზარალებულს უხდის საურავს გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 6. ამ კანონის მოქმედების პერიოდში დაზარალებულის/დაზარალებულების წინაშე დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არის მზღვეველების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%-ისა და ამ მიზნისათვის ერთჯერადად განსაზღვრული პასუხისმგებლობის თანხის ოდენობის − 500 000 ლარის ჯამი. ამასთანავე, პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხების მაქსიმალური ჯამური ოდენობის გასაანგარიშებლად ცენტრის მიერ დაზარალებულისათვის/დაზარალებულებისათვის ჯამურად გადახდილი თანხების ოდენობა მცირდება დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე მიღებული რეგრესული თანხების ოდენობით.

 7. ცენტრი თავისუფლდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ ზიანის ანაზღაურების გაცემის ვადის დარღვევა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი რესურსების ამოწურვითაა გამოწვეული. ამასთანავე, ცენტრი ვალდებულია ასეთი ანაზღაურება გასცეს დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე.

 8. ცენტრი სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს ამისთვის გამიზნული, მისი კუთვნილი განცალკევებული ანგარიშიდან, რომლის საშუალო ნაშთი თვის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 400 000 ლარისა. ამ ანგარიშზე შესაბამისი ფულადი სახსრების აკუმულირებას მზღვეველები ახორციელებენ. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.

 9. თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება ამ კანონით დადგენილი ანაზღაურების ლიმიტის ოდენობას, მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის დამატებითი ანაზღაურება უშუალოდ იმ პირისაგან, რომელიც მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაა პასუხისმგებელი.

მუხლი 10. რეგრესის წესი

 1. ცენტრს უფლება აქვს, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს შემდეგ შემთხვევებში:

 ა) ზიანის განზრახ მიყენებისას;

 ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;

 გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისას;

 დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას;

 ე) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას.

 2. ცენტრი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული რეგრესული თანხა თანაბრად გაუნაწილოს მზღვეველებს, რომლებიც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროს მონაწილეობდნენ ზიანის ანაზღაურებაში.

 3. რეგრესის წესით წაყენებული მოთხოვნა გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 11. სავალდებულო დაზღვევის განხორციელება

 1. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის მსურველი ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, გაერთიანდეს თანადაზღვევის სისტემაში და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების პირობებზე თანხმობა წერილობით გამოხატოს.

 2. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის განხორციელების დაწყებიდან:

 ა) 3 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 2 500 000 ლარის ოდენობით;

 ბ) 6 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 5 000 000 ლარის ოდენობით;

 გ) ყოველი 12 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 800 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობით.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გამომუშავებული პრემიის გაანგარიშების მიზნისათვის ამ კანონის ფარგლებში გამომუშავებული პრემია არ გაითვალისწინება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ათვლა დაიწყება მზღვეველის მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში სადაზღვევო საქმიანობის დაწყების თვის 1 რიცხვიდან.

 4. მზღვეველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულებას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მზღვეველს აუკრძალოს სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობა. 

 5. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის საფუძველია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დასტური ერთ-ერთი შემდეგი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ:

 ა) სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს წინა 3 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 2 500 000 ლარის ოდენობით;

 ბ) სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს წინა 6 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 5 000 000 ლარის ოდენობით;

 გ) სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს წინა 12 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 800 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობით.

 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გამომუშავებული პრემიის გაანგარიშების მიზნისათვის ამ კანონის ფარგლებში გამომუშავებული პრემია არ გაითვალისწინება.

 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი დასტურის გაცემისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ის ქვეპუნქტი, რომელიც შეესაბამება მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქმიანობის აკრძალვის საფუძველს.

 8. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის შემთხვევაში მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 9. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის შემთხვევაში მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 10. ცენტრის დაფინანსების წყაროა მზღვეველების მიერ განხორციელებული შენატანები.

 11. თანადაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს ცენტრი, უნდა მოიცავდეს:

 ა) თანადაზღვევის სისტემის ადმინისტრირების წესს;

 ბ) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს;

 გ) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი სატელეფონო ნომრის (ცხელი ხაზის) შექმნისა და ფუნქციონირების და სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვის წესებს;

 დ) სავალდებულო დაზღვევის პოლისის რეალიზაციის, რეალიზაციის ადმინისტრირების და სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების წესებს;

 ე) ამ კანონის ფარგლებში მოზიდული სადაზღვევო პრემიის და ზარალის თანაბარი განაწილების, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადების, მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების (მათ შორის, ზარალის შეფასების) და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპებს, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს;

 ვ) სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის და მზღვეველებისათვის შეტყობინების წესებს;

 ზ) ამ კანონის აღსრულებისათვის უწყვეტი მომსახურების გაწევის წესს, კერძოდ, საქართველოში სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის, მომსახურების მიღების, დაზარალებულის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით განცხადების წარდგენის და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ დებულებებს;

 თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ადმინისტრირების წესს;

 ი) მზღვეველის თანადაზღვევის სისტემაში მიღების და მისი ამ სისტემიდან გასვლისა და გარიცხვის წესებს;

 კ) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის განცალკევებული ანგარიშის შექმნის და მზღვეველების მიერ მისი შევსების წესებს.

 12. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს დაზარალებულის მიერ წარდგენილი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადების მიღება მზღვეველის ყველა ფილიალსა და წარმომადგენლობაში. ამასთანავე, მზღვეველი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტები დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს ცენტრს.

 13. მზღვეველები იღებენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ამ კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ანაზღაურებისათვის. ცენტრი ვალდებულია გაიანგარიშოს აქტუარული გათვლების საფუძველზე სადაზღვევო რეზერვები და ყველა მზღვეველზე პროპორციული წესით გადაანაწილოს. მზღვეველი ვალდებულია შექმნას და აღრიცხოს ცენტრის მიერ პროპორციული წესით გადანაწილებული რეზერვები ფინანსური ანგარიშგების საბალანსო უწყისში.

 14. მზღვეველის გადახდისუუნარობის შემთხვევაში თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე სხვა მზღვეველები პასუხისმგებელი არიან გადახდისუუნარო მზღვეველის მიერ ნაკისრი და გადაუხდელი ვალდებულებების სრულად შესრულებისათვის. გადახდისუუნარო მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები თანაბრად გადანაწილდება.

 15. ცენტრი ვალდებულია მზღვეველის მიერ ამ კანონის ან/და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ­− საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

მუხლი 12. ცენტრი, მისი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. ცენტრი არის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. დაუშვებელია სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვისათვის ერთზე მეტი ცენტრის საქმიანობა.

 2. ცენტრის დამფუძნებელი არის სავალდებულო დაზღვევის განხორციელების უფლების მქონე მზღვეველი ამ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 3. მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში სადაზღვევო საქმიანობის აკრძალვა იწვევს ამ მზღვეველისათვის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილეობის აკრძალვას და მის ცენტრიდან გარიცხვას.

 4. ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

 ბ) ამ კანონის მიზნებისთვის სავალდებულო დაზღვევის პოლისის (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების) ერთიანი ნიმუშის და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადების ფორმის შექმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით;

 გ) სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის განხორციელებისათვის, ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად საერთო წესის შემუშავება;

 დ) სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის ადმინისტრირება, ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების პროცესების დროულად წარმართვა.

 5. მზღვეველის მიერ ამ კანონის ან ცენტრის წესდების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ცენტრის დამფუძნებლის (მზღვეველის) მიერ ამ კანონის ნორმების არაჯეროვნად შესრულების ან დარღვევის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 7. მზღვეველის ცენტრიდან გასვლა ან გარიცხვა იწვევს მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის შეწყვეტას. მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის საფუძველია მზღვეველის ცენტრიდან გასვლის ან გარიცხვის გამომწვევი გარემოების აღმოფხვრა.

 8. ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანხმობით.

 9. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვას ზედამხედველობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რისთვისაც იგი უფლებამოსილია მზღვეველებისაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია.

მუხლი 13. სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზა

 1. სავალდებულო დაზღვევის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (შემდგომ − ელექტრონული ბაზა) აისახება სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა მონაცემი. ელექტრონულ ბაზას ქმნის და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ცენტრი. ელექტრონული ბაზა გამართულად და შეუფერხებლად უნდა ფუნქციონირებდეს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ელექტრონულ ბაზაში სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ ასახვა.

 2. ელექტრონული ბაზა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

 ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლისთანავე − უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებს (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი) და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

 ბ) სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესახებ მონაცემებს (რაოდენობა, უნიკალური ნომერი);

 გ) დაზღვევის დაწყების დროის და დასრულების დროის შესახებ მონაცემებს;

 დ) სადაზღვევო ლიმიტების და მათი ცენტრის მონაწილე მზღვეველებისათვის განაწილების შესახებ მონაცემებს;

 ე) სადაზღვევო პრემიის ოდენობისა და ცენტრის მონაწილე მზღვეველებისათვის განაწილების შესახებ მონაცემებს;

 ვ) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მონაცემებს (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი, მიღებული შეტყობინებები, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე განცხადებები, დაზარალებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების ეტაპი და სტატუსი, ასანაზღაურებელი თანხის განცხადებული ოდენობა);

 ზ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ მონაცემებს (ოდენობა, გაცემის თარიღი, მიყენებული ზიანის სახეობა);

 თ) გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემიების, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის და დამდგარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვების შესახებ მონაცემებს, როგორც ჯამურად, ისე თითოეული მზღვეველის მიხედვით. 

 3. ელექტრონულ ბაზაში ასახული მონაცემები ინახება 6 წლის ვადით.

 4. ელექტრონული ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისათვის ცენტრმა უნდა შექმნას და განახორციელოს ამ კანონის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

 5. ელექტრონული ბაზის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად ცენტრი ვალდებულია ელექტრონული ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებული დასკვნა წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

მუხლი 14. ცენტრის მართვის ორგანოები

 1. ცენტრის მართვის ორგანოებია: მზღვეველთა კრება და ცენტრის დირექტორი.

 2. ცენტრის მზღვეველთა კრებას აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:

 ა) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის წესდება და მიიღოს თანხმობა; აღნიშნული პროცედურის დაცვით შეიტანოს ცენტრის წესდებაში ცვლილებები;

 ბ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის აღსრულება;

 გ) განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმა და განსაზღვროს მზღვეველის მიერ ცენტრის ადმინისტრაციული ხარჯებისათვის შენატანის ოდენობა;

 დ) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის დირექტორის კანდიდატურა და მიიღოს თანხმობა მის დანიშვნაზე ან გათავისუფლებაზე;

 ე) დაამტკიცოს ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;

 ვ) ცენტრის წესდებით განსაზღვროს ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესები;

 ზ) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია ცენტრის წესდებით და არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 3. პირს ეკრძალება, იყოს ცენტრის დირექტორი, თუ:

 ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

 ბ) მას არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

 გ) მას არა აქვს საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება.

 4. ცენტრის დირექტორის უფლებები და მოვალეობებია:

 ა) ცენტრის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა, ცენტრის მზღვეველთა კრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 ბ) ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევის ორგანიზება;

 გ) ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმის შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა და მისი განსახილველად ცენტრის მზღვეველთა კრებისათვის წარდგენა;

 დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საორგანიზაციო საქმიანობის და ცენტრის წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების კონტროლი, სამართლებრივი, ინფორმაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

 ე) ცენტრის სახსრების განკარგვა და მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი, ცენტრის დირექტორის მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისთვის პასუხისმგებლობა;

 ვ) ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

 ზ) ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის ცენტრის მზღვეველთა კრებისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

 თ) ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულება, კერძოდ, ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის, ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პროცესების დროულად წარმართვისათვის;

 ი) ცენტრის წესდებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 15. ინფორმაციით უზრუნველყოფა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

 1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია დაამუშაოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ცენტრისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადაცემა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 3. ცენტრი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, რომლებიც მისთვის საქმიანობის განხორციელებისას გახდა ცნობილი.

მუხლი 16. პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის

 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი, რომელიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება, პასუხს აგებს ადმინისტრაციული წესით.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის აღსრულებისათვის ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებას.

მუხლი 17. დავის განხილვის წესი

 დავა, რომელიც ამ კანონის მოქმედების ფარგლებში წარმოიშობა, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

 1. შესაბამისმა სუბიექტებმა ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით, მე-13 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულება უზრუნველყონ 2018 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო მე-13 მუხლის მე-5 პუნქტისა − 2018 წლის 1 დეკემბრამდე.

 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

მუხლი 19. დასკვნითი დებულებები

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლებისა, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-16 და მე-17 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის მე-3, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 და მე-17 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 დეკემბერი 2017 წ.

N1775-Iს