მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016382
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
22/11/2017
ვებგვერდი, 29/11/2017
010250050.35.153.016382
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/11/2017 - 28/12/2022)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ქონების მართვის, აგრარულ  და  ბუნებრივი რესურსების საკითხების  კომისიის დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე



დანართი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხების  კომისიის დებულება

მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. ქონების მართვის, აგრარული და  ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტების დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ;

ე) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ვ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;

თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ.

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე 
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლებისა და საკრებულოს რეგლამენტის დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი, ხოლო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების შემთხვევაში კომისიის უხუცესი წევრი იწვევს კომისიის სხდომას, რომელზეც კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხდება კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.


მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას  კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

4. კომისიაში შეიძლება შეიქმნას  შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

ბ) ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი.

5. ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ა“ – „დ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

6. ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“–„თ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.


მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.


მუხლი 6. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მიერ.