ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020109
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
400
16/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
300160070.10.003.020109
ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/08/2017 - 01/12/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2017 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი  მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“.
მუხლი 2
ამ რეგლამენტის დებულებები ამოქმედდეს:

ა) საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან;

ბ) ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2020 წლის  პირველი სექტემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი  მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს:

ა) გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის  მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს;

ბ) სიჩქარის შემზღუდველი  მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს;

გ) სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება;

დ) სიჩქარის შემზღუდველი  მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.

 

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია:

ა) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ნორმებთან;

ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების დებულებების საქართველოში დადგენილ ვადებში ამოქმედება;

გ) მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილ ზღვრამდე, რაც უზრუნველყოფს:

გ.ა) საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოებისა და ტვირთის დაცულობის   გაუმჯობესებას;

გ.ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაციას;

გ.გ) ძრავის  ექსპლუატაციის ვადის გაზრდას;

გ.დ)  საწვავის ხარჯისა და მუხრუჭების და საბურავების ცვეთის შემცირებას;

გ.ე) სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ეკონომიკური მაჩვენებლების  გაუმჯობესებას;

გ.ვ)  „ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნების მძღოლთა მიერ  დაცვას.

 

მუხლი 3. გამოყენების სფერო

1. ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.

2. ეს რეგლამენტი არ გამოიყენება:

ა) შეიარაღებული ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების, სახანძრო და სხვა გადაუდებელი დახმარების სამსახურების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების სარგებლობაში არსებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში ან მათი კონტროლით;

ბ) იმ  ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ:

ბ.ა) რომელთა მართვა ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებულ სიჩქარეზე მაღალი სიჩქარით შეუძლებელია კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე;

ბ.ბ)  რომლებიც გამოიყენება გზებზე  სამეცნიერო ცდების განსახორციელებლად;

ბ.გ) რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ურბანულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სერვისების განსახორციელებლად.

 

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) –  ნებისმიერი სახის M2, M3, N2 ან N3 კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია გზებზე გამოსაყენებლად, აქვს მინიმუმ ოთხი თვალი და 25 კმ/სთ-ზე მაღალი მაქსიმალური საანგარიშო სიჩქარე. M2, M3, N2 ან N3 კატეგორიები განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის  № 37 დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“ შესაბამისად;

ბ) სიჩქარის შემზღუდველი  მოწყობილობა – მოწყობილობა, რომლის ძირითადი ფუნქცია არის ძრავაში საწვავის მიწოდების რეგულირება, რათა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე დადგენილ მნიშვნელობამდე;

გ) შეზღუდული სიჩქარე – მაქსიმალური სიჩქარე ისეთი სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია ან მასში დამონტაჟებული მოწყობილობა არ იძლევა სიჩქარის გაზრდის საშუალებას აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას.

2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი“.

 

მუხლი 5. სიჩქარის შეზღუდვები სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით

1. M2 და M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გზებზე დასაშვებია  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში.

2. N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშულებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.

3. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და  სპეციალურად სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ მათი მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კილომეტრს საათში.

 

მუხლი 6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება და შემოწმება

1. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მისი კონსტრუირების, დამონტაჟების, გამოყენებისა და შემოწმების თვალსაზრისით უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით  დადგენილ  მოთხოვნებს. ამასთანავე, შეიძლება გაგრძელდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული და 2005 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამისი ნორმატიული აქტით  დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს. 

2. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ არ უნდა შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე აქსელერატორის სატერფულზე დაჭერისას იმ დროს, როცა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს დადგენილი სიჩქარით.

3. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ ნაკლებად დაექვემდებაროს კოროზიას, ცვეთას და დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან.

4. სიჩქარის შემზღუდველმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს  სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე.

5. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს გარემოცულ ელექტრომაგნიტულ ველში და არ უნდა შეუქმნას ელექტრომაგნიტური დაბრკოლება ამ ველში მოქმედ სხვა დანადგარებისა და მოწყობილობების ფუნქციონირებას.

6. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები შეიძლება დაამონტაჟონ, შეამოწმონ, გაუწიონ ტექნიკური მომსახურება ან შეაკეთონ მხოლოდ  ამ მიზნით აკრედიტებულმა სახელოსნოებმა. ცალკე შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შემოწმებაზე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოში.

7. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიური ოპერაციები მსგავსია, რის გამოც უფლებამოსილი ორგანო ახდენს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოების დამტკიცებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესი“ მე-9 და მე-10 მუხლების მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად. 

8. არასანქცირებული ჩარევისაგან  (სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის თვითნებური რეგულირება, მის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა, ენერგიის მოწოდების ხელოვნურად შეწყვეტა და სხვა) თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილობა და სისტემის ყველა მაუღლებელი ელემენტები უნდა იყოს დალუქული.

9. აკრედიტებული სახელოსნო (მექანიკოსი) განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნავს მის მიერ დადებულ ლუქს.

10.    სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება ტარდება აკრედიტებული სახელოსნოების მიერ, სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ. რეკომენდებულია მათი ჩატარება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) შემოწმებასთან ან გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან ერთად. შემოწმება ხორციელდება აგრეთვე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის წარმოებიდან გამოშვებისას, რემონტის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ცვლილების შემდეგ.

11.  სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის  ინსპექტირებისას მოწმდება:

ა) მისი მუშაობის სისწორე სათანადო მოწყობილობით;

ბ) ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;

გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების არსებობა;

დ) სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობასა და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუქების დაუზიანებლობა;

ე) საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ფაქტობრივი მნიშვნელობები.

12. ინსპექტირება მოიცავს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის   დაკალიბრებას.

13. შემოწმების შედეგების მიხედვით, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.

14. სახელოსნო სამუშაოების დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს) აძლევს შესაბამის დოკუმენტს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)  დოკუმენტის ნომერსა და თარიღს;

ბ) სახელოსნოს დასახელებას, ადგილმდებარეობას, მისთვის მინიჭებულ ნომერს, სახელოსნოების ნუსხის მიხედვით;

გ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დასახელებას, მისამართს, ტელეფონს;

დ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (ტიპი, მარკა, რეგისტრაციის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), საბურავების ზომები, თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობა“);

ე) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მოდელსა და ნომერს;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის მონაცემებს;

ზ) სახელოსნოსათვის მიმართვის მიზეზს;

თ) ინფორმაციას სახელოსნოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ;

ი) ინფორმაციას სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის  გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ, გამოვლენილი  უწესივრობების მითითებით (არსებობის შემთხვევაში).

15. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის ინსპექტირების დადებითი შედეგები დასტურდება მოწმობით მისი საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც ინახება ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.

16. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შემოწმების უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში ის უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.

17. აკრძალულია სიჩქარის შემზღუდველი იმ მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა შემოწმება დადგენილ ვადებში.

18. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ელექტრონული სახით ინფორმაციის არსებობა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შესახებ; თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია ამ ინფორმაციის მარეგისტრირებელი მოწყობილობა, დამატებით უნდა დაყენდეს ელექტრონული სპიდომეტრი.

19. თუ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა ან არასწორად ფუნქციონირებს, იგი უნდა შეკეთდეს აკრედიტებული სახელოსნოს (მექანიკოსის) მიერ. თუ შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების საწარმოში დაბრუნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გაფუჭების ან არასწორი ფუნქციონირების გამოვლენის დღიდან ერთი კვირის განმავლობაში, რემონტი უნდა შესრულდეს მარშრუტის გზასავალზე ფუნქციონირებად შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ  უახლოეს სახელოსნოში.

20. გადამზიდველი  უზრუნველყოფს:

ა) M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას, ქარხანა დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის  დროულ ტექნიკურ მომსახურებასა და დამოწმებას, მისი მწყობრიდან გამოსვლის ან შეფერხებებით ფუნქციონირების შემთხვევაში, მიმართავს შესაკეთებლად მხოლოდ უფლებამოსილ სახელოსნოებს;

დ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის შემოწმების ოქმებისა და  დამოწმების შესახებ მოწმობების შენახვას მათი ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.

21. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა  და სათანადო გამოყენებას.

 

მუხლი 7. კომპეტენტური ორგანოები

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.