დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტი - „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 398 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020107 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/08/2017 - 28/10/2024)
|
ტექნიკური რეგლამენტი –
„საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ
|
მუხლი 1 |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-14 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი
|
საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე, ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება: ა) დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე; ბ) საავიაციო, სარკინიგზო (მათ შორის, მეტროპოლიტენის), საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე; გ) საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე; დ) დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე; ვ) საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე; ბ) ბგერა – ადამიანის სმენის ანალიზატორის მიერ აღქმული მექანიკური (აკუსტიკური) რხევები 16 ჰც – 20 კჰც დიაპაზონში; გ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას; დ) ხმაურის დასაშვები დონე – ბგერის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის შრომისუნარიანობას, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე სისტემის ფუნქციური სისტემის არსებით ცვლილებას; ე) ტონალური ხმაური – ბგერა, რომლის სპექტრში გამოკვეთილი ტონებია. სპექტრის ერთ ზოლში ბგერის დონე მეზობელ ზოლთან შედარებით არანაკლებ 10 დბ-ით მეტია; ვ) იმპულსური ხმაური – ბგერა ერთი ან რამდენიმე ბგერითი სიგნალით, თითოეული 1 წმ-ზე ნაკლები ხანგრძლივობით. ამასთან, ბგერის დონეები განსხვავდება ერთმანეთისაგან არანაკლებ 7 დბ-ით; ზ) მუდმივი ხმაური – ბგერა, გაზომილი ხმაურმზომის დროითი მახასიათებლით „ნელა“, იცვლება დროში არაუმეტეს 5 დბA-ით; თ) არამუდმივი (ცვლადი) ხმაური – ბგერა, გაზომილი ხმაურმზომის დროითი მახასიათებლით „ნელა“, იცვლება დროში არაუმეტეს 5 დბA-ზე მეტი სიდიდით; ი) ფონური ხმაური – ყველა სიგნალის ჯამური დონე, საკვლევი წყაროს მიერ გენერირებულის გარდა; კ) Lდღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საღამო – 19:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე ); ლ) Lღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე); მ) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი; ნ) ბგერის ეკვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი; ო) ხმაურის დონის კონტროლი – ხმაურის დონის განსაზღვრა, რომელიც ტარდება საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან კომპეტენტური ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; პ) ხმაურის ჰიგიენური შეფასება (სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა) – შესაბამისი კომპეტენციის მქონე სუბიექტის მიერ აკუსტიკური ხმაურის დონის შეფასება „ISO 1996-1: 2003.“ აკუსტიკა. გარემოს ხმაურის დახასიათება, გაზომვა და შეფასება“, ნაწილი 1. „შეფასების ძირითადი სიდიდეები და პროცედურები“; ISO 1996-2: 2007 „აკუსტიკა. გარემოს ხმაურის დახასიათება და გაზომვა“, ნაწილი 2-ის მიხედვით სათანადო დასკვნისა და ექსპერტული რეკომენდაციების მიწოდების მიზნით, აგრეთვე აკუსტიკური ხმაურის დონის შეფასებასთან დაკავშირებით ISO-ის სხვა სტანდარტებით. ხმაურის ჰიგიენური შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს ნებაყოფლობით დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მიერ და არ გულისხმობს ხმაურის დონის კონტროლს; ჟ) განაშენიანების ტერიტორია – დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-ისა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ისა. მუხლი 3. ტექნიკური მოთხოვნები 1. ამ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე (ხმაურის დონის ექსპერტული შეფასება), ნორმირებადი პარამეტრია ხმაურმზომის A სკალით გაზომილი ბგერის დონე LAდბA მუდმივი ხმაურის, ხოლო ბგერის ეკვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის შემთხვევაში. 2. საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №1 დანართით. 3. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის. 4. აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვა ტარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული წესით (დანართი №2). მუხლი 4. ხმაურის მაჩვენებლები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე 1. აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვის შედეგების ჰიგიენური შეფასება (სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა) ტარდება ამ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ემყარება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს (მაგ., ISO 1996-1: 2003.“ აკუსტიკა. გარემოს ხმაურის დახასიათება, გაზომვა და შეფასება“, ნაწილი 1. „შეფასების ძირითადი სიდიდეები და პროცედურები“; ISO 1996-2: 2007“ აკუსტიკა. გარემოს ხმაურის დახასიათება და გაზომვა“, ნაწილი 2). 2. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, განსაზღვრონ სპეციალური ზონები (მაგ.: ტურისტულად აქტიური ზონები და გასართობი ზონები, სადაც განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ბარები, ღამის კლუბები და ა.შ.), რომელთა მიმართ შეუძლიათ დააწესონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისაგან განსხვავებული რეჟიმი. 3. საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ორგანო. 4. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება №1 დანართით დადგენილ ნორმებს. 5. თუ საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიებზე ფიქსირდება ან მოსალოდნელია ხმაურის მაჩვენებლები, რომლებიც აღემატება (მოსალოდნელია აღემატებოდეს) №1 დანართით განსაზღვრულ მნიშვნელობებს, მაშინ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ხმაური, უნდა უზრუნველყონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული ხმაურის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 5. ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკის ღონისძიებები 1. ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებებია: ა) ხმაურის წყაროში – საინჟინრო-ტექნიკური და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებები; ბ) ხმაურის გავრცელების გზაზე (ხმაურის წყაროდან ობიექტამდე) – ქალაქთმშენებლობისა და სამშენებლო-აკუსტიკური მეთოდები; გ) ხმაურისაგან დასაცავ ობიექტზე – შენობის კონსტრუქციების ხმაურსაიზოლაციო და ხმაურმშთანთქმელი თვისებების გაზრდის კონსტრუქციულ-სამშენებლო მეთოდები და არქიტექტურულ-გეგმარებითი მეთოდები. 2. აკუსტიკური ხმაურის მავნე მოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვა ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური, არქიტექტურულ-გეგმარებითი და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებებით. 3. ხმაურის საწინააღმდეგო საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებებია: ბგერის იზოლაცია, შენობების აკუსტიკურად რაციონალური მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტა, ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში ჩამხშობების გამოყენება, სათავსების აკუსტიკური დამუშავება, ხმაურის შემცირება ობიექტებზე სპეციალური ეკრანებითა და მწვანე ნარგავებით და ა.შ.. 4. ხმაურის საწინააღმდეგო არქიტექტურულ-გეგმარებითი ღონისძიებებია: საცხოვრებელი განაშენიანებისაგან ხმაურის წყაროს დაცილება, ხმაურის წყაროსა და საცხოვრებელ განაშენიანებას შორის ხმაურდამცავი ეკრანების განთავსება, საცხოვრებელი სახლების დაჯგუფების რაციონალური სქემის გამოყენება (ხმაურის წყაროსაგან დახურული ან ნახევრად დახურული შიდა სივრცის შექმნა) და ა.შ.. 5. ხმაურისაგან დაცვის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებებია, მაგალითად, ტრანსპორტის ხმაურიანი სახეების მაგისტრალებზე ღამის საათებში ექსპლოატაციის შეზღუდვა, ხმაურიანი რეაქტიული თვითმფრინავების (რომლებიც ქმნიან 80 დბA-ზე მეტ ხმაურს) უპირატესად დღისით ექსპლოატაცია. დანართი №1 აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიებზე
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ როგორც შიდა, ისე გარე წყაროების მიერ წარმოქმნილი ხმაური იმპულსური ან ტონალური ხასიათისაა, ნორმატივად ითვლება ცხრილში მითითებულ მნიშვნელობაზე 5 დბ A-ით ნაკლები სიდიდე. 2. აკუსტიკური ხმაურის ზემოაღნიშნული დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები), ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, ფუნქციური (ფონური) ხმაური (მაგ., ჩართული მუსიკა, მომუშავეთა და ვიზიტორთა საუბარი) გათვალისწინებული არ არის. დანართი №2 აკუსტიკური ხმაურის დონის ზედამხედველობა და კონტროლი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე (მეთოდური მითითებები) მუხლი 1. ხმაურის დონის ზედამხედველობა საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში 1. ეს მეთოდური მითითებები ადგენს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე ხმაურის დონის ზედამხედველობის წესს ჰიგიენური შეფასების მიზნით. 2. ხმაურის დონის ჰიგიენური შეფასება საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობების სათავსებში შესაძლებელია ჩატარდეს ნებაყოფლობით დაინტერესებული მხარის მოთხოვნით: ა) შენობის ექსპლუატაციაში მიღების წინ – კერძო საცხოვრებელი სახლების (მრავალბინიანის გარდა) და სააგარაკე ნაგებობების მშენებლობის გარდა; ბ) საცხოვრებელ სახლზე მიშენებული, მასში ჩაშენებული ობიექტების, აგრეთვე საცხოვრებელ განაშენიანებასთან ახლოს განთავსებული ობიექტების (რომლებსაც შეუძლიათ საცხოვრებელ სათავსებში ხმაურის მომატებული დონის შექმნა) ექსპლუატაციაში მიღების წინ.; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების საფუძველზე; დ) აკუსტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების შესამუშავებლად ინფორმაციის მისაღებად. 3. ხმაურის ჰიგიენური შეფასების ჩაუტარებლობა ან/და მისი შედეგი არ შეიძლება გახდეს შენობის/ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. 4. საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში ხმაურის ძირითადი წყაროებია: ა) ხმაურის გარე წყაროები: ტრანსპორტი, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოს წარმოება, (სამშენებლო, სარემონტო და სხვ.), თავისი ფუნქციონირების დროს ხმაურის მაგენერირებელი ობიექტები, სამრეწველო საწარმოები; ბ) ხმაურის შიდა წყაროები: საინჟინრო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა (ლიფტების, სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების სისტემების აღჭურვილობა, სატუმბი აღჭურვილობა, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სხვა სისტემები), საწარმოო და სხვა აღჭურვილობა საზოგადოებრივ შენობებში; გ) ჩაშენებულ და მიშენებულ სათავსებში განთავსებული ობიექტები. 5. ხმაურის ჰიგიენური შეფასება ხდება შესასწავლ სათავსში ან განაშენიანების ტერიტორიაზე გავლენის მქონე ხმაურის ყველა წყაროს გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ხმაურის ცალკეული წყაროს გავლენის თავისებურებები. 6. ხმაურის დონის გაზომვა ტარდება ცალ-ცალკე დღისა და ღამის საათებში. გაზომვისათვის შეირჩევა დროის ისეთი პერიოდი, რომელიც დამახასიათებელია ხმაურის რეჟიმისათვის კონტროლის მთელ პერიოდში. 7. ხმაურის ცალკეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. 8. ხმაურის ჰიგიენური შეფასების მიზნით, ხმაურის პარამეტრების გაზომვა ხორციელდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ, კანონმდებლობით გასაზღვრული წესით დამოწმებული ხმაურმზომი მოწყობილობების გამოყენებით. 9. ხმაურის ჰიგიენური შეფასებისას გაზომვა არ უნდა ჩატარდეს ღია ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექებისა და 5 მ/წმ-ზე მეტი ქარის შემთხვევაში. ქარის 1-5 მ/წმ სიჩქარის დროს გამოყენებული უნდა იქნეს ქარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ფარი). 10. ხმაურის ჰიგიენური შეფასებისას აღჭურვილობის მიერ გენერირებული ხმაურის გაზომვის ორგანიზაციის დროს მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები ფონური ხმაურის დონის შესამცირებლად: ა) იმ შემთხვევაში, თუ აღჭურვილობის მიერ გენერირებული ხმაურის დონესა და მის ფონურ მნიშვნელობას შორის სხვაობა არ აღემატება 10 დბA-ს, გაზომვის შედეგებში უნდა შევიდეს შესწორებები (ცხრილი 1): ცხრილი 1 ფონური ხმაურის დონის გათვალისწინება
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც უნდა შეფასდეს აღჭურვილობის მუშაობის გავლენა ხმაურის დონეზე, პირველად გაზომვები ტარდება აღჭურვილობის მუშაობის რეჟიმში, შემდეგ კი გაჩერებული აღჭურვილობის დროს; გ) თუ სხვაობა გაზომილი და ფონური ხმაურის დონეებს შორის 3 დბ A-ზე ნაკლებია, გაზომვის შედეგები სარწმუნო არ არის; დ) თუ სათავსში ან ტერიტორიაზე გაზომილი ხმაურის ჯამური დონე ხმაურის ყველა წყაროდან არ აღემატება დასაშვებ დონეს, ფონური ხმაურის გაზომვა არ ხდება. 11. ხმაურის დონის გაზომვის დროს შენობის ექსპლოატაციაში მიღებისას ავეჯისაგან ცარიელ ბინაში მიღებული შედეგისაგან ხდება 2 დბA-ს გამოკლება. 12. იმ შემთხვევაში, როდესაც ხმაურის მნიშვნელოვანი წყაროა ტრანსპორტი, გაზომვები ტარდება პიკის საათებში სახლის დაბალი, საშუალო და მაღალი სართულების ბინების იმ სათავსებში, რომლებიც ფანჯრებით ორიენტირებულია სატრანსპორტო მაგისტრალებზე. ამ დროს სათავსის შიდა (საინჟინრო-ტექნოლოგიური) აღჭურვილობა ფუნქციონირებს ჩვეულებრივ რეჟიმში. 13. თუ ხმაურის წყარო მუშაობს სხვადასხვა რეჟიმში, გაზომვა ტარდება წყაროს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის რეჟიმში. 14. ჰიგიენურ შეფასებას არ ექვემდებარება ისეთი ხმაური, რომელიც განპირობებულია: ა) ბუნებრივი და შემთხვევითი მოვლენებით; ბ) ადამიანების მოქმედებით, მათ მიერ სიჩუმისა და საზოგადოებრივი სიწყნარის დარღვევით საცხოვრებელ შენობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე (ბგერის წარმომქმნელი აპარატურის მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება, ხმამაღალი საუბარი და სიმღერა, რაიმე საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესრულება, ხელით შესასრულებელი დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების ჩატარება, კარების ხმაურით დახურვა და ა.შ.); გ) ბგერითი სიგნალებითა და ბგერითი დაცვითი და საავარიო სიგნალიზაციით; დ) ავარიულ-სამაშველო და ავარიული სარემონტო სამუშაოებით, ავარიის, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებით, რომლებიც არ ატარებს რეგულარულ ან გეგმურ ხასიათს; ე) მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (მიტინგები, ქუჩის მსვლელობები, დემონსტრაციები და სხვ.). მუხლი 2. ხმაურის დონის ზედამხედველობა საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე 1. ხმაურის დონის ზედამხედველობა საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე ტარდება: ა) სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრების დაზუსტებისას; ბ) მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესაძლებლობის საკითხის განხილვისას საცხოვრებელი განაშენიანებისათვის, სამედიცინო დაწესებულებების, საბავშვო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების და სხვ. მშენებლობისათვის; გ) საწარმოო ხმაურის კონტროლის სახით; დ) აკუსტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შესამუშავებლად ინფორმაციის მისაღებად; ე) იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების საფუძველზე. 2. განაშენიანების ტერიტორიებზე ხმაურის ძირითადი წყაროებია: ა) საწარმოები; ბ) საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო ტრანსპორტი; გ) ბგერის გამაძლიერებელი მოწყობილობები, მ.შ., სარეკლამო; დ) სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. 3. ხმაურის გაზომვის წერტილები შეირჩევა განაშენიანების ტერიტორიის საზღვარზე, ხმაურის წყაროსთან მაქსიმალურად მიახლოებული, შენობის კედლებიდან არანაკლებ 2 მ-ის დაცილებით (ბგერის არეკვლის შედეგად გაზომვის ცთომილების თავიდან აცილების მიზნით). გაზომვის წერტილების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს ხმაურის დონის შეფასებისათვის მოცემულ ტერიტორიაზე: ა) ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საცხოვრებელ სახლებს, საერთო საცხოვრებლებს, ბავშვთა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებს, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობების კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ-ის დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე; ბ) გაზომვების ჩატარებისას უნდა განისაზღვროს ხმაურის ხასიათი და სხვა დამახასიათებელი პარამეტრები (ზემოქმედების ხანგრძლივობა, შესვენებების ხანგრძლივობა და სხვ.), რომლებიც აუცილებელია სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის ჩატარებისათვის; გ) ხმაურის დონის გაზომვა ხდება როგორც დღის, ისე ღამის პერიოდში. გაზომვისათვის შეირჩევა ისეთი პერიოდი, როდესაც მოსალოდნელია ხმაურის მაქსიმალური დონის დაფიქსირება. მუხლი 3. ხმაურის დონის კონტროლი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე 1. ხმაურის დონის კონტროლი სათავსებში ხმაურის მომატებულ დონეზე ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით გასაზღვრული წესით დამოწმებული ხმაურმზომის გამოყენებით. 2. ხმაურის გაზომვის პირობები და ხმაურმზომის ექსპლუატაციის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლუატაციის ინსტრუქციას. 3. საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში ხმაურის გაზომვა უნდა ჩატარდეს სათავსში თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ-ის დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე. 4. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებს, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობების კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ-ის დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე. 5. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისაგან არანაკლებ 0,5 მ-ით. თუ სათავსში შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ. 6. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა. 7. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით: ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები; ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ-ის განმავლობაში. 8. მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა. 9. ხმაურის გაზომვის შედეგები ფორმდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ხმაურის დონის მნიშვნელობა აითვლება 1 დბ A სიზუსტით, სიდიდის საერთოდ მიღებული წესით დამრგვალების გათვალისწინებით. |
დოკუმენტის კომენტარები