საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200-48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016485
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
200-48
04/04/2017
ვებგვერდი, 08/08/2017
480610000.03.030.016485
საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2017 - 16/02/2018)

 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ


 

საქართველო

და

ევროპის პოლიციის სამსახური (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“)

გაცნობიერებული აქვთ რა ის გადაუდებელი პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულიდან, განსაკუთრებით ტერორიზმიდან და მძიმე დანაშაულის სხვა ფორმებიდან,

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ ევროპოლის მმართველთა საბჭომ 2015 წლის 1 დეკემბერს მიანიჭა უფლებამოსილება ევროპის პოლიციის სამსახურს (შემდგომში წოდებული როგორც „ევროპოლი“), დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც საქართველო ჩართულ იქნა საბჭოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული იმ მესამე ქვეყნებისა და ორგანიზაციების სიაში, რომლებთანაც ევროპოლი დადებს შეთანხმებებს,

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ ევროპის კავშირის საბჭომ 2017 წლის 23 იანვარს მიანიჭა უფლებამოსილება ევროპოლს, გამოხატოს თანხმობა საქართველოსა და ევროპოლს შორის წინამდებარე შეთანხმების თაობაზე,

პატივს სცემენ რა ევროპოლის ვალდებულებებს ევროპის კავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის თანახმად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე შეთანხმების მიზანია, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობები საქართველოსა და ევროპოლს შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის და წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სფეროებში შემავალი საერთაშორისო დანაშაულის სხვა ფორმების თავიდან აცილებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერისთვის, კერძოდ, საქართველოსა და ევროპოლს შორის ინფორმაციის გაცვლის გზით.

მუხლი 2

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის:

a)  „ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება“ ნიშნავს ევროპის პოლიციის სამსახურის (ევროპოლი) შექმნის შესახებ 2009 წლის 6 აპრილის საბჭოს გადაწყვეტილებას, OJ L 121, 15.5.2009;

b)  „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს: იდენტიფიცირებადი პირი არის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შეიძლება მოხდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან მისი მახასიათებელი ერთ-ერთი ან რამდენიმე ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნით;

c)  „პერსონალურ მონაცემთა დამუშავება“ (შემდგომში წოდებული როგორც „დამუშავება“) ნიშნავს პერსონალურ მონაცემთა მიმართ ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას ან მოქმედებათა ერთობლიობას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, ადაპტირებას ან შეცვლას, გამოთხოვას, კონსულტაციას, გამოყენებას, გამჟღავნებას გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას;

d)      „ინფორმაცია“ ნიშნავს პერსონალურ და არაპერსონალურ მონაცემებს.

თავი I - მოქმედების სფერო

მუხლი 3

დანაშაულის სფეროები

1. წინამდებარე შეთანხმებით დამყარებული თანამშრომლობა ეხება დანაშაულის ყველა იმ სფეროს, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, რომელიც განეკუთვნება ევროპოლის კომპეტენციას, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში.

2. დაკავშირებული დანაშაულები არის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საშუალებების მოპოვების მიზნით, დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ასეთი ქმედებების ხელშეწყობის ან განხორციელების მიზნით და დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ასეთი ქმედებების დაუსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ევროპოლის კომპეტენცია ნებისმიერი სახით შეიცვლება წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-თან მიმართებაში, ევროპოლის კომპეტენციასთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან ევროპოლს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების 25-ე მუხლის თანახმად წერილობით შესთავაზოს საქართველოს, რომ წინამდებარე შეთანხმება გამოყენებულ იქნეს ახალი კომპეტენციის შესაბამისად.

მუხლი 4

თანამშრომლობის სფეროები

ინფორმაციის გაცვლის გარდა, ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებით ევროპოლისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, თანამშრომლობამ, კერძოდ, შეიძლება მოიცვას სპეციალიზებული ცოდნის, ზოგადი ვითარების შესახებ ანგარიშების, სტრატეგიული ანალიზის შედეგების, სისხლის სამართლის საგამოძიებო პროცედურების, დანაშაულის თავიდან აცილების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ტრენინგებში მონაწილეობა, აგრეთვე სისხლის სამართლის კონკრეტულ გამოძიებებთან დაკავშირებით რჩევის მიცემა და დახმარების აღმოჩენა.

მუხლი 5

ურთიერთობა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან

წინამდებარე შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ან სხვაგვარი გავლენა ან ზემოქმედება არ უნდა მოახდინოს სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დებულებებზე, თანამშრომლობის შესახებ ნებისმიერ სხვა შეთანხმებაზე ან რეგულაციაზე, ან საქართველოსა და ევროპის კავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შორის ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით სამართალდაცვით სფეროში არსებულ სამუშაო ურთიერთობებზე.

თავი II - თანამშრომლობის ფორმა

მუხლი 6

ეროვნული საკონტაქტო პუნქტი

1. საქართველო განსაზღვრავს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს, რომელიც იმოქმედებს როგორც ცენტრალური საკონტაქტო პუნქტი ევროპოლსა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის.

2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა ევროპოლსა და საქართველოს შორის ხორციელდება ევროპოლსა და ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს შორის. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გამორიცხავს ევროპოლსა და წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის ინფორმაციის უშუალო გაცვლას, თუ ორივე მხარე ამას სათანადოდ მიიჩნევს.

3. ეროვნული საკონტაქტო პუნქტი აგრეთვე წარმოადგენს ცენტრალურ საკონტაქტო პუნქტს წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების გადახედვასთან, გასწორებასთან ან/და წაშლასთან დაკავშირებით.

4. ეროვნული საკონტაქტო პუნქტი ამასთანავე წარმოადგენს ცენტრალურ საკონტაქტო პუნქტს საქართველოში დაფუძნებული კერძო მხარეებისგან მიღებული პერსონალური მონაცემების, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისგან მიღებული ინფორმაციის ევროპოლისთვის გადაცემაზე.

5. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმაციის გაცვლა აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. ეროვნულმა საკონტაქტო პუნქტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებთან განხორციელდეს დაყოვნების გარეშე.

6. საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პუნქტი განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში.

მუხლი 7

კომპეტენტური ორგანოები

1. კომპეტენტური ორგანოები არის საქართველოში არსებული ყველა საჯარო უწყება, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისინი მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, ევროპოლის მიერ ინფორმაციის გადაცემა საქართველოსთვის და ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ფარგლებში უნდა შემოიფარგლოს აღნიშნული კომპეტენტური ორგანოებით.

მუხლი 8

კონსულტაციები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა

1. თანამშრომლობის ხელშეწყობის და წინამდებარე შეთანხმების დებულებების განვითარების გაძლიერების, აგრეთვე მათი მონიტორინგის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა რეგულარული შეხვედრების გამართვა, კერძოდ:

a) ევროპოლსა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის რეგულარულად უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები წინამდებარე შეთანხმებასთან და ზოგადად თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად;

b) ეროვნული საკონტაქტო პუნქტის წარმომადგენელმა და ევროპოლმა რეგულარულად უნდა გაიარონ ერთმანეთთან კონსულტაციები პოლიტიკასთან და საერთო ინტერესთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიანთი ამოცანების განხორციელებისა და თავიანთი შესაბამისი საქმიანობის კოორდინირების მიზნით;

c)  ეროვნული საკონტაქტო პუნქტის წარმომადგენელი შეიძლება მიწვეულ იქნეს ევროპოლის ეროვნული დანაყოფების ხელმძღვანელთა შეხვედრებზე დასასწრებად.

2. საჭიროების შემთხვევაში, საჭირო დონეზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და ევროპოლის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დანაშაულის სფეროებზე, თავიანთი კონკრეტული საქმიანობის ორგანიზების ყველაზე ეფექტიანი გზის შეთანხმების მიზნით.

მუხლი 9

მეკავშირე ოფიცრები

1. მხარეები თანხმდებიან, გააფართოონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა საქართველოს მეკავშირე ოფიცრ(ებ)ის წარგზავნის გზით. ევროპოლს თავისი ნება-სურვილიდან გამომდინარე შეუძლია თანაბრად განიხილოს მეკავშირე ოფიცრ(ებ)ის საქართველოში წარგზავნის საკითხი.

2. მეკავშირე ოფიცრების ამოცანები, უფლებები და ვალდებულებები, მათი რაოდენობა და დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება წერილების გაცვლის გზით.

3. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მეკავშირე ოფიცრებს ჰქონდეთ სწრაფი და, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, პირდაპირი წვდომა მონაცემთა ეროვნულ ბაზებთან, რაც აუცილებელია მათთვის თავიანთი შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად.

4. ევროპოლი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება საქართველოს ნიდერლანდების სამეფოსთან შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს მიერ წარგზავნილი მეკავშირე ოფიცრების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების საკითხებს. საქართველოს ტერიტორიაზე ევროპოლის მეკავშირე ოფიცერი ისარგებლებს ისეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როგორიც მინიჭებული აქვთ საქართველოში განთავსებული შესაბამისი რანგის მქონე დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის წევრებს.

თავი III - ინფორმაციის გაცვლა

მუხლი 10

ზოგადი დებულებები

1. მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული მიზნით და ამ დებულებების შესაბამისად.

2. მხარეების მიერ პერსონალური მონაცემებისა და საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უნდა გამომდინარეობდეს ცალკეულ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილების ან მათ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობიდან.

3. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით საქართველოს მიერ პერსონალური მონაცემების, მათ შორის ისეთი პერსონალური მონაცემების, რომლებიც მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად, დამუშავება ექვემდებარება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, განსაკუთრებით მონაცემთა დაცვის შესახებ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

4. მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც იქნა შეგროვებული, შენახული და გადაცემული თავიანთი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და რომელიც არ იქნა აშკარად მოპოვებული ადამიანის უფლებათა დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპოლი, კერძოდ, იმოქმედებს საბჭოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-20 (4) მუხლით, რომლითაც დამტკიცებულია ევროპოლის მხრიდან პარტნიორებთან ურთიერთობის, მათ შორის, პერსონალური მონაცემებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მარეგულირებელი საიმპლემენტაციო წესები.

5. ფიზიკურ პირებს აქვთ უფლება, გაეცნონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაცემულ მათთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შეამოწმონ, გაასწორონ ან წაშალონ ასეთი ინფორმაცია. აღნიშნული უფლებით სარგებლობის შემთხვევებში, მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შედგება კონსულტაცია გადამცემ მხარესთან.

6.  წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაცემულ ინფორმაციაზე საჯარო წვდომის შესახებ მოთხოვნები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა წარედგინოს გადამცემ მხარეს მისი თანხმობისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს, თუ ამას ეწინააღმდეგება გადამცემი მხარე.

მუხლი 11

პერსონალურ მონაცემთა გადაცემა

1. პერსონალურ მონაცემთა შესახებ მხარეების მოთხოვნები უნდა შეიცავდეს მითითებას მათ მიზანსა და მიზეზზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული მითითების არარსებობის შემთხვევაში, მხარეებს არ აქვთ უფლება, გადასცენ პერსონალური მონაცემები.

3. პერსონალურ მონაცემთა გადაცემისას ან გადაცემამდე მხარეებმა უნდა მიუთითონ მონაცემთა გადაცემის მიზანი და ნებისმიერი შეზღუდვები, რომლებიც ეხება მათ გამოყენებას, წაშლას ან განადგურებას, მათ შორის ზოგადად ან სპეციალური პირობებით გათვალისწინებული მათთან წვდომის შესაძლო შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეზღუდვების საჭიროება გამოიკვეთება მიწოდების შემდეგ, მხარეებმა ასეთი შეზღუდვების თაობაზე უნდა აცნობონ ერთმანეთს მოგვიანებით.

4. მხარეებმა უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე, მიღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში, უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა გადაცემული პერსონალური მონაცემები აუცილებელი იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა და თუ რა მოცულობით, და აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობონ გადამცემ მხარეს. პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს მაშინვე, როდესაც მონაცემები აღარ არის აუცილებელი იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა.

 5. რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულების ან რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის, ან პროფესიული კავშირის წევრობის გამომვლინებელი და პირის ჯანმრთელობასთან ან სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები მხარეებს შეუძლიათ გადასცენ და შემდგომ დაამუშაონ ასეთი გადაცემული პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მკაცრად აუცილებელია.

6. ევროპოლმა უნდა აწარმოოს პერსონალურ მონაცემთა ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული ყველა კომუნიკაციისა და ასეთი კომუნიკაციების საფუძვლების აღრიცხვა.

მუხლი 12

ინფორმაციის გამოყენება

1. მიზნის საფუძველზე გადაცემული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ის გადაიცა და მხარეებმა პატივი უნდა სცენ მის გამოყენებაზე, წაშლასა და განადგურებაზე დაწესებულ ნებისმიერ შეზღუდვას, მათ შორის, ზოგადად ან სპეციალური პირობებით გათვალისწინებულ, მასთან წვდომაზე დაწესებულ შესაძლო შეზღუდვებს.

2. ინფორმაციის გამოყენება სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ეს ინფორმაცია გადაიცა, ნებადართული უნდა იყოს გადამცემი მხარის მიერ.

მუხლი 13

მიღებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა

1. საქართველოს მიერ მიღებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა უნდა შემოიფარგლოს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოებით და უნდა განხორციელდეს იმავე პირობებით, რაც განსაზღვრულია პირველადი გადაცემისთვის. ნებისმიერი სხვა შემდგომი გადაცემა, მათ შორის მესამე სახელმწიფოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, უნდა შეთანხმდეს ევროპოლთან.

2. ევროპოლის მიერ მიღებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა უნდა შემოიფარგლოს დანაშაულების თავიდან აცილებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ორგანოებით და უნდა განხორციელდეს იმავე პირობებით, რაც განსაზღვრულია პირველადი გადაცემისთვის. ნებისმიერი სხვა შემდგომი გადაცემა, მათ შორის მესამე სახელმწიფოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, უნდა შეთანხმდეს საქართველოსთან.

მუხლი 14

პერსონალურ მონაცემთა შენახვა, გადახედვა, გასწორება და წაშლა

1. მხარეებმა უნდა შეინახონ პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი გადაცემის მიზნისთვის. შემდგომი შენახვის საჭიროება გადახედილი უნდა იქნეს გადაცემიდან არაუგვიანეს სამი წლის ვადაში. გადახედვისას მხარეებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მონაცემთა შემდგომ შენახვაზე მომდევნო გადახედვამდე, რაც უნდა განხორციელდეს შემდგომი სამწლიანი პერიოდის შემდეგ, თუ აღნიშნული ჯერ კიდევ აუცილებელია მათი ამოცანების შესასრულებლად. თუ მონაცემთა შემდგომ შენახვაზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აღნიშნული მონაცემები ავტომატურად უნდა წაიშალოს.

2. თუ მხარეს აქვს მიზეზი, იფიქროს, რომ მის მიერ წინასწარ გადაცემული პერსონალური მონაცემები არის არასწორი, არაზუსტი, აღარ არის განახლებული ან რომ ისინი არ უნდა გადაცემულიყო, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს, რომელმაც უნდა გაასწოროს ან წაშალოს პერსონალური მონაცემები და გააგზავნოს შეტყობინება ამის შესახებ.

3. თუ მხარეს აქვს მიზეზი, იფიქროს, რომ მის მიერ წინასწარ მიღებული პერსონალური მონაცემები არის არასწორი, არაზუსტი, აღარ არის განახლებული ან რომ ისინი არ უნდა გადაცემულიყო, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ევროპოლს ეცნობება საქართველოდან მიღებული მონაცემების გასწორების ან წაშლის თაობაზე, მას მაინც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის არწაშლის თაობაზე, თუ მას აქვს შემდგომი საჭიროება, დაამუშაოს ასეთი ინფორმაცია იმის გათვალისწინებით, რომ მის ფაილებში არსებული ინფორმაცია უფრო მოცულობითია ვიდრე ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საქართველო. ევროპოლმა უნდა აცნობოს საქართველოს ასეთი ინფორმაციის შემდგომი შენახვის თაობაზე. თუმცა, როდესაც ევროპოლი წაშლის მონაცემებს, ევროპოლმა ამის შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს.

მუხლი 15

წყაროსა და ინფორმაციის შეფასება

1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეების მიერ ინფორმაციის მიწოდების დროს შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიეთითოს ინფორმაციის წყარო შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

a. როდესაც არ არსებობს ეჭვი წყაროს ავთენტურობასთან, სანდოობასთან და კომპეტენციასთან დაკავშირებით, ან ინფორმაცია მიწოდებულია ისეთი წყაროს მიერ, რომელსაც წარსულში დამტკიცებული აქვს თავისი საიმედოობა ყველა შემთხვევაში;

b. წყაროს, რომლისგანაც იქნა მიღებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში აქვს დამტკიცებული თავისი საიმედოობა;

c. წყაროს, რომლისგანაც იქნა მიღებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში აქვს დამტკიცებული თავისი არასაიმედოობა;

x. წყაროს საიმედოობის შეფასება ვერ ხერხდება.

2. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეების მიერ ინფორმაციის მიწოდების დროს შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიეთითოს ინფორმაციის საიმედოობა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

1.  ინფორმაცია, რომლის სიზუსტესთან დაკავშირებითაც არ არსებობს ეჭვი;

2.  ინფორმაცია, რომელიც ცნობილია პირადად წყაროსთვის, მაგრამ არ არის ცნობილი პირადად იმ თანამშრომლისთვის, რომელიც მას გადასცემს;

3.  ინფორმაცია, რომელიც არ არის ცნობილი პირადად წყაროსთვის, მაგრამ იგი დასტურდება უკვე  აღრიცხული სხვა ინფორმაციით;

4.  ინფორმაცია, რომელიც არ არის ცნობილი პირადად წყაროსთვის, და ვერ ხერხდება მისი დადასტურება.

3. თუ ერთ-ერთი მხარე მის მფლობელობაში უკვე არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ საჭიროა მეორე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შეფასების გასწორება, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამის თაობაზე და ეცადოს შეფასებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. არცერთ მხარეს არ შეუძლია მიღებული ინფორმაციის შეფასების შეცვლა ასეთი შეთანხმების გარეშე.

4. თუ მხარე იღებს ინფორმაციას შეფასების გარეშე, მან შესაძლებლობის ფარგლებში და გადამცემ მხარესთან შეთანხმებით უნდა ეცადოს, შეაფასოს წყაროს ან ინფორმაციის საიმედოობა მის მფლობელობაში უკვე არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ინფორმაციის კონკრეტული სახეობებისა და კონკრეტული წყაროების შეფასების ზოგად წესებზე, რაც უნდა აისახოს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში. თუ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდა ასეთი ზოგადი შეთანხმებების საფუძველზე, ეს უნდა მიეთითოს აღნიშნულ ინფორმაციაში.

6. თუ შეუძლებელია სარწმუნო შეფასების გაკეთება, ან არ არსებობს ზოგადი წესების შესახებ შეთანხმება, ინფორმაცია განხილული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის („x ) ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად.

მუხლი 16

მონაცემთა უსაფრთხოება

მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გაცვლილი ან მიღებული ინფორმაცია დაცული იქნეს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით. ასეთი ზომები აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათით გათვალისწინებული საშუალებები არის იმ მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც, დაცვის თვალსაზრისით, იქნა ისინი შემოღებული, და რომლებიც გამიზნულია, რათა:

1) არაუფლებამოსილ პირებს არ მიეცეთ წვდომა იმ აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება პერსონალურ მონაცემთა დასამუშავებლად (აღჭურვილობაზე წვდომის კონტროლი),

2) თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა შემცველის უნებართვო წაკითხვა, კოპირება, მოდიფიცირება ან წაშლა (კონტროლი მონაცემთა შემცველზე),

3) თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა უნებართვო შეტანა და უნებართვო შემოწმება, შენახული პერსონალური მონაცემების მოდიფიცირება ან წაშლა (კონტროლი შენახვაზე),

4) თავიდან იქნეს აცილებული იმ არაუფლებამოსილ პირთა მხრიდან მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემების გამოყენება, რომლებიც იყენებენ მონაცემთა კომუნიკაციის აღჭურვილობას (მომხმარებელთა კონტროლი),

5) უზრუნველყოფილ იქნეს, რომ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემები, ჰქონდეთ წვდომა მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებთანაც მათ გააჩნიათ დაშვება (კონტროლი მონაცემთა წვდომაზე),

6) უზრუნველყოფილ იქნეს იმ ორგანოთა გადამოწმების და დადგენის შესაძლებლობა, რომლებსაც შეიძლება გადაეცეს ან რომლებსაც გადაეცა პერსონალური მონაცემები მონაცემთა კომუნიკაციის აღჭურვილობის გამოყენებით (კონტროლი კომუნიკაციაზე),

7) უზრუნველყოფილ იქნეს იმ პერსონალურ მონაცემთა გადამოწმების და დადგენის შესაძლებლობა, რომლებიც შეტანილ იქნა მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემებში, და როდის და ვის მიერ მოხდა პერსონალური მონაცემების შეტანა (კონტროლი შეტანაზე),

8)  თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა უნებართვო წაკითხვა, კოპირება, მოდიფიცირება ან წაშლა პერსონალურ მონაცემთა გადაცემის დროს ან მონაცემთა შემცველის ტრანსპორტირების დროს (კონტროლი ტრანსპორტირებაზე),

9) უზრუნველყოფილ იქნეს დაყენებული სისტემების დაუყოვნებლივ აღდგენის შესაძლებლობა მათი შეფერხების შემთხვევაში (აღდგენა),

10) უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის ხარვეზების გარეშე ფუნქციონირება, ფუნქციონირებისას ხარვეზების წარმოქმნის შესახებ დაუყოვნებელი შეტყობინება (საიმედოობა) და სისტემის გაუმართავი მუშაობის გამო შენახული პერსონალური მონაცემების დაუზიანებლობა (მთლიანობა).

თავი IV - თანამშრომლობის სხვა ფორმები

მუხლი 17

ანალიზის ჯგუფებში ასოცირება

1. ევროპოლს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტები საქართველოდან, რომლებიც ასოცირებულნი იქნებიან ანალიზის ჯგუფების საქმიანობასთან, და ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მე-14 (8) მუხლით გათვალისწინებული პირობების თანახმად დადოს ასოცირების შესახებ შეთანხმება ამ მიზნით.

2. ასოცირების შესახებ აღნიშნული შეთანხმებები კერძოდ მისცემს შესაძლებლობას ასოცირებულ ექსპერტებს:

a. დაესწრონ ანალიზის ჯგუფის შეხვედრებს, და

b.  მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღონ ინფორმაცია ევროპოლისგან ანალიზის შესაბამისი სამუშაო ფაილის განვითარებაზე, და

c. მიიღონ ანალიზის შედეგები საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპოლის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების მე-19 (2) და 24-ე (1) მუხლების პირობების დაცვით და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

მუხლი 18

ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში მონაწილეობა

საქართველომ და ევროპოლმა უნდა შესთავაზონ ერთმანეთს დახმარება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნისა და ოპერირების ხელშეწყობის მიზნით.

თავი V - ინფორმაციის კონფიდენციალურობა

მუხლი 19

უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრინციპები

თითოეულმა მხარემ უნდა:

1.  დაიცვას არაკლასიფიცირებული ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად სხვადასხვა ზომების მეშვეობით, რომლებიც მათ შორის მოიცავს დისკრეციისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებას, მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალის მიერ წვდომასა და ზოგად ტექნიკურ და პროცედურულ ზომებს, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც პირდაპირ არის განსაზღვრული ან ცხადად ამოცნობადია როგორც საჯარო ინფორმაცია;

2.  დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებისა და წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად;

3.  უზრუნველყოს უსაფრთხოების ორგანიზების, ზოგადი საფუძვლებისა და ზომების არსებობა. მხარეები ორმხრივად აღიარებენ და იყენებენ თავიანთ შესაბამის უსაფრთხოების სისტემებში და პროცედურებში დანერგილ ზოგად პრინციპებსა და მინიმალურ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის სულ მცირე ეკვივალენტურ დონეზე დაცვა;

4. უზრუნველყოს, რომ შენობებს, სადაც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია ინახება, გააჩნდეთ ფიზიკური უსაფრთხოების სათანადო დონე მხარის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად;

5. უზრუნველყოს, რომ ინფორმაციის გაცნობა და მისი ფლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც მათი მოვალეობებიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე საჭიროებენ ასეთი ინფორმაციის გაცნობას ან საჭიროებენ მასთან მოპყრობას;

6.  უზრუნველყოს, რომ ყველა პირი, რომელიც მისი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში საჭიროებს ან მისი მოვალეობებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე შეიძლება საჭიროებდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, დაექვემდებაროს უსაფრთხოების ძირითად შემოწმებას მხარის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად;

7.  იკისროს პასუხისმგებლობა მეორე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციისთვის სათანადო საიდუმლოობის ხარისხის შერჩევაზე;

8.  უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია ინარჩუნებს ისეთივე საიდუმლოობის ხარისხს, როგორიც მინიჭებულია წარმომშობი მხარის მიერ. მიმღებმა მხარემ უნდა დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი თავისი სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;

9. არ გამოიყენოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია ან არ დაუშვას მისი გამოყენება წარმომშობის წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ ასეთი გამოყენება არ შეესაბამება იმ მიზნებს და არ ექცევა იმ ნებისმიერი შეზღუდვის ფარგლებში, რომლებიც მითითებულია წარმომშობის მიერ ან მისი სახელით;

10. არ გაუმჟღავნოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეებს ან არ დაუშვას მისი მათთვის გამჟღავნება წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 20

კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული გარანტიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მხარეებს შორის გაცვლილი ინფორმაციის დაცვა უნდა დარეგულირდეს მხარეებს შორის შეთანხმებული კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული გარანტიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით, რომელიც მოახდენს წინამდებარე თავში მოცემული პრინციპების იმპლემენტაციას. ასეთმა მემორანდუმმა, კერძოდ, უნდა მოიცვას დებულებები მხარეთა უსაფრთხოების ორგანიზაციაზე, განათლებასა და ტრენინგზე, უსაფრთხოების შემოწმების სტანდარტებზე, ეკვივალენტობის ცხრილზე, საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობასა და ინფორმაციული გარანტიის მნიშვნელობაზე. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა დამოკიდებულია კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული გარანტიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის დადებაზე.

თავი VI - დავები და პასუხისმგებლობა

მუხლი 21

პასუხისმგებლობა

1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის გაცვლის დროს სამართლებრივი ან ფაქტობრივი ხარვეზების შედეგად. არცერთ მხარეს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ მეორე მხარემ მას მიაწოდა არაზუსტი ინფორმაცია, იმ მიზნით, რათა თავიდან აიცილოს მისი პასუხისმგებლობა დაზარალებულ მხარესთან მიმართებით თავისი შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად.

2. თუ აღნიშნული სამართლებრივი ან ფაქტობრივი ხარვეზები გამოწვეულია ინფორმაციის შეცდომითი კომუნიკაციის ან მეორე მხარის მხრიდან მისი წილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ისინი ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში აანაზღაურონ ნებისმიერი ის თანხა, რაც გადახდილ იქნა კომპენსაციისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეორე მხარემ ინფორმაცია გამოიყენა წინამდებარე შეთანხმების დარღვევით.   

3. მხარეებმა არ უნდა მოითხოვონ ერთმანეთისგან საჯარიმო ან არაკომპენსირებადი ზიანის ანაზღაურება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 22

დავების გადაწყვეტა

1. ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

2. ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, ან თუ მხარეს მიაჩნია, რომ ასეთი ხარვეზები შეიძლება უახლოეს მომავალში წარმოიშვას, თითოეულ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, სანამ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე შეთანხმებით მხარეებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები ძალაში რჩება.

თავი VII - დასკვნითი დებულებები

მუხლი 23

უსაფრთხო კომუნიკაციის არხი

1. საქართველოსა და ევროპოლს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, იმპლემენტაციისა და ოპერირების საკითხი დარეგულირდება მხარეებს შორის შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით.

2. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ევროპოლის მიერ, ხოლო მისი ყოველთვიური ფუნქციონირების ხარჯებს გადაინაწილებენ მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული პროპორციების შესაბამისად.

3. წინამდებარე შეთანხმების 21-ე მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეს დაეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნასთან, იმპლემენტაციასთან ან ოპერირებასთან მიმართებით არამართლზომიერი ქმედებების შედეგად მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანისთვის.

4. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, იმპლემენტაციის და ოპერირების შესახებ დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად. 

მუხლი 24

ხარჯები

მხარეებმა უნდა დაფარონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში წარმოშობილი თავიანთი საკუთარი ხარჯები, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

მუხლი 25

ცვლილებები და დამატებები

1. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები წერილობით ნებისმიერ დროს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ნებისმიერი ცვლილება მოწონებული უნდა იქნეს ევროპის კავშირის საბჭოს მიერ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში.

2. წინამდებარე შეთანხმების დანართებში, ასევე წინამდებარე შეთანხმების მე-3 (3) მუხლის დებულებებში ცვლილებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხარეებს შორის ნოტების გაცვლის გზით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა უკანასკნელი ნოტის მიღების დღიდან. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე შეთანხმების დანართებში ცვლილებების შეტანა შეიძლება შეთანხმდეს ევროპის კავშირის საბჭოს მხრიდან მოწონების გარეშე.

4. მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ან მის დანართებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 26

ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ეხება ევროპოლის მიერ საქართველოდან შიდა სარატიფიკაციო პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღებას.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით, წინამდებარე შეთანხმების 27-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, მიმართებით, სადაც საქართველოს მთავრობა არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, გავრცელდება მაშინ, როდესაც საქართველო უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების სრულ იმპლემენტაციასა და განხორციელებას, შესაბამისად, მის მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 27

შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა შესაძლებელია თითოეული მხარის მიერ სამი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გზით.

2. მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმ ინფორმაციის შემდგომ გამოყენებასა და შენახვაზე, რომლის კომუნიკაციაც უკვე განხორციელდა მათ შორის. თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, თითოეული მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განადგურება ან გადამცემი მხარისთვის მისი დაბრუნება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე შეთანხმების სამართლებრივი შედეგები ძალაში რჩება.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 4 აპრილს, ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს

სახელით

 

ევროპოლის

სახელით

 

 

 

გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი

 

 

რობ უეინრაითი

დირექტორი

 

 

დანართი 1 – დანაშაულის სფეროები

 

ევროპოლის კომპეტენცია მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს და მძიმე დანაშაულის სხვა ფორმებს, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოზე იმგვარად, რომ დანაშაულების მასშტაბის, მნიშვნელობისა და შედეგების გათვალისწინებით საჭირო ხდება წევრი სახელმწიფოების მხრიდან საერთო მიდგომის ფორმირება.

მძიმე დანაშაულის ზემოხსენებული სხვა ფორმები არის შემდეგი:

–  ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა,

–    ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა,

– ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული,

–   მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა,

–   ადამიანით ვაჭრობა,

–    ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული,

–   მკვლელობა, სხეულის მძიმე დაზიანება,

–   ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილით უკანონო ვაჭრობა,

–   თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად ხელში ჩაგდება,

–    რასიზმი და ქსენოფობია,

–   ორგანიზებული ყაჩაღობა და ძარცვა,

–  კულტურული ღირებულების მქონე ნივთებით, მათ შორის სიძველეებითა და ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობა,

–   თაღლითობა,

–   რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა და გამოძალვა,

–   გაყალბება და პროდუქციაზე საავტორო უფლების დარღვევა,

–  ადმინისტრაციული დოკუმენტების გაყალბება და მათით ვაჭრობა,

–    ფულისა და ანგარიშსწორების საშუალებების გაყალბება,

–    კომპიუტერული დანაშაული,

–    კორუფცია,

– იარაღით, საბრძოლო მასალებითა და ფეთქებადი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა,

–  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა,

–  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა,

–  გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული,

–  ჰორმონალური და ზრდის წამახალისებელი სხვა ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა[1].

დანაშაულის ზემოხსენებულ ფორმებთან მიმართებით, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) „ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული“ ნიშნავს დანაშაულებს, რომლებიც მოცემულია „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ 1980 წლის 3 მარტს ქ. ვენასა და ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილი კონვენციის მე-7 (1) მუხლში და რომლებიც დაკავშირებულია ევროპის ატომური თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების 197-ე მუხლითა და მაიონიზირებელი რადიაციისგან წარმოშობილი საფრთხისგან დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და  საზოგადოების დაცვის ძირითადი უსაფრთხოების სტანდარტების მარეგულირებელი 1996 წლის 13 მაისის 96/29/Euratom საბჭოს დირექტივით[2] განსაზღვრულ ბირთვულ ან/და რადიოაქტიურ მასალებთან;

(b)  „მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა“ ნიშნავს საქმიანობას, რომელიც ფინანსური სარგებლის გამო განზრახ არის გამიზნული, რათა მოხდეს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შესვლის, ცხოვრების ან დასაქმების ხელშეწყობა წევრ სახელმწიფოებში მოქმედი წესებისა და პირობების დარღვევით;

(c) „ადამიანით ვაჭრობა“ ნიშნავს ექსპლუატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმების გამოყენებას, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლუატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებს, პორნოგრაფიული მასალის წარმოებას, გასაღებას ან გავრცელებას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას;

(d) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სატვირთოების, ნახევარმისაბმელების, სატვირთოების ან ნახევარმისაბმელების ტვირთის, ავტობუსების, მოტოციკლების, სატრანსპორტო კოლონების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების, სამუშაოებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და ასეთი საშუალებების სათადარიგო ნაწილების გატაცებას ან მითვისებას და ასეთი ობიექტების მიღებას და გადამალვას;

(e) „ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა“ ნიშნავს „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ“ 1990 წლის 8 ნოემბერს ქ. სტრასბურგში ხელმოწერილი ევროპის საბჭოს კონვენციის მე-6 (1) და (3) მუხლში მოცემულ დანაშაულებს;

(f) „ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა“ ნიშნავს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის 20 დეკემბრის გაეროს კონვენციის მე-3 (1) მუხლში და ამ კონვენციის შემსწორებელ ან ჩამნაცვლებელ დებულებებში მოცემულ დანაშაულებს;

წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლსა და წინამდებარე დანართში მითითებული დანაშაულთა ფორმები უნდა შეფასდეს საქართველოს მიერ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

 

დანართი 2 – ეროვნული საკონტაქტო პუნქტი და კომპეტენტური ორგანოები

 

საქართველოს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტად, რომელიც შეასრულებს ცენტრალური საკონტაქტო პუნქტის ფუნქციას ევროპოლსა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის, განისაზღვრება შემდეგი ორგანო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი. 

საქართველოს კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმების მე-3 (1) მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებასა და მათთან ბრძოლაზე, არიან:

1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

4. საქართველოს პროკურატურა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

 


[1] თანამშრომლობა დანაშაულის ამ ფორმასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველო მიიღებს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მის შესახებ.

[2] OJ L 159, 29.6.1996, p. 1.