„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის გამოყენების წესის თაობაზე

  • Word
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის გამოყენების წესის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 01/08/1995
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
01/08/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 01/08/1995
0000.00.00.000000
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის გამოყენების წესის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის გამოყენების წესის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის კანონის შესრულება დაეკისროთ:

ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს:

იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან, _ სასჯელთა აღსრულების დაწესებულების უფროსის დადგენილებით;

იმ პირთა მიმართ, რომელთაც პირობით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით ან პირობით არიან გათავისუფლებული თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით, _ სპეცკომენდატურის უფროსის დადგენილებით;

იმ პირთა მიმართ, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და არ არიან დაპატიმრებულნი, ან პირობით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით და არ არიან გაგზავნილი სამუშაო ადგილას აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან თავისუფლების აღუკვეთავად გამასწორებელი სამუშაოების, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით _ შინაგან საქმეთა რაიონული (ქალაქის) განყოფილების (სამმართველოს) უფროსის დადგენილებით.

ბ) მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებს:

იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ საქმეები და მასალები ამ ორგანოების წარმოებაშია.

გ) სასამართლოებს:

იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ საქმეები და მასალები სასამართლოს წარმოებაშია და კანონის ამოქმედების დროისათვის არ არის განხილული, აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ საქმეები განხილულია, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ არის შესული;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა მიმართ და იმ პირთა მიმართ, რომლებსაც განაჩენის აღსრულება გადაუვადდათ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 471 მუხლით გათვალისწინებული წესით;

იმ პირთა მიმართ, რომელთაც ძირითად სასჯელად მისჯილი აქვთ ჯარიმა;  თუ კანონის ძალაში შესვლამდე ჯარიმა გადახდევინებული არ არის, ამნისტიის გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულ და იმ პირთა მიმართ, რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვთ უფრო მსუბუქი სასჯელით, კანონის ამოქმედებამდე ამნისტიის გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დადგენილება ვადამდე პირობით გათავისუფლების ან საჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ.

2. შინაგან საქმეთა ორგანოების, აგრეთვე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოების დადგენილებას ამნისტიის შეფარდების შესახებ ამტკიცებს პროკურორი.

პროკურორის მონაწილეობა აუცილებელია სასამართლოების მიერ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შეფარდების დროს.

3. დაევალოთ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს „ამნისტიის შესახებ“საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ არასრულწლოვან პირთა დროულად აღრიცხვაზე აყვანა, მათი შრომითი მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა სახლებში მოთავსება.

4. განიმარტოს, რომ ამნისტიის გამოყენების დროს:

ა) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის პირველი და მესამე მუხლების მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართ გამოყენებული იყო საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 46-ე და 471  მუხლები, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთაც პირობით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით ან პირობით არიან გათავისუფლებული შრომაში სავალდებული ჩაბმით, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან გამასწორებელი სამუშაოებით;

ბ) ამ კანონის მესამე მუხლის მოქმედება ვრცელდება მსჯავრდებულებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს არასრულწლოვანობის პერიოდში;

გ) ამ კანონის მესამე მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ მამაკაცებზე, რომლებიც 60 წლის ასაკს მიაღწევენ კანონის შესრულების პერიოდში;

დ) ამ კანონის მესამე მუხლის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით მიჩნეული იყვნენ ინვალიდებად კანონის ძალაში შესვლამდე.

5. „ამნისტიის შესახებ“ კანონის პირველ და მესამე მუხლებში მითითებულ პირებს, რომლებიც თავს არიდებენ გამოძიებას ან გაიქცნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან, ამნისტია შეეხებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის შესრულების პერიოდში ნებაყოფლობით გამოცხადდებიან შესაბამის ორგანოებში და სხვა დანაშაული არა აქვთ ჩადენილი.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის გამოყენების დროს მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც გაქარწყლებული ან მოხსნილია კანონით დადგენილი წესით.

7. ამ კანონის მე-4 მუხლი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს გაუფრთხილებელი დანაშაული ნარკოტიკულ ან ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ.

8. ამ კანონის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოები.

9. საჩივრები და პროტესტები ამნისტიის გამოყენების თაობაზე განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოქმედება გავრცელდება იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ჩადენილია 1995 წლის 2 ივნისამდე.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერის მოადგილე რ. ბერიძე

 თბილისი.

1995 წლის 2 ივნისი.

№749-IIს