საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016328
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14/2017
27/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010220020.15.008.016328
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/06/2017 - 07/03/2018)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №14/2017

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულება

 


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია და დახურული საჯარო კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების წესს და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს.

2. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პირობების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი კონკურსის პროცედურის პრინციპების დაცვაზე, გაითვალისწინოს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. ამ დებულებაში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.


მუხლი 2. კონკურსის არსი, მიზანი, ამოცანები და ჩატარების პრინციპები
1. კონკურსი არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა ცესკოს აპარატის საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.
 

2. კონკურსის სახეებია ღია და დახურული საჯარო კონკურსი.

3. საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კონკურსის პრინციპები ეფუძნება: კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს.

5. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა.

6. კონკურსის ამოცანებია:

ა) ცესკოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და ცესკოს აპარატში განწესების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

გ) საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.


მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურსი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა ცესკოს აპარატის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით;

ბ) კონკურსის სახეები – ღია და დახურული საჯარო კონკურსი;

გ) კონკურსანტი – ცესკოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საჯარო კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი;

დ) კანდიდატი – ცესკოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული პირი;

ე) საკონკურსო კომისია – ცესკოს აპარატის ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი კომისია;

ვ) შესარჩევი კონკურსის სამდივნო – კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს აპარატის მოხელეთაგან შექმნილი სპეციალური ჯგუფი;

ზ) აუცილებელი დოკუმენტაცია – კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია;

თ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები – განათლება, გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრულია ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით და რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე ადგენს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით;

ი) სამუშაო დღე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო დღეები, ხოლო საარჩევნო პერიოდში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-5 მუხლით განსაზღვრული დღეები.


თავი II
საკონკურსო კომისია

მუხლი 4. საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
1. კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად ცესკოში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით ან/და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

2. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არის ცესკოს თავმჯდომარე ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ხელმძღვანელი პირი ან ცესკოს პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე.
 


მუხლი 5. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან ცესკოს ხელმძღვანელი პირები, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, ცესკოს იმ სტრუქტურული ერთეულის მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის ცესკოსთან.
3. კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.

4. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.


მუხლი 6. კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
 


მუხლი 7. კომისიის საქმიანობა
1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

2. კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.

3. კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე; ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
 

5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი ღია და დახურული კონკურსის ყველა ეტაპზე.

6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი  დოკუმენტების, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.

7. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

9. თუ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარ განსაზღვრულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

10. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 8. შესარჩევი კონკურსის სამდივნო
1. ცესკოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ღია და დახურული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით, როგორც წესი , ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უფლებამოსილების ვადით, იქმნება შესარჩევი კონკურსის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) ღია და დახურული კონკურსის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

ბ) ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით გამოცხადებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის დამატებით ცესკოს ვებგვერდზე (www.cesko.ge), ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში − ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში გამოცხადებას;

დ) კონკურსანტთა ელექტრონული განაცხადების მიღებას;

ე) განაცხადებისა და კონკურსის ეტაპების შედეგების საკონკურსო კომისიისთვის წარდგენას;

ვ) კანდიდატ(ებ)ის წერილობით ინფორმირებას კონკურსის ეტაპების თაობაზე;

ზ) კომისიის დავალებით, ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;

თ) საკონკურსო კომისიის დავალებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატის ელექტრონულად ან/და წერილობით ინფორმირებას მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

ი) კონკურსანტთან დაკავშირებული ინფორმაციის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

კ) კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას.


თავი III
კონკურსი

მუხლი 9. ღია და დახურული კონკურსის არსი
1. ღია და დახურული კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. ცესკოს აპარატის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ცესკოს უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

3. ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. დახურული კონკურსი ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

5. ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა.


მუხლი 10. ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების წესი
1. ცესკო ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge ) მეშვეობით.

2. ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განთავსდება ვებგვერდზე (www.cesko.ge), ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში − ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში.

3. ბიურო მის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებამდე/გამოცხადებამდე ამოწმებს გამოსაცხადებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში განსაზღვრავს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

4. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ბიურო უფლებამოსილია, დაადგინოს ხარვეზი და აცნობოს ცესკოს.

5. ბიურო ვალდებულია, გამოაქვეყნოს ვაკანსია მას შემდეგ, რაც ცესკო აღმოფხვრის ხარვეზს.


მუხლი 11. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება
1. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს:

ა) საჯარო დაწესებულების დასახელებას;

ბ) კონკურსის წესით შესავსები პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს;

ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ;

თ) შესაბამისი  საკონკურსო კომისიის მისამართს;

ი) ღია და დახურული კონკურსის ეტაპებს;

კ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.

2. ცესკოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს შესაბამისი ბრძანებით ცესკოს თავმჯდომარე, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.


მუხლი 12. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა
1. ცესკო უფლებამოსილია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

2. ცესკო ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისათვის.

3. ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს ცესკოს მიერ ახალი ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და ღია ან დახურული კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღია და დახურული კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა.


მუხლი 13. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა
1. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. კანდიდატი ვალდებულია, ცესკოს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

3. კანდიდატს ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა.

4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება ცესკოს მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.


მუხლი 14. ღია ან დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
1. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და  29-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში  და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით წარმოადგენს:

ა) ელექტრონულ განაცხადს;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლს (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);

ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);

ვ) საჯარო მოხელის სერტიფიკატის ასლს ან/და კანონით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.

4. კონკურსანტს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ კონკურსანტმა განცხადება ერთდროულად შეიტანა ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, საკონკურსო დოკუმენტაცია ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩება განუხილველი.


მუხლი 15. ღია და დახურული კონკურსის ეტაპები,  ჩატარების ფორმები და პირობები
1. ღია და დახურული კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. ღია და დახურული კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კონკურსის სამდივნო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ღია და დახურული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესარჩევი კონკურსის სამდივნო.


მუხლი 16. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი
1. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.

2. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს შესარჩევი კონკურსის სამდივნო.

3. შესარჩევი კონკურსის სამდივნო, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს შესარჩევი კონკურსის სამდივნო წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

5. ღია და დახურული კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 5 სამუშაო დღით ადრე კომისია ვალდებულია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.

6. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.

7. ბიურო ვალდებულია კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს.

8. თუ ბიურო დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია უფლებამოსილია, კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე.


მუხლი 17. ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი

1.    ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

2.    კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.

3.  კანდიდატის შეფასება ხდება:

ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით;

ბ) გასაუბრებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების გადამოწმებას.

4. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და უთანხმებს მათ ცესკოს თავმჯდომარეს.

5.  კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

6. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.

7.  კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

8. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეოჩაწერა.


მუხლი 18. ღია და დახურული კონკურსის შედეგები
1. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

2. კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

3. ცესკო ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.cesko.gov.ge).

4. ცესკოს აპარატის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირს ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით უვადოდ ან გამოსაცდელი ვადით.


მუხლი 19. ღია ან დახურული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
ღია ან დახურული კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;

ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.


მუხლი 20. ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები
1. ცესკოს რეორგანიზაციის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული ღია ან/და დახურული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

2. ცესკო ვალდებულია, ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიუროს.


მუხლი 21. ცესკოს აპარატში უკონკურსოდ დანიშვნა
ცესკოს აპარატში უკონკურსოდ ინიშნებიან მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.

მუხლი 22. კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა
1. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;

ბ) იმ საჯარო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;

გ) თანამდებობის დასახელება, შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში);

დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;

ე) მოხელის გამოსაცდელი ვადა, თუ პირი თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით მიიღება.

2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ ცესკოს თავმჯდომარისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა.


მუხლი 23. მოხელის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და გათავისუფლება
1. მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით.

2. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოხელის გამოსაცდელი ვადის დინება. მოხელის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.

4. მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოხელის შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

5. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება კვარტალში ერთხელ. აღნიშნულ შემთხვევაში, ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე თავისუფლდება თანამდებობიდან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.

7. უფლებამოსილი პირი მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. გამოსაცდელი ვადით მიღებული პირების შეფასების წესი განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.


მუხლი 24. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.