დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016224 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (04/07/2017 - 31/07/2017)
|
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04.08.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016114) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
|
ა)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი 1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგებლისადმი (შემდგომში – გამგებელი) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. 2. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. 3. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან – გამგეობის სამსახურებისგან (შემდგომში – გამგეობის სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) და გამგებლის დავალებების შესრულებას.“; |
ბ)
მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგებლისთვის უფლებამოსილების შეჩერების და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, ასევე უნდობლობის გამოცხადების შემთხვევები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. 5. გამგებლის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას გამგებლის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის არჩევამდე ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე, თუ გამგებლის პირველი მოადგილე დანიშნული არ არის – გამგებლის მოადგილე, ხოლო თუ გამგებელს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – გამგებლის უხუცესი მოადგილე. თუ გამგებლის პირველი მოადგილე ან გამგებლის მოადგილე დანიშნული არ არის, გამგებლის მოვალეობას გამგებლის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. შვებულების, ან დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლით გამგებლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გამგებლის მოადგილე.“; |
გ)
მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გამგებლის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; |
დ)
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; |
ე)
მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილისთვის (მოადგილეებისთვის) ფუნქციათა გადანაწილება და საკურატორო დარგების მიკუთვნება ხორციელდება გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით (შემდგომში – „გამგებლის ბრძანება“).“; |
ვ)
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. გამგებლის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მოადგილე (გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე), ხოლო გამგებლის მოადგილის არყოფნისას – გამგებლის დავალებით, გამგებლის სხვა მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან გამგებლის პირველი მოადგილე.“; |
ზ)
მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გამგებლის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; |
თ)
მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – გამგეობის სამსახურის უფროსი (შემდგომში – „სამსახურის უფროსი“) არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“; |
ი)
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;“; |
კ)
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურა 1. გამგეობის სტრუქტურა მოიცავს გამგეობის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს (გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)), გამგეობის სამსახურებს და გამგებლის დაქვემდებარებაში მყოფ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს. 2. გამგეობის სამსახურების დაქვემდებარება გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი, სამსახურებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებებისა და გამგებლის მოადგილეებისთვის მიკუთვნებული საკურატორო დარგების შესაბამისად, განისაზღვრება გამგებლის ბრძანებით. 3. გამგეობის სამსახური იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა, დასახელებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულების მე-12-მე-13 მუხლებით. 4. გამგეობის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 5. გამგეობის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად. 6. გამგეობის ხელმძღვანელ თანამდებობათა დასახელება და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. 7. გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების და გამგეობის მოხელეთა რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“; |
ლ)
მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდა, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოება.“; |
მ)
მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები 1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები არიან: ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – რომელსაც გამგეობაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. 2. გამგეობის საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებები, შესაბამისი იერარქიული რანგების მიხედვით, განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით. 3. გამგეობის მოხელის თანამდებობებია: ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი; ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის განყოფილების უფროსი; გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე: გ.ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ.ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; გ.გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე: დ.ა) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; დ.ბ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; დ.გ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. 4. გამგეობის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, გამგეობის შესაბამისი სამსახურების დებულებებით, გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობით. 5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება გამგებელსა და დასაქმებულს შორის. 6. გამგეობის მოსამსახურეთა სხვა უფლებები, გარანტიები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და გამგეობის შინაგანაწესით. 7. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 8. გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს საკრებულო.“; |
ნ)
მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს;
|
ო)
მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომში – „გამგებლის წარმომადგენელი“) არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით ნიშნავს გამგებელი.“; |
პ)
მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-15 პუნქტები:
„11. გამგებლის წარმომადგენელი სამსახურში მიიღება გამგებლის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს არანაკლებ ახლადარჩეული გამგებლის მიერ გამგებლის ახალი წარმომადგენლის შერჩევამდე (სამსახურში მიღებამდე). 12. იმ შემთხვევაში, თუ ახლადარჩეული გამგებელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად შეარჩევს იმავე პირს, გამგებლის წარმომადგენელს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა ახლადარჩეული გამგებლის უფლებამოსილების ვადით, შრომით ხელშეკრულებაში უფლებამოსილების ვადის ცვლილებით. 13. ახლადარჩეული გამგებლის მხრიდან გამგებლის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში ცხადდება გამარტივებული კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დადგენილი წესით. 14. გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული გამგებლის წარმომადგენლის სამსახურში მიღების მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ გამგებლის წარმომადგენელს. 15. გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილებას ახორციელებს გამგებლის რიგგარეშე ან/და მორიგი არჩევნების შედეგად ახლადარჩეული გამგებლის მიერ გამგებლის ახალი წარმომადგენლის შერჩევამდე (სამსახურში მიღებამდე) და ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის 12-14 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები.“; |
ჟ)
მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს: კ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ; კ.ბ) ოჯახის შემადგენლობის შესახებ; კ.გ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; კ.დ) მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ, საკომლო ჩანაწერის მიხედვით;“; |
რ)
მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:
„კ2) ხელს უწყობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის პროცესში და წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს;“; |
ს)
მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გამგებლის წარმომადგენელზე გამგებლის დავალება გაიცემა და დავალების შესრულებაზე ინფორმაცია მიიღება უშუალოდ გამგებლის, ან გამგებლის დავალებით გამგეობის შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, სამსახურებისთვის მიკუთვნებული კომპეტენციების შესაბამისად.“; |
ტ)
მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
უ)
მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის მოხელის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და გამგეობის შინაგანაწესით.“; |
ფ)
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს კარიერული განვითარება; ზ) დადგენილი წესით მოითხოვოს და ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის; თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ობიექტური შეფასება;“; |
ქ)
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;“; |
ღ)
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;“; |
ყ)
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის მოხელე ვალდებულია: ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე; ბ) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამსახურის რეპუტაციას; გ) ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს ორგანიზაციული პროცესი სამსახურში; დ) პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს; ე) საქმიანობა განახორციელოს გამჭვირვალედ და ღიად; ვ) სამუშაო დრო გამოიყენოს ეფექტიანად და მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; ზ) სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები საჯარო სამსახურის მიერ შეთავაზებულ მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით; თ) სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულების, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებისა და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით; ი) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, სამსახურის ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა მოხელის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს; კ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით; ლ) როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, სხვა პირის ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი; მ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.“; |
შ)
მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. გამგეობის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. გამგეობის მოხელის თითოეული თანამდებობისთვის დგება სამუშაოს აღწერილობა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. გამგეობის მოხელის თანამდებობის სამუშაოს აღწერილობით განისაზღვრება თანამდებობის სახელწოდება, სამუშაოს მიზანი, ფუნქცია-მოვალეობები, პასუხისმგებლობის არეალი, სამუშაო პირობები, თანამდებობის იერარქიული მდებარეობა გამგეობის სტრუქტურაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ამ თანამდებობაზე დასანიშნი მოხელისთვის აუცილებელი კომპეტენციები, პროფესიული განათლება და უნარ-ჩვევები. სამუშაოს აღწერილობაში აისახება მოხელის თანამდებობისთვის დადგენილი სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 3. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილებით. 4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებით ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და მტკიცდება გამგებლის ბრძანებით.“; |
ჩ)
V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V. გამგეობის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და მოხელის კარიერის მართვა მუხლი 21. გამგეობაში ვაკანსიის წარმოშობა 1. გამგეობის მოხელის ვაკანსია წარმოიშობა: ა) გამგეობის საშტატო ნუსხაში მოხელის ახალი საშტატო ერთეულის (მოხელის თანამდებობის) დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან; ბ) გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამგებლის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ამ თანამდებობის შემცირების საფუძველზე; გ) გამგეობის მოხელის გადაყვანის შესახებ გამგებლის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე. 2. ვაკანსიის შევსებამდე, გამგეობის შეუფერხებელი საქმიანობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება გამგებლის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს: ა) გამგებლის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – გამგებლის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ გამგებლის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, ან არასაკმარისია – გამგეობის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ ფუნქციისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) გამგეობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს; გ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს; დ) გამგეობის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 22. გამგეობის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი 1. გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისთვის დაწესებულ მოთხოვნებს. 2. გამგეობის მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება: ა) კონკურსის წესით; ბ) უკონკურსოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. გამგეობის მოხელის თანამდებობაზე კონკურსის წესით პირი ინიშნება შემდეგი პრინციპით: ა) პირველი, მეორე ან მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე პირი ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე; ბ) მეოთხე რანგის მოხელის თანამდებობაზე პირი ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე. 4. პირველი, მეორე ან მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა, ან არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა. 5. შრომითი ხელშეკრულებით პირი მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე. 6. მოხელის თანამდებობაზე უკონკურსოდ პირი შეიძლება დაინიშნოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, მოხელის გადაყვანის, ან მოხელის მობილობის პროცედურების შემთხვევაში. 7. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი და მოხელის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით. მუხლი 23. გამგეობის მოხელის გადაყვანა და მობილობა 1. გამგეობაში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებამდე, ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ხორციელდება მოხელის გადაყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. 2. მოხელის გადაყვანა დასაშვებია მოხელის ინიციატივით, ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, გამგებლის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით. 3. მოხელის გადაყვანა დასაშვებია გამგეობაში მოხელისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მქონე თანამდებობაზე (ჰორიზონტალური გადაყვანა). დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას. 4. გამგეობის რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს გამგეობის, ან სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ გამგეობაში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. 5. მოხელის ჰორიზონტალური გადაყვანისა და მობილობის დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით. მუხლი 24. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება 1. გამგეობის საქმიანობის პროცესში სამსახურის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს. 2. გამგებლის ბრძანებით, მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროებით დაეკისროს: ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება – წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 3 თვის ვადით; ბ) სხვა ფუნქციების შესრულება (მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლებით) – საჯარო სამსახურის სისტემაში ჯამურად არაუმეტეს 3 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. მოხელისთვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მოხელის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. 4. გამგეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამგეობის შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით, დამატებითი ან სხვა ფუნქციების შესრულება გამგებლის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს: ა) გამგეობის სამსახურის უფროსის არყოფნისას – სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს; ბ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნისას – განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს; გ) გამგეობის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის მოხელის არყოფნისას – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის არყოფნისას – შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს (ერთ-ერთ მოხელეს). 6. მოხელისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 25. მოხელის კარიერული და პროფესიული განვითარება 1. მოხელის კარიერული განვითარება ხდება: ა) ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადასვლისას; ბ) დაბალი თანამდებობიდან იმავე იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადასვლისას. 2. მოხელის კარიერული განვითარება ხორციელდება დახურული კონკურსის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. გამგეობა, მისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია მოხელის პროფესიულ განვითარებაზე და ამ მიზნებისთვის უნდა უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებში მონაწილეობა და ხელი შეუწყოს მოხელის საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობას. 4. მოხელე ვალდებულია, სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები სამსახურის მიერ შეთავაზებულ მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით. 5. მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროება განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროფესიული განვითარების სტანდარტის საფუძველზე, გამგეობის საქმიანობის პროცესში საჭიროებების ანალიზისა და მოხელეთა შეფასების შედეგების შესაბამისად. მოხელეს უფლება აქვს, დამატებით თავადაც განსაზღვროს მისი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო პროგრამის საჭიროება და ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით მოითხოვოს შესაბამისი შვებულება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. თუ პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეს აღემატება და ეს პროგრამა გამგეობის მიერ ფინანსდება, მოხელესა და გამგებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხელეს უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ პროგრამის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოხელე გამგეობას აუნაზღაურებს მისი პროფესიული განვითარებისათვის გაწეულ ხარჯებს. მუხლი 26. მოხელის შეფასება 1. გამგეობის ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე ფასდება წელიწადში ერთხელ მაინც, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი. 2. მოხელის შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე გამგეობის ორგანიზაციული განვითარება. 3. შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაო. 4. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს არანაკლებ 3 თვის განმავლობაში. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ. 5. მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად, დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით. 6. შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან და შესაფასებელი მოხელის (მოხელეების) სამსახურის უფროსთან (სამსახურის უფროსებთან) განხილვის საფუძველზე მომზადებული გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება შეფასების მეთოდი, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი. 7. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით. მოხელის ინიციატივით, მოხელის შეფასების პროცესს შეიძლება დაესწროს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. მოხელის შეფასებისთვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 8. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა ითვლება მძიმე დისციპლინურ გადაცდომად. 9. მოხელეთა შეფასების შედეგები აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მუხლი 27. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა 1. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება და იგი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისგან დროებით თავისუფლდება: ა) შვებულების დროს; ბ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე; გ) დისციპლინური წარმოებისას სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში; დ) საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას; თ) კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მისი დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში. 2. გამგეობის მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავით.“; |
ც)
29-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გამგეობის თანამდებობის პირის ან/და მოხელის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;“; |
ძ)
33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. გამგეობის შინაგანაწესი 1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი; ე) მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი; ვ) მივლინების გაფორმების, მივლინებისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესი; ზ) შვებულების გაფორმებისა და შვებულების გამოყენების პირობები და წესი; თ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი; ი) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი; კ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ლ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი; მ) მოსამსახურის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა; ნ) გამგეობასა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. გამგებელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს გამგეობის შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე - უზრუნველყოს მოსამსახურის მიერ ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.“; |
წ)
37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის მოხელის შეფასება ხორციელდება ამ დებულების 26-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დადგენილი წესით.“; |
ჭ)
43-ე და 44-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. გამგეობის რეორგანიზაციის არსი 1. რეორგანიზაცია არის გამგეობის ან მისი ცალკეული სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება გამგეობის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე გამგეობის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. 2. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება გამგეობის ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და გამგეობის სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება ასევე ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება და მასზე არ გავრცელდება რეორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები. 3. გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიციირება ხდება გამგებლის მიერ, რისთვისაც გამოიცემა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამგებლის ბრძანება. ბრძანება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა განსაზღვრავდეს რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. 4. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამგებლის ბრძანება ეგზავნება ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, თითოეული მოხელისთვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს. 5. გამგეობის რეორგანიზაციის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. გამგეობის რეორგანიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) გამგეობის რეორგანიზაციის დაგეგმვა; ბ) გამგეობის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება; გ) გამგეობის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა. 7. გამგეობის რეორგანიზაცია სრულდება ამ დებულებაში ან/და გამგეობის საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. მუხლი 44. გამგეობის რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა 1. გამგეობის რეორგანიზაციის დაგეგმვა იწყება გამგეობის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რაც გულისხმობს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამგებლის ბრძანების გამოცემას. დაგეგმვის ეტაპზე, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამოცემული გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამსახური, ან უფლებამოსილი პირი, ვალდებულია შეიმუშაოს რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. სამართლებრივი აქტით ასევე უნდა განისაზღვროს რეორგანიზაციის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი. 2. დაგეგმვის ეტაპი გრძელდება გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა. 3. გამგეობის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია, გამგეობის შესაბამის სამსახურთან (სამსახურებთან) ან/და პასუხისმგებელ პირთან (პირებთან) ერთად შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი. 4. გამგეობის რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი შესაძლებელია გაგრძელდეს დაგეგმვის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის რეორგანიზაციას თან სდევს გამგეობის საშტატო რიცხოვნობის შემცირება, სავალდებულოა, რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და ეცნობოს მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები. 6. გამგეობის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, გამგეობა ვალდებულია, ითანამშრომლოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. 7. მობილობის ეტაპი გრძელდება გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში. 8. რეორგანიზაციის თოთოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი და წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები