საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 968-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480330000.05.001.018530
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
968-IIს
15/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
480330000.05.001.018530
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/06/2017 - 31/10/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

 


თავი I. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი,

მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობა

მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს, მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებსა და საქმიანობას, აგრეთვე ამ საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლებს.

მუხლი 2

1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებაა. იგი არის ჰუმანიტარულ სფეროში საქართველოს ხელისუფლების დამხმარე, ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელიც აღიარებულია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების საფუძველზე და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის წევრობაზე დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 

მუხლი 3

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის განუყოფელი ნაწილია. მისი საქმიანობა ეფუძნება ამ მოძრაობის შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:

  ა) ჰუმანურობა;

  ბ) მიუკერძოებლობა;

  გ) ნეიტრალობა;

  დ) დამოუკიდებლობა;

  ე) ნებაყოფლობითობა;

  ვ) ერთიანობა;

  ზ) უნივერსალობა.

მუხლი 4

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების, ამ კანონის, საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.  

მუხლი 5

საქართველოში შეიძლება არსებობდეს წითელი ჯვრის მხოლოდ ერთი ეროვნული საზოგადოება – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 6

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის წარმოსაჩენად ყოველწლიურად აღინიშნება წითელი ჯვრის კვირეული – 1 მაისიდან 8 მაისამდე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კვირეული – 20 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე.

მუხლი 7

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება:

ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ააცილოს თავიდან ან შეუმსუბუქოს შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული გასაჭირი;

ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან საქართველოს ხელისუფლების დამხმარე საზოგადოების სახით უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის დაცვის, კატასტროფის თავიდან აცილების, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით ახორციელებს სოციალურ ღონისძიებებს;

დ) პროპაგანდას უწევს სისხლის უსასყიდლო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში;

ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში;

ვ) მოსახლეობისათვის ზიანის მასობრივად მიყენების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან/და თავად მონაწილეობს მათ განხორციელებაში;

ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად;

თ) პირველადი დახმარების პროგრამების განხორციელებით მონაწილეობს მოსახლეობის კატასტროფისა და საომარი მოქმედებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში;

ი) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს;

კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს;

ლ) ეწევა ისეთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი კატასტროფის ან ავადმყოფობის შემდეგ განცალკევებულ ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;

მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას, კერძოდ, მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის ხელშეწყობით;

ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვას;

ო) ასრულებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 8

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მუხლი 9

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას ემყარება აგრეთვე მოხალისეობის პრინციპს.

მუხლი 10

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეობა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაა. იგი, როგორც წესი, არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დავალებით, მასთან ოფიციალური შრომითი ურთიერთობის დამყარების გარეშე განხორციელებული უსასყიდლო, ჰუმანიტარული და ნებაყოფლობითი საქმიანობა.

მუხლი 11

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ან მეტი ასაკის ფიზიკური პირი, აგრეთვე 16 წლამდე არასრულწლოვანი, რომელიც თავისი ნებითა და თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით ახორციელებს მოხალისეობით ურთიერთობას, თუ ეს ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

თავი II. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან

ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები

მუხლი 12

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს ნებისმიერ უძრავ და მოძრავ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 13

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები შეიძლება იყოს:

ა) საწევრო გადასახადები;

ბ) გრანტები, შემოწირულებანი, შენატანები;

გ) საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

დ) საზოგადოების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო პირებთან (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული ანაზღაურება;

ე) ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომლის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავალი არ უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების ან მიზნების შეუსაბამო იქნება და საფრთხეს შეუქმნის ამ საზოგადოების აღნიშნულ მოძრაობაში წევრობას.

მუხლი 14

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია ჰუმანიტარული მიზნების მისაღწევად განახორციელოს არასამეწარმეო საქმიანობა და დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. ეს საქმიანობები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტურ პრინციპებს და არ უნდა სცილდებოდეს ამ მოძრაობის ფარგლებში მიღებული რეზოლუციებით, მისი პოლიტიკით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით დადგენილ ჩარჩოებს.

მუხლი 15

1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სახელწოდება „წითელი ჯვარი“ ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების, „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელთა თანახმადაც გამოიყენებს იგი წითელი ჯვრის ემბლემას როგორც დამცავი ფუნქციით, ისე განმასხვავებელი ფუნქციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქმნის ლოგოსა და ბეჭედს განმასხვავებელი ფუნქციით. ამ ლოგოსა და ბეჭედზე გამოსახულია თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა (ჰერალდიკური ნიშანი) და წარწერა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.

4. წითელი ჯვრის ემბლემისა და სახელწოდების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 16

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან.

 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 52).


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 ივნისი 2017 წ.

N968-IIს