უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისა და დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისა და დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
292
16/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
040030000.10.003.020001
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისა და დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/06/2017 - 10/12/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №292

2017 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისა და დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა  და განათლების ხარისხის ამაღლების  მიზნით:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, დაფუძნდეს ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

5. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის თანდართული დროებითი წესდება.

6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის  ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის მიზნით.

7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის  წესდებით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის  რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს თეიმურაზ მურღულია (პ/ნ: 01019020642).

8.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



 დანართი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დროებითი წესდება

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის (შემდგომში – კომპლექსი) მართვის ორგანოების არჩევამდე კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ა) კომპლექსის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს კომპლექსის საქმიანობას, ამზადებს მას ავტორიზაციის/აკრედიტაციის გასავლელად, წარმოადგენს კომპლექსს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს კომპლექსის სახელით;

ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, მობილობასა და ინტეგრირებულ სწავლებას;

გ) ხელმძღვანელობს კომპლექსის ადმინისტრაციას;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს კომპლექსის წესდების პროექტს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს კომპლექსის საშტატო ნუსხას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების პირებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;

თ) განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს კომპლექსის ფინანსებსა და ქონებას;

კ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპლექსის სახელით, კომპლექსის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;

ლ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;

მ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ნ) ნიშნავს კომპლექსის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

ო) ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

პ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობას;

ჟ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ს) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე;

ტ) პასუხისმგებელია კომპლექსის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

უ) უფლებამოსილია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;

ფ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას;

ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.  კომპლექსი   უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

3. კომპლექსის დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.