„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 761-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.018426
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
761-IIს
04/05/2017
ვებგვერდი, 25/05/2017
080080050.05.001.018426
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/05/2017 - 30/12/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას,  ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.“.

3. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;“;

ბ) „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;

გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;

დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;

ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ქალთა მიმართ ძალადობა

1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.“.

5. მე-4 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;“;

ბ) „ე1“  და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე;

ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;“;

ე) „თ“−„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის  კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;  

ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;

კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

ლ) კრიზისული ცენტრი – სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის და მასზე დამოკიდებული პირების განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და ამ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს საცხოვრებლად მისი თავშესაფარში  განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;“;

ვ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.“.

7. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია“.

8. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.

2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.

3. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:

ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებია;

ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას;

გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

დ) იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს;

ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც  ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს;

ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებების და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;

ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლისათვის დახმარებისა და დაცვის ღონისძიებების, ხოლო მოძალადისათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.

მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ.“.

9. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მოძალადეთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობას;“;

ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას;

ვ) მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.“.   

10. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები“.

11. მე-9 და 91 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.

2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

3. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.

4. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

მუხლი 91. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  სუბიექტებს.“.

12. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−39 პუნქტები:

„31. შემაკავებელ ორდერში მიეთითება:

ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;

გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.

32. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებას და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

დ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების საკითხებს;

ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ვ) მოძალადისათვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;

ზ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 33. თუ მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მსხვერპლის მიერ მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.  

34. შემაკავებელ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად.

35. შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

36. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.

37. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;

ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება;

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი  არასრულწლოვანს შეეხება.

38. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

39. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად  საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.“;

დ) მე-5−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.

6. თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.

7. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.“.

13. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.“.

14. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემა და მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს

მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.“.

15. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე სამართალწარმოების თავისებურებანი“.

16. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;

გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.

5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლის რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე მოძალადის თაობაზე სხვა მონაცემების შესახებ.“.

17. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. მსხვერპლის სტატუსის მინიჭება

1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად უზრუნველყოფს აგრეთვე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, თუ მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი მოქმედებს მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი  თავშესაფრით სარგებლობს − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

2. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

18. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური დაცვის და შრომითი გარანტიები; მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები“.

19. მე-17 და 171 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები

1. მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;

ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;

გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;

დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით;

ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;

ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით;

ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;

თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან  მოქალაქეობის არმქონე პირია;

ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

კ)  ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით.

2. ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

3. ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ან/და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.

4. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია,  მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

5. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე  პირია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო ქვეყანაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.

მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება

1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ.

2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში.

3. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.  

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“.

20. 172 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.“.

21. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.“.

22. 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კრიზისული ცენტრი არის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი და ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას.“.

23. 182 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება“.

24. მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია“.

25. 191 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების შესახებ.“.

 26. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები

მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისკენ და მისი ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოძალადის მიერ ძალადობრივ ქცევასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღიარება, აგრეთვე მის დამოკიდებულებებსა და ქცევაში მიღწეული დადებითი ცვლილებების შენარჩუნება. მათ მისაღწევად მნიშვნელოვანია მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

27. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„11. საქართველოს მთავრობამ  2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილებისა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცება, აგრეთვე მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების და მათი განხორციელების წესისა და ფორმების განსაზღვრა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანებისა და „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №153/ნ ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იმ სპეციალისტების მომზადებისათვის/გადამზადებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მსხვერპლთა ან მოძალადეთა  რეაბილიტაციასთან და ადაპტაციასთან.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−26-ე პუნქტებისა და 27-ე პუნქტის  „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-18 პუნქტები, მე-19 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლი (გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) და 171 მუხლი, მე-20−26-ე პუნქტები და 27-ე პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს  2017 წლის 1 ივნისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N761-IIს