პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ

პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019768
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
59
03/02/2017
ვებგვერდი, 06/02/2017
240110000.10.003.019768
პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/02/2017 - 01/06/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2017 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული პროფილაქტიკური კარანტინის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



პროფილაქტიკური კარანტინის წესი 

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. პროფილაქტიკური კარანტინის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს იმპორტირებული და ექსპორტისათვის განკუთვნილი ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ  პროცედურებს.

2. ცხოველების იმპორტისას და ექსპორტისას, ცხოველთა კარანტინში განთავსებასა და საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

3. შინაური ბინადარი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა, რომლითაც დასტურდება ცხოველების კარანტინში ყოფნის ფაქტი.

მუხლი 2.  იმპორტირებული ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის პროცედურები

1. ცხოველების იმპორტის განხორციელებამდე, დაინტერესებული პირი განაცხადით მიმართავს სააგენტოს ცხოველთა იმ საკარანტინო სადგომის (შემდგომში − სადგომი) შემოწმების მოთხოვნით, სადაც უნდა განთავსდნენ იმპორტირებული ცხოველები. განაცხადს უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ცხოველების კარანტინში განთავსებამდე სადგომის დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო ვეტერინარი ამოწმებს სადგომის შესაბამისობას ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ადგენს შესაბამის აქტს, რომელიც წარმოადგენს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვის მისაღებად წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტს.

3. ცხოველების იმპორტის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციას აწვდის  სააგენტოს, რის შემდგომაც, სააგენტო ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო  ვეტერინარულ ზედამხედველობას.

4. ცხოველების იმპორტის შემთხვევაში (გარდა არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი, დასაკლავად განკუთვნილი, საგამოფენო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ცხოველებისა), კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 21 დღით, განსაკუთრებულ შემთხვევებში (კარანტინში ყოფნის პერიოდში ცხოველთა დაავადებებზე ეჭვის მიტანა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების დაგვიანება და სხვა) − 30 დღემდე.

5. კარანტინის პერიოდში იმპორტირებული სანაშენე და სასურსათო დანიშნულების ცხოველი, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინირებული უნდა იქნეს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ და სხვა დაავადებებზე.

6. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ცხოველის მფლობელს (იმპორტიორს), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3.  ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ზედამხედველობის პროცედურები

1. ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების   მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა)  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული მოთხოვნები (დოკუმენტის დედნის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მინდობილობა პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილების შესახებ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

დ) ცხოველების კარანტინში განთავსებამდე, სადგომის დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების საიდენტიფიკაციო ნომრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს საკარანტინო სადგომის ტიპი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 ან/და მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

3.  განცხადებაში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტესა და წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

4. სააგენტო 3 სამუშაო  დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს  5 დღეს. ამ დროს განცხადების განხილვის ვადა ჩერდება.

5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

6. კარანტინში განთავსებისას, თუ სადგომი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 ან/და მე-6 მუხლით განსაზღვრულ და ცხოველების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სახელმწიფო ვეტერინარი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ სადგომში ცხოველების კარანტინში განთავსებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ცხოველების კარანტინში განთავსებაზე უარის შემთხვევაში, ადგილზე დგება შესაბამისი აქტი, მიზეზის მითითებით, რაც წერილობით უნდა ეცნობოს დაინტერესებულ  პირს.

8. ცხოველების ექსპორტის დროს პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად. კარანტინის ვადის ათვლა იწყება ცხოველების მთლიანი სულადობის საკარანტინო სადგომში თავმოყრის შემდეგ.

9. სანაშენე, სასურსათო დანიშნულებისა და დასაკლავად განკუთვნილი ცხოველების ექსპორტის დროს კლინიკური შემოწმებით ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა საქონლისათვის − 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.

10. სანაშენე, სასურსათო დანიშნულებისა და დასაკლავად განკუთვნილი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 1 დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნება კერძო ვეტერინარის მიერ დამოწმებული ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომ იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულია (ვაქცინაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა).

11. ექსპორტის შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე  საკარანტინო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს, თუ იმპორტიორი ქვეყნის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ საკარანტინო ვადის ამოწურვისას, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია განხორციელდეს საკარანტინო ვადის გაგრძელება, თუ არ იქნება შეცვლილი სადგომის ადგილმდებარეობა, არ მოხდება ცხოველების გადაჯგუფება ან/და სხვა ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელსაც შეუძლია განაპირობოს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზემოქმედება.

12. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე (რომელსაც თან დაერთვება სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), საკარანტინო ვადის გაგრძელება წარმოადგენს ხელახალ საკარანტინო ვადას, რომლის მიმდინარეობისას ექსპორტიორს აქვს უფლება, მიმართოს სააგენტოს კარანტინის ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით.

13. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, სადგომიდან ცხოველების გადაადგილების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ცხოველის მფლობელს (ექსპორტიორს).

მუხლი 4. იმპორტირებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის საერთო პროცედურები

1. იმპორტირებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებაზე სახელმწიფო ვეტერინარი ადგენს ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსების აქტს,  ცხოველების საკარანტინო ზედამხედველობის აქტსა და კარანტინის მოხსნის აქტს, რომელსაც ხელს აწერენ ცხოველის მფლობელი/წარმომადგენელი, კერძო ვეტერინარი და სახელმწიფო ვეტერინარი.

2.  კარანტინის პერიოდში კერძო ვეტერინარის მიერ განხორციელებულ ვეტერინარულ ღონისძიებებზე (ნიმუშის აღება, ვაქცინაცია, პროფილაქტიკური დამუშავება, დეზინფექცია და ა.შ.) დგება შესაბამისი აქტი და აღირიცხება კერძო ვეტერინარი ექიმის მიერ წარმოებულ ჟურნალში და მსხვილფეხა საქონლის  შემთხვევაში,  მფლობელის მიერ − პასპორტშიც (იმპორტის შემთხვევაში ჩატარებულ ღონისძიებებზე მონაცემები შეიტანება მას შემდეგ, რაც მსხვილფეხა საქონელზე გაიცემა პასპორტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით). ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის  ყოველდღიური შემოწმების შედეგები ასევე აღირიცხება კერძო ვეტერინარი  ექიმის მიერ წარმოებულ  ჟურნალში.

3. კარანტინის პერიოდში ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შემთხვევაში, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა გამოცალკევდეს იზოლირებულად ცალკე გამოყოფილ სადგომში, ეცნობოს სააგენტოს და მისი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.

4. დაუშვებელია  სადგომიდან  საკარანტინო ვადის სრულ ამოწურვამდე ცხოველების გამოყვანა, ასევე სადგომში სხვა ცხოველების შეყვანა. კარანტინში მყოფი ცხოველების სადგომიდან  სხვა სადგომში გადაყვანა, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ფორსმაჟორული მდგომარეობა, ცხოველ(ებ)ის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში, მაღალი საფრთხეების შემცველი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევები), რა დროსაც ცხოველების გადაადგილება ხდება სააგენტოს ზედამხედველობით და ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. საკარანტინო წესების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს კარანტინის გაუქმებას და საკარანტინო ვადის ათვლა დაიწყება თავიდან, დარღვევის აღმოფხვრისთანავე, რაზეც დგება კარანტინში განთავსების აქტი.

მუხლი 5. იმპორტირებული და ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების საკარანტინო სადგომთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები

1. საკარანტინო სადგომი შეიძლება იყოს ორი ტიპის: ღია და დახურული.

2. სადგომი უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული და უზრუნველყოფილი წყლით, სარწყულებლებითა და საკვებურებით, აღჭურვილი სანაკელე და საწუნწუხე ორმოთი (ორმოებით), იზოლატორით, დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის განსათავსებლად, რომელიც უნდა მდებარეობდეს კარანტინში განთავსებული ცხოველებისაგან განცალკევებით.

3. სადგომში აკრძალულია უცხო პირების, სხვა ცხოველების, აგრეთვე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების შესვლა, რომლებიც არ არის დაკავშირებული ცხოველების უშუალო მომსახურებასთან.

4. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რომლებსაც პერიოდულად უტარდება დეზინფექცია.

5. დაუშვებელია ერთ სადგომში სხვადასხვა სახეობის ცხოველის ერთად განთავსება და შენახვა.

6. სადგომის დასუფთავება და დეზინფექცია ტარდება იმპორტირებული ან ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების პარტიის გაყვანის შემდგომ და ყოველი ახალი პარტიის შეყვანის წინ.

მუხლი 6. დამატებითი მოთხოვნები დახურული ტიპის სადგომისადმი

1. დახურული ტიპის სადგომი, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობასთან ერთად, ასევე დაყოფილი უნდა იყოს ფუნქციურ ზონებად:

ა) საწარმოო ზონა, სადაც იმყოფებიან ცხოველები;

ბ) სამეურნეო ზონა, სადაც განლაგებულია საწყობები და სხვა სამეურნეო  სათავსები.

2. საწარმოო ზონა უნდა იყოს იზოლირებული, მასში შესვლა უნდა ხორციელდებოდეს დეზოხალიჩების/დეზობარიერების გავლით.

3. სადგომი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათებითა და ვენტილაციით.

4. იატაკზე, ჭერსა და კედლებზე გამოყენებული მასალა უნდა იძლეოდეს  დასუფთავებისა და  დეზინფექციის ჩატარების საშუალებას.

5. სადგომის სადეზინფექციოდ გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები.

მუხლი 7. პროფილაქტიკურ კარანტინთან დაკავშირებული განცხადებებისა და აქტების ფორმები

პროფილაქტიკურ კარანტინთან დაკავშირებული განცხადებებისა და აქტების ფორმები განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.