საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი სააქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი სააქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016231
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/01
20/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
040030000.22.054.016231
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი სააქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2017 - 20/04/2018)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/01

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი სააქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №3  დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 იანვრის  №05/01 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოქმედებითი საქართველო (შემდგომში შემოქმედებითი საქართველო) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ბაზაზე“ და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

2. შემოქმედებითი საქართველო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საქმიანობას.

3. შემოქმედებითი საქართველოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოქმედებითი საქართველო“.

4. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო), რომელიც ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს დებულებას.

5. შემოქმედებით საქართველოს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, უფლებამოსილია, თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები,  დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

6. შემოქმედებითი საქართველო შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

7. შემოქმედებითი საქართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქ. №4.


მუხლი 2. შემოქმედებითი საქართველოს მიზნები და ამოცანები
1. შემოქმედებითი საქართველოს მიზნებია:

ა) ქვეყნის მასშტაბით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ევროკავშირის პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი ეროვნულ დონეზე განხორციელება.

2. შემოქმედებითი საქართველოს ამოცანებია:

ა) შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვა;

ბ) შემოქმედებითი მეწარმეების კომპეტენციების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება;

გ) შემოქმედებითი საწარმოების ინსტიტუციონალური განვითარება;

დ) თანამშრომლობის პლატფორმების განვითარების და შემდგომ ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ე) შემოქმედებითი ინდუსტრიების დაფინანსების წარმატებული საერთაშორისო მოდელების ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) შემოქმედებით ინდუსტრიებთან დაკავშირებული პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ადგილობრივი შემოქმედებითი ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობა და ზოგადად, ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების ინტერნაციონალიზაცია;

თ) შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კვლევითი საქმიანობის წარმართვა და არსებული საერთაშორისო კვლევებისა და ანგარიშების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ეროვნულ დონეზე განხორციელება; 

კ) ევროკომისიის წესების ფარგლებში, შემოქმედებითი სექტორების დახმარება და ბენეფიციარებისთვის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.


მუხლი 3. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის საგანი
1.  შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს კულტურის და შემოქმედებითი სფეროს კომერციალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) შემოქმედებით ინდუსტრიებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის და ინსტრუმენტის ორგანიზებასა და დანერგვას, მათ შორის ფორუმების, კონფერენციების და პრეზენტაციების მოწყობას; ბეჭდვითი და ციფრული მედიის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას;

ბ) შემოქმედებით სექტორში სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; შესაბამისი ელექტრონული სახელმძღვანელოების გავრცელებას; შემოქმედებითი საინკუბაციო პროგრამების ორგანიზებასა და მხარდაჭერას;

გ) შემოქმედებითი ინდუსტრიების ალიანსების, (ონლაინ) კლასტერინგის და ქსელების განვითარებასა და მათი ფუნქციონირების მონიტორინგს;

დ) გაცვლითი პროგრამების, სამუშაო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ფარგლებში, დაფინანსების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით აღნიშნული გამოცდილების ადგილობრივ დონეზე დანერგვის ხელშეწყობას;

ე) ქვეყნის მასშტაბით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში შესაბამისი ინტელექტუალური, მატერიალური ან/და ფინანსური რესურსის მობილიზებას;

ვ) ინვესტიციებს მომგებიან შემოქმედებით პროექტებში;

ზ) შემოქმედებითი მეწარმეების ხელშეწყობას მათ საქმიანობაში, მათ შორის საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებსა და აუქციონებზე საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის მიზნით;

თ) საერთაშორისო სტრატეგიული თუ სხვა სახის დოკუმენტების (კვლევები, აღწერები და ა.შ.) ანალიზსა და ადაპტაციას, უცხოენოვანი პუბლიკაციების თარგმნას;

ი) პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და ქსელების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას; 

კ) სემინარების, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრების გამართვას, პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისათვის; 

ლ) პროგრამაზე „შემოქმედებითი ევროპა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბეჭდური და ელექტრონული მასალების გავრცელებას;  ვებგვერდის რეგულარულ განახლებას; 

მ) საქართველოში არსებული შემოქმედებითი სექტორების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის ევროკომისიისთვის მიწოდებას; 

ნ) პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ევროკომისიის დახმარებას, ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებას; 

ო) საქართველოს კულტურის  და მედიაოფისების მენეჯერების მონაწილეობას შესაბამის ღონისძიებებში (შეხვედრები, კონფერენციები, ფესტივალები და სხვ.);

პ) საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალის მომზადებას, გამოცემას, რეალიზებასა და უფასოდ გავრცელებას.

2. შემოქმედებითი საქართველო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.


მუხლი 4. შემოქმედებითი საქართველოს უფლება-მოვალეობანი
1. შემოქმედებით საქართველოს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმიანობის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები;

ბ) განახორციელოს უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში კომისია) მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები;

გ) კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა გაუწიოს კომისიის მიერ პროექტების შერჩევის პროცესს და მის მიმდინარეობას;  

დ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით;

ე) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;

ვ) მოამზადოს საკითხები საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს;

ზ) განსაზღვროს ფინანსური სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;

თ) მიიღოს და გასცეს გრანტი და სახელმწიფო დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

კ) ორგანიზება გაუწიოს კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობის სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას;

ლ) შეიმუშაოს შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.

2. შემოქმედებით საქართველოს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შემოქმედებითი საქართველოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები შემოქმედებითი საქართველოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის წინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანასთა სამინისტროს თანხმობა.

5. შემოქმედებითი საქართველო ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“  შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.


მუხლი 5. შემოქმედებითი საქართველოს ხელმძღვანელობა
1. შემოქმედებითი საქართველოს მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

2. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს განსაზღვრავს შემოქმედებითი საქართველო, ხოლო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

3. შემოქმედებით საქართველოს ხელმძღვანელობს დირექტორი.

4. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი:

ა) არის შემოქმედებითი საქართველოს საერთო ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია შემოქმედებითი საქართველოს საერთო საქმიანობაზე;

გ)  ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურას;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს საშტატო ნუსხას, სახელფასო განაკვეთებს;

ე) სამინისტროსთან ათანხმებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომელთა წახალისების  ფორმებსა და ოდენობებს დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გასცეს თანამშრომელთა სახელფასო დანამატები;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლებს, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოფს შემოქმედებითი საქართველოს დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

ი) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს  შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს;

კ) დამოუკიდებლად წყვეტს მიმდინარე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს შემოქმედებითი საქართველოს მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს.

6. დირექტორის არყოფნისას, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი თანამშრომელი.


მუხლი 6. კომისია
1. შემოქმედებითი საქართველოს სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს კომისია, რომელიც იკრიბება სამ თვეში არანაკლებ ერთხელ მაინც და რომლის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

2. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 24 თვისა.

4. კომისიის საქმიანობას კოორდინაციას უწევს შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი.

5. კომისია:

ა)  განიხილავს  და იღებს გადაწყვეტილებებს შემოქმედებით საქართველოში შემოსული პროექტებისა და განცხადების შესახებ;

ბ) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად  შემოქმედებითი საქართველოს სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს; განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;

გ) უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებების ჩართულობას ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით.


მუხლი 7. შემოქმედებითი საქართველოს ქონება
შემოქმედებითი საქართველოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 8. შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსების წყაროები
1. შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) უცხოური და ადგილობრივი წყაროებიდან მოზიდული სახსრები;

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

დ) კერძო შემოწირულობანი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. შემოქმედებითი საქართველოს სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.


მუხლი 9. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლი
1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს შემოქმედებითი საქართველოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.


მუხლი 10. შემოქმედებითი საქართველოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება
1. შემოქმედებითი საქართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად სამინისტროს.

2. შემოქმედებითი საქართველოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.


მუხლი 11. შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 12. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.