საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 11/11/2016
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
11/11/2016
ვებგვერდი, 14/11/2016
260000000.64.076.016006
საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/11/2016 - 30/11/2016)

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №37
2016 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  28-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესი“.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ განაცხადის ფორმა“ თანდართული დანართის შესაბამისად. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესი

მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს ბუღალტრული არღიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) მიერ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (შემდგომ სდპ)  ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძვლებსა და პროცედურებს.

2. ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება:

ა) იმ აუდიტორულ ფირმაზე, რომელსაც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ კანონი) ამოქმედების თარიღისთვის ჰქონდა სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც დასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრით, ან

ბ) რომელმაც 2013 წლის 1 იანვრიდან ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ჩაატარა სავალდებულო აუდიტი, ან

გ) 2016 წლის 25 ივნისიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩაატარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

მუხლი 2

1. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველია  ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ,  სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით, არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრამდე სამსახურისათვის წარდგენილი  განაცხადი.

2.  წარდგენილი განაცხადისა და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვის პროცესში სამსახური ითვალისწინებს:

ა) სამსახურისათვის წარდგენილ  განაცხადში მოცემულ ინფორმაციას ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რაც უნდა შეესაბამებოდეს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის 1 (ISQC1) მოთხოვნებს.

ბ)  საჭიროების შემთხვევაში, იმ მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც ჰბარდებოდა აუდიტორული დასკვნა/ანგარიში;

გ) აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის მოთხოვნით წარდგენილ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტაციას (მათ შორის, ინგლისურენოვანი რედაქციის).

მუხლი  3

1. სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს  წარმოდგენილი განცხადება და გასცეს მისი მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სამსახურის მიერ  განაცხადის მიღების ფაქტს.  წარმოების ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამსახურში წარდგენის დღიდან.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული აუდიტორულ ფირმაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას.

3. სამსახურისთვის წარსადგენ განაცხადს უნდა ერთოდეს:

ა) ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი აუდიტის გარიგებების შესახებ;

ბ) ინფორმაცია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე თანამშრომელთა შესახებ;

გ) ინფორმაცია ხარისხის კონტროლის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტების (სახელმძღვანელოების, პოლიტიკების და პროცედურების) შესახებ;

დ) ასეთის არსებობის შემთვევაში, აუდიტორულ ფირმასთან მიმართებაში ჩატარებული უკანასკნელი წინა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის/ შემოწმების/ შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მათ შორის, ინგლისურენოვანი რედაქციის).

 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისათვის ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილ ვადაში  წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.

5. თუ აუდიტორული ფირმა სამსახურს არ წარუდგენს კანონით ან ამ ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭებისათვის, სამსახური აუდიტორულ ფირმას შეუჩერებს  განცხადების განხილვის პროცესს და განუსაზღვრავს არაუმეტეს  10 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც აუდიტორულმა ფირმამ დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა წარადგინოს.

6. იმ შემთხვევაში, თუ სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილებით დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის წარდგენის დროისათვის აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებულ იურიდიულ პირზე არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ დასრულებულა სარეგისტრაციო წარმოება, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვის შეჩერების თაობაზე. თუ წარმოების შეჩერების ვადაში აღნიშნული პირი არ/ვერ დარეგისტრირდა აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილებით დაინტერესებული პირის მიმართ წარმოება წყდება და სამსახური იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

7. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) განცხადებას არ ერთვის ან/და არასრულად არის წარმოდგენილი ამ წესით, კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) უფლებამოსილების მინიჭებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი კანონიერების შესწავლის მიზნით სამსახურის მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში/ორგანოში;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

8. წარმოების შეჩერების პერიოდში,  წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას  წარმოების განახლების შესახებ.

9. წარმოების შეჩერების, განახლების და შეწყვეტის თაობაზე  სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სამსახურის მიერ ეგზავნება დაინტერესებულ პირს სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

მუხლი 4

1. აუდიტორული ფირმისათვის მინიჭებული სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილება მოქმედებს სამსახურის მიერ დროებითი უფლებამოსილების მინიჭების დღიდან  არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა.

2.  იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრამდე აქვთ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში“ მითითებულ აუდიტორულ ფირმებს, რომლებსაც ამ წესის შესაბამისად მიენიჭებათ დროებითი უფლებამოსილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში მითითებულ პირებს იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების დასრულებამდე, ხოლო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ 2017 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება – 2017 წლის 1 მარტამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში მითითებულმა აუდიტორულმა ფირმებმა სდპ-ებისათვის შეასრულონ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხელშეკრულებებით 2016 წლის საანგარიშგებო ან წინა პერიოდთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები.

5. აუდიტორული ფირმა, რომელსაც სამსახურის მიერ მიენიჭა აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილება, ვალდებულია არაუგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. მინიჭებული დროებითი უფლებამოსილება მოქმედებს სამსახურის მიერ აუდიტორულ ფირმაში ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგების გამოვლენამდე. 

6. სამსახური ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული უფლებამოსილების მქონე იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა, და შესაბამისი შედეგები რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე ასახოს.

7. სამსახური ვალდებულია დაასრულოს იმ აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, რომელმაც მას ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართა,  და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი შედეგები რეესტრში ასახოს, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრამდე.

8. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის თქმისა და  წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა)  წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მისმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა  წარმოების შეწყვეტა;

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრული ვადაში არ იქნა წარმოდგენილი  წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

გ) განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი გახდა სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტის გაუქმების ფაქტი;

ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

მუხლი 5

სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება უქმდება, თუ:

ა) აღნიშნული უფლებამოსილების მქონე პირი 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არ მიმართავს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით;

ბ) სამსახურმა განხორციელებული ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო;

გ) აუდიტორული ფირმა არ აკმაყოფილებს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 6

1. განაცხადის შევსებისას, საჭიროების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია პასუხებისათვის გამოყოფილ გრაფებს/სტრიქონებს დაამატოს შესაბამისი ველები.

2. შევსებული განაცხადი თანდართულ ინფორმაციასთან ერთად ამობეჭდილი და უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში ფირმის ბეჭდით) სახით წარედგინება სამსახურს. 

მუხლი 7

წარმოებისას სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.


დანართი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის

ზედამხედველობის სამსახურს


აუდიტორული (აუდიტური) ფირმის  სახელწოდება:

ფირმის სამართლებრივი ფორმა:

ფირმის საიდენტიფიკაციო ნომერი:

ფირმის ფაქტობრივი მისამართი:

დირექტორის (მთავარი აღმასრულებელი პირის) სახელი და გვარი:

ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირის  სახელი და გვარი:

ფირმის ტელეფონის ნომერი:

ფირმის ელექტრონული ფოსტა:

ფირმის ვებგვერდი:

საერთაშორისო ქსელის  ვებგვერდი:

 

გ ა ნ ც ხ ა დ  ე  ბ  ა

აუდიტორული ფირმის მიერ სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

გთხოვთ, განიხილოთ თანდართული ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ დანართების შესაბამისად  წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მომანიჭოთ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილება.

 

განმცხადებლის ხელმოწერა:                   -------------------------------------------

თარიღი:                                                     -------------------------------------------

 

დანართი ,,ა“

 

ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი აუდიტის გარიგებების შესახებ

1. ინფორმაცია „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869), განსაზღვრული 2015 წლის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში წინა წლების ფინანსური ანგარიშგების, სავალდებულო აუდიტზე გაფორმებულ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელიც დაიდო არაუადრეს 2013 წლის 1 იანვრისა, დამკვეთის, საიდენტიფიკაციო ნომრების, ხელშეკრულებების ვადების მითითებით;

2. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია სდპ-ებთან 2016 წლის ან შემდგომ პერიოდზე, ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებულ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დადებულ გარიგებებზე, სდპ-ების სახელწოდებების, საინდენტიფიკაციო ნომრების, ხელშეკრულებების ვადების მითითებით;

3. ინფორმაცია სდპ-ებთან 2016 წლის ან შემდგომ პერიოდზე, ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებულ, 1 ნოემბრის შემდგომ დადებული გარიგებების შესახებ, სდპ-ების სახელწოდებების, საინდენტიფიკაციო ნომრების, ხელშეკრულებების ვადების მითითებით.

4. ფირმის მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე დასრულებული,  ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ორი (აქედან „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) განსაზღვრული სულ მცირე ერთი სავალდებულო) გარიგების შესახებ შემდეგი დოკუმენტების ასლები/ინფორმაცია (მათ შორის, ინგლისურენოვანი რედაქციის):  

ა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების ხელშეკრულება;

ბ) გარიგების ბიუჯეტი;

გ) აუდიტის სტრატეგია და გეგმა;

დ) დამკვეთის ხელმძღვანელობის ოფიციალური წერილი;

ე) დამკვეთის ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;

ვ) გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა ან დოკუმენტირების, მათ შორის, არქივაციის საშუალება.

 

დანართი ,,ბ“

 

ინფორმაცია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე თანამშრომელთა შესახებ

1. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე გარიგების პარტნიორ(ებ)ის ვინაობა, კვალიფიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სფეროში;

2. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე გარიგების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, თანამდებობობა, კვალიფიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სფეროში;

3. გარდა 1-ლ-მე-2 პუნქტებში მითითებულისა, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე მაღალი და საშუალო რანგების თანამშრომლების ვინაობა, თანამდებობები, კვალიფიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სფეროში;

4. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე ტექნიკური სპეციალისტების (ექსპერტების) ვინაობა და კვალიფიკაცია, მათ შორის:

ა) მართვის და კონტროლის საინფორმაციო სისტემის აუდიტის სპეციალისტები;

ბ) ფინანსური ანგარიშგების, გარიგების მიმოხილვის სპეციალისტები;

გ) შეფასების სპეციალისტები;

დ) აქტუარები (დაზღვევის სუბიექტების აუდიტის შემთხვევაში);

ე) სხვა ექსპერტები.

5. ინფორმაცია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტში მონაწილე თანამშრომლების ბოლო პერიოდის განგრძობითი განათლების შესახებ.

 

დანართი ,,გ“

 

ინფორმაცია ფირმაში დანერგილი ხარისხის კონტროლის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტების (სახელმძღვანელოები, პოლიტიკები და პროცედურები) შესახებ

სახელმძღვანელო დოკუმენტის სახეობა ხარისხის კონტროლის სისტემის ელემენტის მიხედვით

სახელწოდება

განახლების სიხშირე

ბოლო განახლების თარიღი

ავტორის ვინაობა/თანამდე-ბობა ან დასახელება

ფირმაში დანერგვაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, თანამდებობა

დანერგვაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები

ეთიკური მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტ(ებ)ი

 

 

 

 

 

 

ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარებასთან, არსებულ დამკვეთთან ურთიერთობის გაგრძელებასთან და კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტ(ებ)ი

 

 

 

 

 

 

შრომითი რესურსების მართვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტ(ებ)ი

 

 

 

 

 

 

გარიგების შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტ(ებ)ი

 

 

 

 

 

 

მონიტორინგის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტ(ებ)ი

 

 

 

 

 

 

 

ვადასტურებ, რომ ფირმაში დანერგილია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით (ISQC1) მოთხოვნილი, ზემოაღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტები (სახელმძღვანელოები, პოლიტიკები, პროცედურები)

პასუხისმგებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა