„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/10/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016094
13
26/10/2016
ვებგვერდი, 27/10/2016
010240060.57.069.016094
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №13

2016 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 151 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. განმარტების მიღების უფლება

1. ტენდერისთვის სტატუსის „ტენდერი გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

2. თუ კითხვის დასმიდან ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე დარჩენილია 24 საათზე ნაკლები, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს განმარტება ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 2 საათისა.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.

4. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო პირობების ჩანაწერის ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება ასევე აქვს ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

5. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აგრეთვე აქვს ხელშეკრულებისთვის სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.

6. სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ამ წესის 266 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე სატენდერო პირობების ჩანაწერის ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.“.

2. დაემატოს 266 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 266. სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის ჩატარების განსხვავებული წესი

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით, ტენდერი ჩაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. ამავდროულად, სატენდერო წინადადების ფასის შემცირებასთან ერთად, პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს შეცვლილი ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (განფასება). ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ იმართება.

3. პრეტენდენტი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე, სატენდერო წინადადებასთან ერთად, სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

4. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია ვალდებულია, შეაფასოს ყველა პრეტენდენტის სატენდერო წინადადების (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების) შესაბამისობა სატენდერო პირობებთან. ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

5. პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვის (განფასების)) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის სატენდერო წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის/მოთხოვნების არსებობისას) დაზუსტებას არ ექვემდებარება.

7. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს აფასებს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.

8. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო თუ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებულია არასრულყოფილად, არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან დაზუსტების შედეგად არსებითად შეიცვალა ტექნიკური დოკუმენტაცია, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. პრეტენდენტ(ებ)მა, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია მინიჭებიდან 10 სამუშაო დღეს), სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინონ შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის/მოთხოვნების არსებობისას).

10. სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულო არ არის.

11. პრეტენდენტ(ებ)ის სატენდერო წინადადების (მათ შორის, ტექნიკური (დაზუსტებული ტექნიკური) დოკუმენტაციის, აგრეთვე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების, შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ასეთი მოთხოვნის/მოთხოვნების არსებობისას) სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია, ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრულ სათანადო ვადაში, იწვევს ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

12. ამ მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე