საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 450.090.010.05.001.000.275
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1004
28/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
450.090.010.05.001.000.275
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

 

ამ კანონის მიზანია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი უნიკალური დოკუმენტური მასალების დაცვის, შენახვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. იგი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ეკონომიკურ, სოციალურ და ადმინისტრაციულ საფუძვლებს, ადგენს მის სტატუსს და ფუნქციებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

      მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.

2. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს 2012  წლის  9 ივნისის კანონი № 6608 – ვებგვერდი, 10 .07 .2012წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1629 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3048 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3867 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

    მუხლი 2. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, განსაზღვრავს ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილს საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში, მის ძირითად ფუნქციებს, თავისებურებებს და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის საფუძვლებს.

    მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში

1. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა, ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას, ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.

2. ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს დებულება. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

თავი II. ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი მდგომარეობა

    მუხლი 5. საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. ეს საქმიანობა მოიცავს:

ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფას;

გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრას;

დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლს;

ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებასა და ანალიზს.

საქართველოს 2012  წლის 29 ივნისის კანონი № 6608 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1629 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3048 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3867 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

    მუხლი 6. ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც სახელმწიფო საკუთრების ობიექტი

1. ეროვნული ბიბლიოთეკა, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით ფასეული ობიექტი, არის მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრება. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, სტატუსის შეცვლა ან ლიკვიდაცია, მისი ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა გარანტირებულია.

2. დაუშვებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების პრივატიზაცია.

3. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი მის უვადო სარგებლობაშია და არ ექვემდებარება გასხვისებას.

    მუხლი 7. ეროვნული ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

ეროვნული ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტებით სარგებლობის შეზღუდვისა.

    მუხლი 8. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებანი

ეროვნული ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:

ა) განაგოს სახელმწიფო სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და თავისი დებულების საფუძველზე;

ბ) მონაწილეობდეს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში;

გ) გაწევრიანდეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკას;

ე) ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას, ჰქონდეს საკუთარი გამომცემლობა და სტამბა;

ვ) ეწეოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

    მუხლი 9. ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობანი

ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობაა:

ა) ეროვნული ბიბლიოთეკის შევსება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გამოცემული წიგნებითა და ნაბეჭდი მასალებით, აგრეთვე ისეთი ლიტერატურითა და ნაბეჭდი მასალებით, რომლებიც ეხება საქართველოს ან შეიცავს მის შესახებ რაიმე ინფორმაციას, მათი დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა;

ბ) მსოფლიო კულტურის ფასეულობებით სარგებლობის უზრუნველყოფა;

გ) ძველნაბეჭდ და იშვიათ გამოცემათა სახელმწიფო ფონდის ორგანიზება, დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოში ნაბეჭდი პროდუქციის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკის შედგენა და პუბლიკაცია;

ე) საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებიდან ისეთი ლიტერატურის მიღება, დაცვა და დამუშავება, რომლებიც ადგილებზე არ გამოიყენება, მაგრამ აქვს სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული ღირებულება;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმატიკის განვითარების მიზნით;

ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტდება სამართლებრივი, ისტორიული და პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურით, აგრეთვე საზოგადოებრივ მეცნიერებათა სხვა დოკუმენტებით, ნორმატიული აქტებით, მონაცემების ბაზის შექმნა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით;

თ) ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის წევრთა, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა და იმ პირთა უზრუნველყოფა, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო დავალებებს (მათ შორის, საქართველოს საზღვრების გარეთ), რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების საინფორმაციო რესურსები;

ი) მრავალმხრივი ინფორმაციული ანალიზის ჩატარება კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც დგას საქართველოს პარლამენტის ან აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4371 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 10. ეროვნული ბიბლიოთეკის მართვა

1. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. ამ კანონისა და თავისი კომპეტენციის შესაბამისად გენერალური დირექტორი პასუხს აგებს ბიბლიოთეკის საქმიანობაზე.

3. გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისათვის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს.

საქართველოს 2012  წლის 29 ივნისის კანონი №6608 – ვებგვერდი, 10 .07.2012წ.

    მუხლი 11. საქართველოს პარლამენტის გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველსაყოფად

1. საქართველოს პარლამენტი არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი, ამასთან, არ ერევა ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს:

ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას;

ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური მხარდაჭერით, შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით;

გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;

დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ნაბეჭდი პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას;

ე) ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას;

ვ) სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას კადრების მომზადებისა და გადამზადების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების საქმეში;

ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას;

თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში გაწევრიანებას, უცხო სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას.

3. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა პირობები გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ.

    მუხლი 12. ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსება

1. ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცალკე სტრიქონად გამოყოფით.

2. საბიუჯეტო ასიგნებათა გარდა ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა საქველმოქმედო შემოწირულობანი და სხვა ნებადართული შემოსავალი.

3. ეროვნული ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს არასაბიუჯეტო ფინანსურ რესურსებს თავისი დებულებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი III. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

№1004-Iს