„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
247
29/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
000000000.00.000.000000
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2009 - 18/05/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს.

 2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთათვისაც ქონების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულია „სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

3. ქონების კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

4. ქონების კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით და სასყიდლით. სარგებლობის საწყის ფასს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი.

5. სახელმწიფო ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უძრავი ნივთის კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

6. ქონების კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში – სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ბ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები – ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია.

    მუხლი 3. კონკურსის ორგანიზება

1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, კონკურსის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან უძრავი ნივთი მის ბალანსზე ირიცხება. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან აღნიშნული საკითხი ასევე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს მოძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, კონკურსის საფუძველზე იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბალანსზეც ირიცხება მოძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან აღნიშნული საკითხი უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონებას, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქონებისა, სარგებლობაში გადასცემს სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით კონკურსის საფუძველზე.

4. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება კონკურსის გარეშე სასყიდლით ან უსასყიდლოდ შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები თხოვების ფორმით, კონკურსის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრაციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით.

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;

ბ) კონკურსის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელებას (დახასიათებას);

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და კონკურსის ჩატარების ვადას;

ე) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროსა და ადგილს;

ვ) ბეს ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი;

ზ) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონული ფოსტის მისამართს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.

7. საკონკურსო წინადადებების გახსნის თარიღის ან ნებისმიერი სხვა გამოქვეყნებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კონკურსის მონაწილეებს. თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება ათს, მაშინ შეტყობინება უნდა განხორციელდეს იმ საშუალების გამოყენებით, რითაც მოხდა კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. კონკურსის მონაწილეთა განაცხადების მიღებისათვის სპეციალურად დანიშნული რეგისტრატორი იღებს და არეგისტრირებს კონკურსის მონაწილეთა მიერ წარდგენილ განაცხადებს თარიღისა და დროის აღნიშვნით.

10. კონკურსის გამარჯვებულს ავლენს საკონკურსო კომისია შესაბამისი აქტის საფუძველზე, რომელიც მტკიცდება კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 4. საკონკურსო კომისია

1. კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ქონების კონკურსის წესით გაცემისას ქმნის საკონკურსო კომისიას (შემდგომში – კომისია).

2. კომისია ორგანიზებას უწევს კონკურსის ჩატარებას, იღებს განაცხადებს, სპეციალურად ამისათვის დანიშნულ დღეს იხილავს საკონკურსო წინადადებებს, იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით.

4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

5. კომისია იქმნება კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც ასევე განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა.

    მუხლი 5. კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება (დახასიათება);

ბ) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წინადადებები დალუქული კონვერტით;

გ) ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წარადგენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას.

2. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება და რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ სრული დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, რის შემდეგაც განმცხადებელს ეძლევა კონკურსის მონაწილის სტატუსი. განაცხადის შემოსვლის დროდ მიიჩნევა მისი დარეგისტრირების თარიღი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავრდება კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადი არ მიიღება.

3. თუ განაცხადის მიღების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ განაცხადი მიიღება მომდევნო სამუშაო დღეს.

4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარებამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს, განაცხადის მიღების ვადის დასრულებამდე, ბეს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო რეგისტრატორი ახდენს განაცხადის გამოთხოვის ფაქტის დარეგისტრირებას.

6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებად;

ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    მუხლი 6. კონკურსის ჩატარების წესი

1. კომისია კონკურსის მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

2. კონკურსის გამარჯვებულად ცხადდება საუკეთესო წინადადებების წარმდგენი მონაწილე, რომლის წინადადება აკმაყოფილებს კონკურსის პირობებსა და კრიტერიუმებს.

3. თუ კომისიის მიერ შერჩეულ მონაწილეთა შეთავაზებული პირობები იქნება იდენტური, მაშინ კომისია დამატებით განუსაზღვრავს მათ 10 სამუშაო დღის ვადას დამატებითი პირობების წარსადგენად.

4. კომისიის მიერ დადგენილ დროს იხსნება კონვერტები. კონვერტების გახსნის შემდეგ დგინდება წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან. თუ მონაწილის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და ეს ფაქტი აღინიშნება შესაბამის აქტში.

5. კონკურსის მონაწილესა და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ მხოლოდ კონვერტის გახსნას.

6. კონკურსის მონაწილეთა წინადადებებს კომისია განიხილავს მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.

7. კომისია კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას აცხადებს კონვერტის გახსნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს დამატებითი პირობების წარსადგენად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;

ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის არშემდგარად გამოცხადების შესახებ.

10. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის დასახელებას (დახასიათებას);

ბ) კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;

გ) მონაცემებს კონკურსის მონაწილეთა შესახებ;

დ) კონკურსის მონაწილეთა წინადადებებს დანართების სახით;

ე) კონკურსის გამარჯვებულის დასახელებას;

ვ) ქონებით სარგებლობის კონკურსის შედეგად დადგენილ ფასსა და ვადას;

ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მოცულობას და მისი განხორციელების ვადებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა მონაწილეს, ხოლო კონკურსის გამარჯვებულს – შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

    მუხლი 7. გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა კონკურსის გამარჯვებული ვალდებულია, კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან გააფორმოს ხელშეკრულება.

2. კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემსა და კონკურსის გამარჯვებულს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ინფორმაცია კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემისა და ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების შესახებ;

ბ) სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების დასახელება და/ან მისამართი;

გ) ქონების შემადგენლობა, სარგებლობის ფასი და სარგებლობის ვადა;

დ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსის ფორმით გადაცემული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პირობებს, თანხის გადახდის ვადებსა და ამ წესის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.

4. კონკურსის გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების მიხედვით დაფაროს ქონებით სარგებლობის ფასი.

5. ქონების სარგებლობის უფლებით აღებული ქონების სარგებლობის მიზნით შეტანილი ბე ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეთვლება ანგარიშსწორების დროს. ყველა დანარჩენ მონაწილეს შედეგების გამოცხადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მონაწილის მოთხოვნით ბე უკან უბრუნდება.

6. საბანკო დაწესებულება მონაწილეებს შეტანილ ბეს უკან უბრუნებს კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დავალების საფუძველზე.

7. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება გადაეცემა მფლობელობასა და სარგებლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 8. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა

1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, კონკურსით მიღებული ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

2. კონკურსის გამარჯვებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, სარგებლობის უფლებით მიღებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.

3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება კონკურსის ფორმით გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით, ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისათვის.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება საკონკურსო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:

ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუსრულებლობისას დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

გ) სხვა საკონკურსო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

5. თუ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი ბე უკან არ უბრუნდება და არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული დანახარჯები.