გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ

  • Word
გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 360.140.000.05.001.000.170
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
424
15/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
360.140.000.05.001.000.170
გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ

კანონი აწესებს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემისას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ასევე, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობისა და მისი ინფორმირების სამართლებრივ საფუძვლებს.

კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომლის განხორციელება დაგეგმილია კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.

კანონი არ არეგულირებს საქმიანობაზე სხვაგვარი ნებართვის გაცემას.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

1. დაიცვას საქმიანობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობა, ბუნებრივი გარემო, ასევე კულტურული და მატერიალური ფასეულობანი.

2. უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქის ძირითადი უფლება – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობაზე და ასევე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა.

3. გაითვალისწინოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრიობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესები საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

    მუხლი 2. კანონის ამოცანა

კანონის ამოცანაა:

1. ჩამოაყალიბოს და დაიცვას ინვესტორის, საზოგადოებრიობისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობები საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სფეროში.

2. ხელი შეუწყოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან და რაციონალურ გამოყენებას.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

„საქმიანობა“ – სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება.

„ინვესტორი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად.

„გარემოსდაცვითი ნებართვა“ – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებისა და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა.

„საკონსულტაციო ფირმა“ – იურიდიული პირი, რომელსაც წესდების შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს კონსულტაცია გარემოს დაცვის სფეროში.

„გარემოს დაცვის ნორმები“ – გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით დაწესებული გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები – ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; – გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; გარემოზე დატვირთვის ნორმები.

„მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება“ – ისეთი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავება.

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანო“ –საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანო“ –საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოების, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის რაიონული სტრუქტურული ქვედანაყოფები.

„საუკეთესო ტექნოლოგია“ – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია ინვესტორისათვის.

თავი II

გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურა

    მუხლი 4. საქმიანობის კატეგორიები

1. ამ კანონის შესაბამისად საქმიანობა იყოფა ოთხ კატეგორიად მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.

2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება საქმიანობა, რომელმაც თავისი მასშტაბით, განლაგებითა და შინაარსით შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული უარყოფითი და შეუქცევადი ზემოქმედება გარემოზე, ბუნებრივ რესურსებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

პირველი კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება:

ა) მინერალური ნედლეულის მოპოვება

წიაღისეული რესურსების მოპოვება (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობისა) და მინერალური ნედლეულის გამდიდრება;

მინერალური ნედლეულის მოპოვებასთან და გამდიდრებასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა;

ღრმა ბურღვა, განსაკუთრებით ღრმა ცირკულაციის თერმული წყლების მოსაპოვებლად გამიზნული სამუშაოები;

სამთო გამონამუშევრების შეგროვება და მათ განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

ბ) ენერგეტიკული მრეწველობა

ნავთობნედლეულის გადამუშავება და ნავთობქიმიური წარმოება;

ნახშირის გაზიფიცირება და გათხევადება;

ნახშირის დაკოქსვა;

ნახშირისა და ლიგნიტის ბრიკეტირება;

თბოელექტროსადგურებისა და სხვა თერმული ობიექტების მშენებლობა (10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის);

გაზის, ორთქლის, ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის მაგისტრალურ გადამცემ საშუალებათა მშენებლობა;

ჰიდროელექტროსადგურების (10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის) მშენებლობა;

კაშხლებისა და ხელოვნური წყალსაცავების, სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა;

ნებისმიერი დანიშნულებისა და სიმძლავრის ბირთვული რეაქტორების მშენებლობა;

ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა;

ბირთვული საწვავის წარმოება და გამდიდრება, გამომუშავებული ბირთვული საწვავის გადამუშავება.

გ) სოფლის მეურნეობა

თევზის სარეწი მიზნით მოშენება ბუნებრივ წყალსატევებში;    

მიწების სამელიორაციო სამუშაოების წარმოება;

სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება (50 ჰექტარზე მეტი ფართობის);

მოსალოდნელი საშიში სტიქიური პროცესების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა განხორციელება.

დ) კვების მრეწველობა

თევზისა და ცხოველური ძვლებისგან ფქვილის წარმოება;

მცენარეული და ცხოველური ზეთებისა და ცხიმების წარმოება;

სახამებლის სამრეწველო წარმოება;

კონსერვის წარმოება (წელიწადში 5000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამმუშავებელი ობიექტები);

ლუდსახდელი, ლიქიორის, კონიაკის, არყის სახდელი და ღვინის წარმოება (წელიწადში 30 მილიონ ლიტრზე მეტი მწარმოებლობის ობიექტები).

ე) ქიმიური მრეწველობა

ნებისმიერი ტიპისა და სიმძლავრის ქიმიური წარმოება; მათ შორის: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება და შეფუთვა; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება; მაცივრების წარმოება. 

ვ) მეტალურგია

ნებისმიერი ტიპისა და სიმძლავრის მეტალურგიული წარმოება.

ზ) მანქანათმშენებლობა და გემთმშენებლობა 

მანქანათსაშენი, მათ შორის საავტომობილო, გემთსაშენი, სარკინიგზო და საავიაციო წარმოება;

გემთსაშენი, სარკინიგზო და საავიაციო სარემონტო წარმოება;

ძრავების, ტურბინებისა და რეაქტორების წარმოება და მათი გამოცდა.

თ) საშენ მასალათა მრეწველობა

ნებისმიერი წარმოება, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;

ცემენტის წარმოება;

ასფალტის წარმოება; 

მინისა და მინის პროდუქციის წარმოება.

ი) ხე-ტყის გადამმუშავებელი, ქაღალდის, ტყავისა და საფეიქრო მრეწველობა

მერქან-ბურბუშელოვანი და მერქან-ბოჭკოვანი ფილების წარმოება;

ხელოვნური მინერალური ბოჭკოს წარმოება;

ცელულოზის, ქაღალდისა და მუყაოს წარმოება;

ტყავის გადამმუშავებელი წარმოება;

მაუდ-კამვოლის (მატყლის გამწმენდი, გაუცხიმოვნებელი და გამთეთრებელი) კომბინატის მშენებლობა.     

კ) ნარჩენების გადამუშავება და განთავსება

საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების, გადამუშავებისა და დაწვის ქარხნების განთავსება და ფუნქციონირება; ტოქსიკური, სახიფათო და რადიაქტიური ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების განთავსება-ფუნქციონირება და მათი გაუვნებელყოფა.

ლ) საცავების განთავსება-ფუნქციონირება

გაზის, ნავთობის, ნახშირის, ნავთობქიმიური პროდუქტების მიწისზედა და მიწისქვეშა საცავების განთავსება-ფუნქციონირება;

რადიაქტიურ ნივთიერებათა საცავების განთავსება-ფუნქციონირება.

მ) ინფრასტრუქტურული გეგმების, პროექტებისა და პროგრამების განხორციელება ურბანიზაციისა და ქალაქგეგმარების პროგრამები;

მრეწველობის განვითარების პროგრამები;

ენერგოსისტემის განვითარების პროგრამები;

დასახლებული პუნქტების გამწმენდი ნაგებობების პროექტები;

ტყეთმოწყობის პროექტები (სატყეო და სამონადირეო მეურნეობების ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული გეგმების პროექტების ჩათვლით);    

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარების პროგრამები;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათმოწყობის     სქემები;

საავტომობილო გზების, რკინიგზების და აეროდრომების, ხიდების და ესტაკადების პროექტები;

ნებისმიერი დანიშნულების მაგისტრალური მილსადენების პროექტები;

საზღვაო პორტებისა და ტერმინალების პროექტები;

მეტროპოლიტენის, მიწისქვეშა საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების პროექტები;

სასტუმრო და საკურორტო კომპლექსების პროექტები;

სპორტული კომპლექსებისა და ნაგებობების პროექტები;

ონკოლოგიური, ინფექციური და ტუბერკულოზის საავადმყოფოების პროექტები;

დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი რეაბილიტაციის პროგრამები;     

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღის და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების გეგმები და პროექტები;

საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისათვის გამიზნული, ყველა სახის სამეურნეო-საინჟინრო ობიექტების განლაგების ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის პროგრამები და პროექტები.

ყველა ზემოაღნიშნული საქმიანობა საჭიროებს გარემოსდაცვით ნებართვას.

ინფრასტრუქტურული გეგმები, პროექტები და პროგრამები საჭიროებენ გარემოსდაცვით ნებართვას სახელმწიფო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების, მოწონების ან დამტკიცების წინ.

გარემოსდაცვით ნებართვას ამ კატეგორიის საქმიანობისათვის გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ). პროცედურა ტარდება ამ კანონის III თავის შესაბამისად;

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. პროცედურა ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა.

3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საქმიანობა, რომელმაც თავისი მასშტაბით, განლაგებით და შინაარსით შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმ რეგიონის გარემოზე, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

მეორე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება:

ა) მინერალური ნედლეულის მოპოვება

წიაღისეული ნედლეულის საკვლევი და სამთო სამუშაოები;

მცირე ზომის (100 000 ტონამდე წელიწადში) საშენი, ინერტული და დეკორატიული მასალების კარიერების მუშაობა და დაძიების სამუშაოები;

მტკნარი სასმელი და მინერალური წყლების დაძიების ბურღვითი სამუშაოები.

ბ) ენერგეტიკული მრეწველობა

სამრეწველო დანიშნულების თბოელექტროსადგურების და სხვა თერმული საწარმოების (10 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის) მშენებლობა;

ჰიდროელექტროსადგურების (10 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის) მშენებლობა.

გ) სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა

ყამირი მიწებისა და ბუნებრივი (ხელუხლებელი) ტერიტორიების გამოყენება ინტენსიური სოფლის მეურნეობისათვის;

სასმელი და სარწყავი წყლებით მომარაგების შიდასამეურნეო სისტემების მშენებლობა-ფუნქციონირება;

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (30-დან 50 ჰექტარამდე ფართობის) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

მეფრინველეობის და მეცხოველეობის კომპლექსური ფერმების მშენებლობა;

შარდოვანის მიღება მეცხოველეობიდან;

მარიკულტურისა და აკვაკულტურის ფერმების შექმნა;

თევზსაჭერი და სამონადირეო მეურნეობების შექმნა;

შაქრის წარმოება;

ხილფაფის, ხილის ვაჟინისა და წვენების წარმოება;

ლუდსახდელი, ლიქიორის, კონიაკის, არყის სახდელი და ღვინის წარმოება (წელიწადში 20-დან 30 მილიონ ლიტრამდე წარმადობის ობიექტები);

რძის პროდუქტების წარმოება;

საფუარის წარმოება;

შესაბოლი საწარმოების შექმნა;

ცხოველთა ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა;

მარცვლეული საკვების დამამზადებელი ფაბრიკების მშენებლობა;

უალკოჰოლო, ღვინის და სპირტიანი სასმელების ბოთლებში ჩამოსასხმელი საწარმოების შექმნა;

მიწების რეკულტივაცია (100 ჰექტარზე მეტი ფართობის);

კონსერვის წარმოება (წელიწადში 3000-დან 5000 ტონამდე ნედლეულის გადამმუშავებელი ობიექტები).

დ) სატყეო მეურნეობა

სატყეო ფონდის მიწების (100 ჰექტარზე მეტი ფართობის) არასატყეო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

ტყის ჭრა - 500 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყეკაფზე (ყველა სახეობის ჭრის ჩათვლით).

ე) სხვა საქმიანობა

ბეჭდვითი წარმოება;

მერქნის და ხის ავეჯის დამამზადებელი ფაბრიკების მშენებლობა;

მინერალური და საიზოლაციო ბამბის საწარმოების მშენებლობა;

კირქვის, ცარცის დამამზადებელი საწარმოების მშენებლობა;    

კომუნალური მეურნეობის, მათ შორის კანალიზაციის სამუშაოები;

ბოჭკოს საშრობი წარმოება;

აგურის და კაფელის დამამზადებელი საწარმოების მშენებლობა;

თაბაშირის ფილების დამამზადებელი საწარმოების მშენებლობა;

სამშენებლო კონსტრუქციების დამამზადებელი საწარმოების მშენებლობა;

კომუნალური მეურნეობის, მათ შორის კანალიზაციის სამუშაოები;

მინერალური ნედლეულისგან სამშენებლო მასალის დამამზადებელი საწარმოების შექმნა;

ქიმიური პროდუქტების გადასატანი ცისტერნების სარეცხი საწარმოების მშენებლობა.

გარემოსდაცვით ნებართვას მეორე კატეგორიის საქმიანობისათვის გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

ნებართვის გაცემის პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. პროცედურა ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა.

4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება საქმიანობა, რომელიც თავისი მასშტაბით, განლაგებით და შინაარსით არ გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას გარემოზე.

მესამე კატეგორიის საქმიანობას განეკუთვნება:

ა) სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა

ყავისა და მზესუმზირის მოსახალი საწარმოების შექმნა;

კვერცხის ნაწარმის დამამზადებელი (წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის) საწარმოების შექმნა;

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (20-დან 30 ჰექტრამდე ფართობის) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

საკვები ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმოების (წელიწადში 200 ტონაზე მეტი წარმადობის) შექმნა;

მარცვლეულის გასაშრობი, გასაწმენდი, შესანახი და სასილოსე კოშკების მშენებლობა;

უალკოჰოლო სასმელების წარმოება;

თამბაქოს წარმოება;

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი შენობების და ნაგებობების მშენებლობა;

სამრეწველო მნიშვნელობის სათბურების მშენებლობა;

მარცვლეულის შესანახი და გადამმუშავებელი შენობების, ნაგებობებისა და საწარმოების მშენებლობა;

მცენარეთა ქიმიური დამცავი საშუალებების და მინერალური სასუქების საწყობების მშენებლობა;

საკონსერვო წარმოება (წელიწადში 2000-დან 3000 ტონამდე ნედლეულის გადამმუშავებელი ობიექტები);

ლუდსახდელი, ლიქიორის, კონიაკის, არყის სახდელი და ღვინის წარმოება (წელიწადში 10-დან 20 მილიონ ლიტრამდე ნედლეულის გადამმუშავებელი ობიექტები);

ბ) სატყეო მეურნეობა

სატყეო ფონდის მიწების (50-დან 100 ჰექტარამდე ფართობის) არასატყეო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

ტყის ჭრა - 100-დან 500 ჰექტარამდე ფართობის ტყეკაფზე (ყველა სახეობის ჭრის ჩათვლით).

გ) სხვა საქმიანობა

სელის წარმოება;

ხის სახერხი საწარმოების ( წელიწადში 1000 კუბურ მეტრზე მეტი წარმადობის) შექმნა;

მერქნის შესანახი (სახმელეთო, წყლის შესასხურებელი მოწყობილობით, ან წყალზე 1000 კუბურ მეტრზე მეტი) ობიექტების მშენებლობა;

კერამიკული საწარმოების მშენებლობა;

შიდასამეურნეო საავტომობილო გზების გაყვანა;

ბენზინის გასამართი სადგურების მოწყობა;

იალქნიანი ნავების ნავსაყუდელების გამართვა;

საავადმყოფოების სასტერილიზაციო მოწყობილობების საქმიანობა ეთილენის ოქსიდის გამოყენებით;

კომუნალური სამრეცხაოების მოწყობა;

საავადმყოფოების მშენებლობა.

მესამე კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვით ნებართვას გასცემენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.

ნებართვის გაცემის პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. პროცედურა ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

საზოგადოებრიობის ინფორმირება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

5. მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება საქმიანობა, რომელიც არ შედის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში და გამოიწვევს უმნიშვნელო ზემოქმედებას გარემოზე.

მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის ჩამონათვალს შეიმუშავებს და „გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილ მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ“ დებულებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

აღნიშნული კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვით ნებართვას გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანო.

ნებართვის გაცემის პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. პროცედურა ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. განაცხადი გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად

1. საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად ინვესტორი ვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის რეგიონალურ ან ადგილობრივ ორგანოებსა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებს წარუდგინოს განაცხადი.

2. ინვესტორი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს სრულად, წერილობითი ფორმით.

3. განაცხადი უნდა შეიცავდეს დამასაბუთებელ დოკუმენტაციას, ინვესტორის განცხადებას საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად, საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტს, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის შეთანხმებას სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობის შესახებ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს (პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის). განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) დაგეგმილი საქმიანობის დასახელება, ინვესტორის ვინაობა და მისამართი;

ბ) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობა;

გ) საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღი, საქმიანობის მიზნები;

დ) საქმიანობისათვის საჭირო ნაგებობების სქემა;

ე) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა;

ვ) ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მისაღებ ნივთიერებათა ჩამონათვალი;

ზ) იმ ღონისძიებათა დეტალური აღწერა, რომლებიც დაგეგმილია გარემოზე და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად;

თ) გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალი და რაოდენობა;

ი) მოსალოდნელი ემისიის მოცულობა და სახეობა;

კ) ემისიის მოცულობის დასადგენად დაგეგმილი მეთოდები;

ლ) საწარმოო პროცესების შედეგად მიღებული ნარჩენების სახეები, ოდენობა, მათი განთავსების შესაძლო ადგილები, ნარჩენების შესამცირებლად და გადასამუშავებლად დაგეგმილი ღონისძიებები;

მ) ტექნოგენური ავარიების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების ზომები.

4. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საქმიანობისათვის ინვესტორი ვალდებულია განაცხადთან ერთად წარადგინოს საქმიანობის მოკლე ანოტაცია, რომელშიც უნდა აისახოს:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება და ინვესტორის ვინაობა;

დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობა;

საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღი;

საქმიანობის მიზნები;

საქმიანობის კატეგორია;

მისამართი, სადაც საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ამ ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია გამოქვეყნდება პრესაში და მიეწოდება საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.

5. ინვესტორს უფლება აქვს დამატებით წარადგინოს ის მონაცემები, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნევს საჭიროდ.

6. განაცხადის სრულად მიღების შემდეგ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები იწყებენ კანონით გათვალისწინებულ პროცედურას.

7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გარემოსდაცვითი ნებართვის შინაარსსა და ფორმას (გაფორმების წესს), ასევე, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმას „გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადისა და გარემოსდაცვითი ნებართვის გაფორმების წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2290 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.85

    მუხლი 6. სახელმწიფო, საწარმოო და კომერციული    საიდუმლოება

1. ინვესტორი ვალდებულია მიაწოდოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტექნოლოგიური პროცესის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას.

განაცხადის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას, ინვესტორმა ცალკე უნდა წარადგინოს.

2. საიდუმლოს შემცველი ნაწილი ეტიკეტირებული უნდა იყოს და ინახებოდეს ცალკე. საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის ეს ნაწილი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

3. გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საიდუმლოების დაცვა. შესაბამისი თანამდებობის პირებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლება ეძლევათ კანონით დადგენილი წესით.

4. პირები, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ექნებათ საიდუმლოების შემცველი ნაწილის გაცნობის უფლება, საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. პირველი კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურა

1. პირველი კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად ინვესტორი ვალდებულია ჩაატაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

2. გზშ სრულყოფილად ჩატარების და მასში საზოგადოებრიობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ინვესტორს უფლება აქვს:

ჩაატაროს გზშ-ის საჯარო განხილვა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;

უზრუნველყოს გზშ მიმდინარეობის პროცესში ჩატარებული გამოკვლევის მასალების მისაწვდომობა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისთვის.

3. პირველი კატეგორიის საქმიანობაზე განაცხადის სრულად მიღების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც მოიცავს საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას (სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურა რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით) და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობას.

4. განაცხადის მიღებიდან ათი დღის ვადაში საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პრესაში განაცხადთან ერთად წარმოდგენილი მოკლე ანოტაციის გამოქვეყნება, რომელსაც უნდა დაერთოს ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.

ბ) საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები;

5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ორი თვისა ჩაატაროს საქმიანობის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინვესტორის, გარემოს დაცვის სამინისტროს, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები;

6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვის მაქსიმალური ვადაა 3 თვე.

7. განაცხადის ასლი ინახება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ ორგანოში, სადაც არის დაგეგმილი საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოთხოვნისას გაეცნონ განაცხადს (კომერციული, საწარმოო და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნაწილის გარდა) განაცხადის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

8. ამ ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია:

ჩაატაროს დამასაბუთებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;

დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოს კანონმდებლობას;

დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოში მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებს;

დაადგინოს ღონისძიებები, რომელთა შემუშავება საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში აუცილებელი იქნება გარემოზე ზეგავლენის შემცირების მიზნით;

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და საზოგადოებრიობის აზრის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ.

    მუხლი 8. მეორე კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურა

1. მეორე კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადის სრულად მიღების შემდეგ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია შეასრულოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც მოიცავს საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობას.

2. განაცხადის მიღებიდან ათი დღის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს განაცხადთან ერთად წარმოდგენილი მოკლე ანოტაციის გამოქვეყნება, რომელსაც უნდა დაერთოს ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.

ამისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში;

ბ) ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა წერილობითი შენიშვნები.

3. განაცხადის ასლი ინახება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ ორგანოში, სადაც არის დაგეგმილი საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოთხოვნისას გაეცნონ განაცხადს (კომერციული, საწარმოო და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნაწილის გარდა) განაცხადის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ორი თვისა ჩაატაროს საქმიანობის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინვესტორის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვის მაქსიმალური ვადაა განაცხადის მიღებიდან ორი თვე. ამ ხნის განმავლობაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვალდებულია:

ჩაატაროს დამასაბუთებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;

დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოს კანონმდებლობას;

დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოში მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებს.

დაადგინოს ღონისძიებები, რომელთა შემუშავება საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში აუცილებელი იქნება გარემოზე ზეგავლენის შემცირების მიზნით;

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ.

    მუხლი 9. მესამე კატეგორიის საქმიანობაზე     გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურა

1. მესამე კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადის სრულად მიღების შემდეგ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანოები (შემდგომ: რეგიონალური ორგანო) და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები ვალდებული არიან შეასრულონ კანონის ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც მოიცავს საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას და საზოგადოებრიობის ინფორმირებას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

2. საზოგადოებრიობის ინფორმირებისათვის განაცხადის მიღებიდან ათი დღის განმავლობაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები ვალდებული არიან უზრუნველყონ პრესაში საქმიანობის შესახებ განაცხადთან ერთად წარმოდგენილი მოკლე ანოტაციის გამოქვეყნება.

3. განაცხადის ასლი ინახება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ ორგანოში (ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებში), სადაც არის დაგეგმილი საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოთხოვნისას გაეცნონ განაცხადს (კომერციული, საწარმოო და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნაწილის გარდა) განაცხადის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალურ ორგანოებსა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებში საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვის მაქსიმალური ვადაა ორი თვე. ამ ვადის განმავლობაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები ვალდებული არიან:

ჩაატარონ დამასაბუთებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;

დაადგინონ, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოს კანონმდებლობას;

დაადგინონ, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოში მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებს;

დაადგინონ ღონისძიებები, რომელთა შემუშავება საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში აუცილებელი იქნება გარემოზე ზეგავლენის შემცირების მიზნით;

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ.

    მუხლი 10. მეოთხე კატეგორიის საქმიანობაზე  გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურა

1. მეოთხე კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანო (შემდგომ: ადგილობრივი ორგანო) განაცხადის სრულად მიღების შემდეგ იწყებს ამ კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, რომელიც მოიცავს საქმიანობის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას.

2. რეგიონალურ ან ადგილობრივ ორგანოში საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის განხილვის მაქსიმალური ვადაა ერთი თვე. ამ ხნის განმავლობაში რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანო ვალდებულია:

ჩაატაროს დამასაბუთებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;

დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოს კანონმდებლობას;

დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ან მისი ცალკეული ნაწილი საქართველოში მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებს;

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ.

    მუხლი 11. გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები არ გასცემენ საქმიანობაზე ნებართვას, თუ:

ა) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმები და თუ საქმიანობის განხორციელების ადგილას გარემოს მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იქნება საქმიანობაში იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ ტექნოლოგიურ ნორმებს;

გ) საქმიანობის (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის) განხორციელება არ იქნება მიზანშეწონილი მისი განლაგების, შინაარსის ან მასშტაბის გამო;

დ) საქმიანობის განხორციელების შედეგად არ ირღვევა არსებული გარემოს დაცვის ნორმები, მაგრამ არსებობს ანალოგიური საქმიანობის ან მისი რომელიმე ნაწილის განხორციელების შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრეცედენტი;

ე) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოში მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები და ნორმები და საფრთხე შეექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.

2. საქმიანობაზე ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები დადგენილი ვადის (3 თვე პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის, 2 თვე მეორე და მესამე კატეგორიის საქმიანობისთვის, 1 თვე მეოთხე კატეგორიის საქმიანობისათვის) გასვლის შემდეგ წერილობით აცნობებენ ინვესტორს თავის გადაწყვეტილებას შესაბამისი დეტალური დასაბუთებით.

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2290 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.85

    მუხლი 12. საქმიანობაზე ნებართვის გაცემის საფუძვლები

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები გასცემენ საქმიანობაზე ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში არ დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში არ დაირღვევა საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმები;

გ) საქმიანობის განხორციელება მიზანშეწონილი იქნება მისი განლაგების, შინაარსის ან მასშტაბის გამო (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის);

დ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულია დასკვნა სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან საქმიანობის შესაბამისობის შესახებ.

2. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ საქმიანობის განხორციელების შედეგად განხორციელების ადგილზე დაირღვევა საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმები და ეს გამოწვეული იქნება საქმიანობის განხორციელების ადგილზე განთავსებული სხვადასხვა საწარმოების ჯამური ემისიის გაზრდით, განსახილველ საქმიანობაში კი დაგეგმილია საუკეთესო ტექნოლოგიის გამოყენება, მაშინ ინვესტორს მიეცემა ამ საქმიანობის განხორციელების უფლება. უკვე არსებული საწარმოებისთვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გადასინჯავს ჯამური ემისიის ნორმებს და დაადგენს იმ ვადას, რომლის გასვლის შემდეგ არსებულმა საწარმომ უნდა დაიცვას ემისიის ახალი ნორმები.

3. საქმიანობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები დადგენილი ვადის (3 თვე პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის, 2 თვე მეორე და მესამე კატეგორიის საქმიანობისთვის, 1 თვე მეოთხე კატეგორიის საქმიანობისათვის) გასვლის შემდეგ წერილობით აცნობებენ ინვესტორს თავის გადაწყვეტილებას და იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელთა გატარება აუცილებელი იქნება საქმიანობის განხორციელების შემდეგ.

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2290 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.85

    მუხლი 13. ინვესტორის უფლება-მოვალეობანი

1. ინვესტორი ვალდებულია მიაწოდოს ობიექტური მონაცემები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის რეგიონალურ ან ადგილობრივ ორგანოებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებს და საკონსულტაციო ფირმას (პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

არაობიექტურად მიწოდებული ინფორმაციისთვის ინვესტორი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქმიანობაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია:

ა) განახორციელოს დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად;

ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური ან ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.

3. ინვესტორი უფლებამოსილია ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს საკონსულტაციო ფირმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩასატარებლად.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი არ ეთანხმება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებისა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

თავი III

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

    მუხლი 14. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა

1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) ნიშნავს დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურას, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

2. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებზე და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებზე (მემკვიდრეობაზე) და სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის).

3. ამ კანონის შესაბამისად, თუ ინვესტორის მიერ დაგეგმილი საქმიანობა განეკუთვნება პირველ კატეგორიას, მაშინ გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. აკრძალულია პირველი კატეგორიის საქმიანობაზე ნებართვის გაცემა მათი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა.

4. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან, თუ:

ინვესტორი იმეორებს ან აგრძელებს ადრე დაწყებულ საქმიანობას, რომლისთვისაც უკვე შესრულდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და მისი ხელახალი განმეორება არ შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას.

საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს და გადაწყვეტილება ამის შესახებ სასწრაფოდ იქნეს მიღებული.

გადაწყვეტილებას გარემოს ზემოქმედების შეფასებისგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ ინვესტორის თხოვნით იღებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობასა და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საბჭოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

5. საკონსულტაციო ფირმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს გარემოზე ზემოქმედების ობიექტურად შეფასებისათვის.

6. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგების საქართველოს კანონმდებლობასთან და გარემოს დაცვის ნორმებთან შესაბამისობის ექსპერტიზის მართებულობაზე პასუხისმგებელი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოები და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შემსრულებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ ექსპერტიზის ობიექტურად ჩატარებისთვის.

7. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯები ინვესტორს ეკისრება.

    მუხლი 15. გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვის ჩატარების პირობები

1. ინვესტორს უფლება აქვს ჩაატაროს გზშ-ის საჯარო განხილვა გზშ-ის მიმდინარეობის პროცესში.

2. ინვესტორი უფლებამოსილია უზრუნველყოს განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

3. განხილვა შეიძლება ჩატარდეს საჯაროდ და მასზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოებრიობის ყველა დაინტერესებულ წარმომადგენელს.

4. განხილვა შეიძლება ჩატარდეს იმ რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

    მუხლი 16. გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობა

1. საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიაწოდონ ინვესტორს მოსაზრებები და შენიშვნები პირველი კატეგორიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

2. საზოგადოებრიობის აზრის გათვალისწინებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ინვესტორი ვალდებულია გაეცნოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლების წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს პირველი კატეგორიის საქმიანობასთან დაკავშირებით და გაითვალისწინოს მათი არგუმენტები დამასაბუთებელი დოკუმენტაციის საბოლოო სახით გაფორმების პროცესში.

3. საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ საკუთარი ხარჯებით აწარმოონ გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელი შეფასება პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის და წარუდგინონ იგი გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოს.

4. გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელი შეფასების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს პირველი კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

5. თუ საზოგადოებრიობის წარმომადგენელი ჩათვლის, რომ შეილახა მისი უფლებები, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 17. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა პირველი   კატეგორიის საქმიანობის შემთხვევაში

1. ინვესტორმა (პირველი და მეორე კატეგორიის საქმიანობის დაგეგმვისა და ასევე გზშ-ის ჩატარების პროცესში მოწყობილი საჯარო განხილვის დროს) ინფორმაციის გაცემაზე შესაბამისი დასაბუთებით უარი შეიძლება თქვას მხოლოდ მაშინ, თუ:

ა) მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან საწარმოო საიდუმლოებას;

ბ) გზშ-სთან დაკავშირებული კონკრეტული სახის გამოკვლევა ჯერ არ არის დამთავრებული, შესაბამისად, ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და არ ასახავს საქმის რეალურ ვითარებას.

2. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საზოგადოებრიობის წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 18. გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის    პროცედურის დაფინანსების წესი

საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესის ფარგლებში გარემოსდაცვითი ნებართვის პროცედურის ორგანიზების უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯები ფინანსდება კანონმდებლობის მიხედვით.

    მუხლი 19. პასუხისმგებლობა „გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებკანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 15 ოქტომბერი.

№424–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2290 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.85

2. ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5602 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.404