დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5602 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 26/12/2007 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.05.001.003.078 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 01.06.2017, №890)
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ამ კანონის რეგულირების სფერო არის ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან ქმედება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით.
2. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობათა სრულ ნუსხას და მათ განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების მონაწილეობისა და მისი ინფორმირების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის მიზნებია:
ა) საქმიანობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ბ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქის ძირითადი უფლების – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობაზე, აგრეთვე გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
გ) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფოსა და საზოგადოების ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინება.
2. ამ კანონის ამოცანებია:
ა) საქმიანობაზე ნებართვის გაცემის სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობების ჩამოყალიბება და დაცვა;
ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან დაცვის, ასევე მათი რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (შემდგომ – ნებართვა) – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია;
ბ) საქმიანობის განმახორციელებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომელიც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად მიმართავს შესაბამის ორგანოს;
გ) მშენებლობის ნებართვა – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა;
დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – გზშ) – დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე;
ე) გარემოს დაცვის ნორმები – „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოს დაცვის ნორმები;
ვ) ტექნიკური რეზიუმე – დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილება;
ზ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს;
თ) არატექნიკური რეზიუმე – გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე აღწერა გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით;
ი) ეკოლოგიური აუდიტი − მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში ამ საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საშუალებების დადგენისა და საქმიანობის მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარების შედეგად დგება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში;
კ) საცავი − სხვადასხვა მოყვანილობისა და ფორმის რკინაბეტონის, ხის, ლითონის ან სხვა მყარი ნაკეთობის სათავსი ან ნაგებობა, რომელიც დაცულია გარეშე პირთა შეღწევისაგან, გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერების განსათავსებლად და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ლ) ექსპერტი − ეკოლოგიური ექსპერტიზის ან/და შეთანხმების პროცედურაში მონაწილე სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად რეგისტრირებული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და გამოცდილება დაკისრებული საექსპერტო მოვალეობის შესასრულებლად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 78 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3488 – ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1669 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი II. ნებართვის გაცემის პროცედურები
1. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია:
ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (ეკოლოგიურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება სამშენებლო (მათ შორის, ინერტული) მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა);
ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;
გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება;
დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება;
ე) ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;
ვ) ნარჩენების განთავსება, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;
ვ1) სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;
ვ2) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;
ვ 3) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება (რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობა ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა);
ზ) ქვანახშირის გაზიფიცირებასთან, გათხევადებასთან, ბრიკეტირებასა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;
თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა;
ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირების საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ.მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა 1000 კუბ.მ-ს აღემატება;
კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდების, გზაგამტარი გვირაბის, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიების საინჟინრო დაცვის ნაგებობების აგება;
ლ) მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება;
მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის (10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება;
ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;
ო) წყალსაცავის (10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის) მოწყობა;
პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის), აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება;
ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურისა და საზღვაო ნავსადგურის მოწყობა;
რ) კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლისა და ბუნის განთავსება;
ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიკური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება;
ტ) ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი წარმოებები (დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტის);
უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება (საათში ტონაზე მეტი პროდუქციის წარმადობით), გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა;
ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის ნებართვის ნაწილია (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა მშენებლობის ნებართვის პირობაა) და მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის ან მფლობელისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში.
6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მასზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ნებართვა, რომლის თაობაზედაც მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეკოლოგიურ ექსპერტიზას სამინისტრო ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
7. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 78 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 5. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები
1. ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4960 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
მუხლი 6. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა (ხოლო ამ კანონის მე4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე).
2. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
3. დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას;
ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის, ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიების) გაცნობა;
გ) საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას;
დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს.
4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიები;
ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;
გ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 50 და არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა.
5. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
6. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 7. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების გაფორმება
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).
2. საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს და ითვალისწინებს მათ არგუმენტებს გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში.
3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება და მათი ავტორისთვის (ავტორებისთვის) გაგზავნა. ეს წერილობითი დასაბუთება (შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) საქმიანობის განმახორციელებელმა, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გზშ-ის ანგარიშთან ერთად, უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში). ამ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები გზშ-ის ანგარიშის განუყოფელი ნაწილია.
4. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 8. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
1. საქმიანობის განმახორციელებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადება წარედგინება, განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);
ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით);
გ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად);
დ) ტექნიკური რეზიუმე და არატექნიკური რეზიუმე;
ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
3. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.
4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) – აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე;
ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (ტექნიკური რეზიუმეს სახით). ეს დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით) – აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე;
დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად) – აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე;
ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ – აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 78 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 9. ნებართვის გაცემის წესი
1. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.
2. სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
3. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 91. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრული, არსებულ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული საქმიანობებისა), რომელთა განხორციელებაც დაწყებულია 2015 წლის 1 ივნისამდე და რომლებსაც არ აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, საჭიროებს ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად სამინისტროს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად განცხადებით მიმართოს სამინისტროს და წარადგინოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
3. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი გაიღებს.
4. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე მის განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით.
5. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წერილობით წარდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, ხოლო დოკუმენტაციის ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 დღეს აწყობს საჯარო განხილვას.
6. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ექსპერტები. „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად რეგისტრირებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
8. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია სათანადო დასაბუთებული გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.
10. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სამინისტრო.
11. სამინისტრო შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 60 დღის ვადაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
12. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად მიმართავს სამინისტროს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულება.
13. საქმიანობის განმახორციელებელი მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს ნებართვის მისაღებად. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, გარდა ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა.
14. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მიღების შემდეგ მისი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
1. გზშ არის დაგეგმილ საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრა, აგრეთვე დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.
2. გზშ-ის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელია საქმიანობის განმახორციელებელი.
3. გზშ-ის შედეგად დგება გზშ-ის ანგარიში.
4. გზშ-ის პროცედურას და გზშ-ის ანგარიშის შინაარსისადმი მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა და „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულება, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.
5. გზშ-ის პროცედურის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს საქმიანობის განმახორციელებელი.
მუხლი 11. გზშ-ისგან საქმიანობის გათავისუფლება
1. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გზშ-ისგან, თუ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს საქმიანობის დაწყებას და ამის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღებას.
2. გზშ-ისგან გათავისუფლების თაობაზე საქმიანობის განმახორციელებლის განცხადებას განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადებებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დაინტერესებულ უწყებასთან შეთანხმებით.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1918 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.228
მუხლი 12. საქმიანობის განმახორციელებლის უფლება-მოვალეობანი
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიაწოდოს ობიექტური მონაცემები ნებართვის გამცემ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს).
2. ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად;
ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი ორგანო;
გ) მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე საწარმოს (ობიექტის) ექსპლუატაციისას, დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობები;
დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში.
3. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობის შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ მისი შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ან თავიდან აცილებას, ანდა თუ დაასაბუთებს მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობის სხვა პირობით შეცვლის აუცილებლობასა და ეფექტიანობას გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების თვალსაზრისით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო – ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
5. კომისია საკითხის განხილვის შემდეგ მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციას. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მინისტრი საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3780 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.407
მუხლი 13. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
ნებართვა არ გაიცემა, თუ:
ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;
ბ) განსახორციელებელ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს.
მუხლი 14. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება
ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
მუხლი 15. ნებართვის გამცემი ორგანოს უფლება-მოვალეობანი
ნებართვის გამცემი ორგანოს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 16. სანებართვო მოწმობის ფორმა
სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
მუხლი 17. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი სამინისტროს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში სამინისტრო გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 18. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სხვა პირისათვის გადაცემა
1. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვა/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სხვა პირს გადასცეს.
2. ნებართვის, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემისას ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი და ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებული არიან, მიმართონ სამინისტროს ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის რეკვიზიტები. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელისა და ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები – კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები − ფიზიკური პირისათვის. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება;
გ) სანებართვო მოწმობის დედანი – ნებართვის გადაცემის შემთხვევაში.
3. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი და ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებული არიან, ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის შესაბამის ორგანოს წარუდგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და სამინისტროს მიერ გაცემული, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ძალაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სამინისტრო ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ნებართვის გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე უწყებრივ სანებართვო რეესტრში შესაბამისი ცვლილება შეიტანება.
5. ნებართვის გასხვისების შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამინისტრო გასცემს ახალ სანებართვო მოწმობას.
6. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე ვალდებულია მიმართოს სამინისტროს განცხადებით, რომლის საფუძველზედაც სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
7. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების ამოქმედების მომენტიდან.
8. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევაა.
მუხლი 19. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).
3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს.
4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.
5. დეპარტამენტი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ შერჩევითი შემოწმებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3051 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ179
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4659 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 78 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 20. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმება
პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ სამინისტრო განსაზღვრავს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლისთვის დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის.
3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საქმიანობის განმახორციელებელი მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს არ შეასრულებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
4. თუ, ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, საქმიანობის განმახორციელებელი არ შეასრულებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს, სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.
პირებს, რომელთაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვთ გარემოსდაცვითი ნებართვა ან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, უფლება აქვთ განცხადების საფუძველზე მოითხოვონ გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოწმობის გაცემა. სამინისტრო ვალდებულია, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე. ამ შემთხვევაში განცხადების შემომტანი თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ისეთი საქმიანობებისათვის გაცემული გარემოსდაცვითი ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვები, რომლებიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მათზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ნორმები.
2. ამ კანონის 9 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროს განცხადებით მიმართოს 2017 წლის 1 ივნისამდე.
2 1. (ამოღებულია - 26.12.2014, №2996).
3. (ამოღებულია - 29.04.2015, №3488).
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1174 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.48
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4458 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 201 4 წლის 6 თებერვლის კანონი №1980 - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები
1. 2008 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“;
ბ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;
გ) „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის შესახებ“.
2. 2011 წლის 1 სექტემბრამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. 2015 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ“.
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3780 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4400 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 24. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 5);
ბ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 02.09.2005, №104, მუხ. 1161) „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №59 ბრძანება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულებისა და მაგისტრალური მილსადენების პროექტების თანდართული ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24.05.2002, №50, მუხ. 470);
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №139 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2005 წ., №74, მუხ. 791).
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 14 დეკემბერი
№5602–რს
დოკუმენტის კომენტარები