საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017093
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20/ნ
09/03/2016
ვებგვერდი, 11/03/2016
430070000.22.022.017093
საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2016 - 20/04/2016)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №20/ნ

2016 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №14/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი
საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი აწესრიგებს საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს.

მუხლი 2. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა
საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვის 4200 ლარი;

ბ) 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის 8400 ლარი;

გ) 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის 12600 ლარი;

დ) 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის 16800 ლარი.


მუხლი 3. ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

ბ) იმ საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი.


მუხლი 4. ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება
სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, უგზავნის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს, რომელიც ხუთი სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამ დანართის მე-3 მუხლში მითითებული ინფორმაციის სისწორეს და აწვდის ინფორმაციას სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს.

მუხლი 5. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული და მე-4 მუხლით დადგენილი წესით გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.