„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017080
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
07/ნ
29/01/2016
ვებგვერდი, 29/01/2016
430030000.22.022.017080
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/01/2016 - 18/08/2016)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №07/ნ

2016 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში (სსმ 09.01.2007, №3, მუხ. 22) და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პოგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა (ECTS) სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა,  რომელიც ეფუძნება სწავლის შედეგებისა და სასწავლო პროცესის გამჭვირვალობას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის/კომპონენტების, ცოდნის, უნარების და კომპეტენციების აღიარებას, ასევე სტუდენტთა მობილობის პროცესს.“.

2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

ამ ბრძანების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კრედიტი ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;

ბ) საკონტაქტო საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობით სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის  განსაზღვრული დრო;

გ) დამოუკიდებელი საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობის გარეშე სტუდენტის სასწავლო საქმიანობის დრო;

დ) საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებია სასწავლო კომპონენტი და სამეცნიერო-კვლევითი/კვლევითი კომპონენტი;

ე) სასწავლო კომპონენტი – საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სასწავლო კურსის, მოდულის, პრაქტიკის, შემოქმედებითი/ პრაქტიკული სახის პროექტის, საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის ან სხვა კომპონენტის სახით;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი – მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის, დისერტაციის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის/აქტივობის სახით;

ზ) სტუდენტის სასწავლო დატვირთვა – დრო, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა  უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელ და საკონტაქტო საათებს;

თ) სწავლება-სწავლის მეთოდი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პირის მიერ სტუდენტისთვის, ცოდნის გადაცემის საშუალება, როგორიცაა: ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, პრაქტიკული მუშაობა, სემინარი, ელექტრონული რესურსით სწავლება, ელექტრონული სწავლება და სხვ., წავლება-სწავლის მეთოდი შეიძლება მოიცავდეს შესაბამის აქტივობებს (დისკუსია, დებატები, დემონსტრირება, პრეზენტაცია, სემინარი და სხვ.);

ი) შეფასების ფორმები – შეფასების ფორმებია შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას;

კ) შეფასების კომპონენტები – შეფასების ფორმების ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ზეპირი/წერითი გამოცდა,  ზეპირი/წერითი გამოკითხვა, აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნა, სპექტაკლი, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.);

ლ) შეფასების მეთოდი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაფასებლად გამოსაყენებელი საშუალება/საშუალებები (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, აუდიოვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა, სპექტაკლში მონაწილეობა/დადგმა, საკონცერტო შესრულება, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა და სხვ);

მ) შეფასების კრიტერიუმი – შეფასების მეთოდის საზომი ერთეული, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. კრედიტების განაწილება

  1. კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ თითოეულ კომპონენტს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათს. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ საკონტაქტო საათების მიხედვით.
  2. სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი.
  3. ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიული საათის განმავლობაში და მოიცავს, როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს.
  4. კრედიტთა განაწილება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენილი სწავლის შედეგის მისაღწევად. კრედიტების განაწილების სისწორე უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით, რაშიც აკადემიურ პერსონალთან/სამეცნიერო პერსონალთან ერთად სტუდენტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას.

5. კრედიტის გაანგარიშებისას არ უნდა იყოს გათვალისწინებული დამატებითი გამოცდისთვის (მომზადება, ჩაბარება, შეფასება) განსაზღვრული დრო, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან საკონსულტაციო დრო.

6. ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იგივე შინაარსის, მოცულობისა და სწავლის შედეგის მქონე სასწავლო კომპონენტი ყველა პროგრამის სტუდენტისათვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.“;

4.  მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. სასწავლო კვირა/სემესტრი/წელი

  1. სასწავლო კვირა არის დროის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება სტუდენტის სასწავლო დატვირთვა კვირაში. სასწავლო კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 45 ასტრონომიულ საათს.
  2. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს.
  3. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს.
  4. ერთი აკადემიური წელი მოიცავს საშუალოდ 60 (ECTS) კრედიტს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის  სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.“.

5. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განახორციელოს სწავლება-სწავლის პროცესი არასრული დატვირთვით.

2. სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმი ნიშნავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური მოცულობით არაუმეტეს 25 ასტრონომიული საათისა.

3. სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის განსაზღვრისას ერთი აკადემიური წელი მოიცავს საშუალოდ 30 (ECTS) კრედიტს.“.

6.  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სტუდენტის შეფასება

1. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის თითოეულ კომპონენტში უნდა მოიცავდეს შუალედურ და დასკვნით შეფასებას.

2. შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) უნდა განესაზღვროს ხვედრითი წილი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს პროცენტებში) საბოლოო შეფასებაში.

3. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

4. შეფასების თითოეული ფორმა მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც მოიცავს შეფასების მეთოდს/მეთოდებს, ხოლო შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით.

5. შეფასების კომპონენტი, მეთოდი და კრიტერიუმი ადეკვატური უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული და მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასებისთვის.

6. შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 50%-ს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეფასების კომპონენტშიც განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.

8. დისერტაცია, სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით). შეფასებისას გამოყენებული უნდა იყოს შედეგის შეფასებისთვის რელევანტური მეთოდი/მეთოდები და კრიტერიუმები.

9. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

10. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღეში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება დისერტაციის, სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის მიმართ.

11. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

12. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

13. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

14. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის/კომპონენტების კრედიტების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს.

15. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი/კომპონენტები უნდა შეფასდეს ამ მუხლის  მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სისტემით.

16. სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შეფასება შეიძლება ამ მუხლის მე-9 ან მე-17 პუნქტით განსაზღვრული სისტემით.

17. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი/კომპონენტების შეფასების სისტემა:

ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;

ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;

გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;

დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;

ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;

ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო მე-17 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

19. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე