მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ

მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.019074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
11/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
340170000.10.003.019074
მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/01/2016 - 23/06/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2016 წლის 11 იანვარი

   ქ. თბილისი

 

მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესი.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს 2016  წლის პირველი  ივლისიდან.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ამოქმედდეს 2020  წლის პირველი იანვიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



 

მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების

გამოყენების აკრძალვის წესი


მუხლი 1

1. ეს წესი მიზნად ისახავს მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა-აგონისტების გამოყენების  რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2. ეს წესი ადგენს ყველა სახეობის ცხოველთა მკურნალობისათვის ბეტა- აგონისტების, ჰორმონული და თირეოსტატიკური ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოყენების აკრძალვის და ამ ნივთიერებების ბაზარზე განთავსების პირობებს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზოგიერთი მსხვილფეხა საქონლისა და ცხენისებრთა ცხოველის მკვეთრად განსაზღვრული თერაპიული მკურნალობისათვის, დაშვებულია ბეტა-აგონისტების გამოყენებით დამზადებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება.

4. ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ.

 

მუხლი 2. ამ წესის მიზნებისათვის სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფერმის ცხოველი − მსხვილფეხა საქონელი, ღორი, თხა, ცხვარი, შინაური კენტჩლიქიანები, შინაური ფრინველი და ბოცვერი, ამ ცხოველთა გარეული სახეობები, ასევე გარეული მცოხნავი ცხოველები, რომლებიც გაიზარდნენ სადგომში;

ბ) ხორცის პროდუქტი − გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ხორცის გადამუშავებით ან გადამუშავებული ხორცის შემდგომი გადამუშავებით ისე, რომ ხორცის გადანაჭერის ზედაპირს აღარ ახასიათებს ახალი ხორცისთვის დამახასიათებელი ნიშნები;

გ) აკვაკულტურის პროდუქტი − კონტროლირებად პირობებში დაბადებული და გაზრდილი თევზის ყველა დასახელების პროდუქტი, ბაზარზე სურსათად განთავსებამდე, ასევე ზღვისა და მტკნარი წყლის თევზები და კიბოსნაირები, მოპოვებული მათ ბუნებრივ საარსებო გარემოში მოზარდეულის სტადიაზე და შემდგომში გაზრდილი სასაქონლო ზომამდე კონტროლირებად პირობებში. სასაქონლო ზომის თევზი და კიბოსნაირი, მოპოვებული მათ ბუნებრივ საარსებო პირობებში, არ წარმოადგენს აკვაკულტურის პროდუქტს, თუ მათი ცოცხლად შენახვის პერიოდში არ ხდება ზომისა და წონის მატება;

დ) თერაპიული მკურნალობა − საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ვეტერინარული პრეპარატით მკურნალობისათვის ვეტერინარი ექიმის ადმინისტრაციული საქმიანობა, ამ წესის მე-4 მუხლის თანახმად, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული სახეობის ფერმის ცხოველის ფერტილობის (რეპროდუქციის უნარი) პრობლემების მკურნალობის, მათ შორის, არასასურველი მაკეობის შეწყვეტის, ბეტა-აგონისტების  შემთხვევაში  −  ძროხებში   მშობიარობის  დროს ტოკოლიზის  გამოწვევის, ასევე რესპირატორული დაავადების, ნავისებური ძვლის დაავადების, ჩლიქის ანთების (Laminitis) მკურნალობასა და ცხენისებრთა ცხოველებში ტოკოლიზის გამოწვევასთან;

ე) ზოოტექნიკური მკურნალობა − საქმიანობა, რომელიც მოიცავს:

ე.ა) ვეტერინარი ექიმის მიერ ცხოველის გასინჯვის შემდეგ, ან ამ წესის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობით, ფერმის ცალკეული ცხოველის მკურნალობას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი ნებადართული ვეტერინარული პრეპარატით ახურების (Oestrus) სინქრონიზაციისათვის, ასევე დონორისა და რეციპიენტის მომზადებას ემბრიონის იმპლანტაციისათვის;

ე.ბ) აკვაკულტურის შემთხვევაში სანაშენე ცხოველების სქესის ინვერსიას ვეტერინარი ექიმის მიერ გაცემული დანიშნულებით ან მისი პასუხისმგებლობით;

ვ) აკრძალული მკურნალობა − იმ ვეტერინარული პრეპარატებით ან ნივთიერებებით (სუბსტანციებით) მკურნალობა, რომელიც არ არის ნებადართული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ნებადართული ვეტერინარული პრეპარატების ან ნივთიერებების (სუბსტანციების) არამიზნობრივი ან შეუსაბამო პირობებში გამოყენება.

 

მუხლი 3. აკრძალულია ამ წესის „აკრძალული ნივთიერებებით“ (დანართი №1)  განსაზღვრული ნივთიერებების (სუბსტანციების) ბაზარზე განთავსება და იმ ცხოველებში გამოყენება, რომელთა ხორცი და ხორცის პროდუქტები გამიზნულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

მუხლი 4. აკრძალული უნდა იქნეს ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული ნივთიერებები (სუბსტანციები) და დროებით აკრძალული უნდა იქნეს „დროებით აკრძალული ნივთიერებებით“ (დანართი №2)  განსაზღვრული ნივთიერებები (სუბსტანციები).  დაუშვებელია:

ა) მათი ნებისმიერი სახით გამოყენება ფერმის ცხოველებსა და აკვაკულტურის ცხოველებში;

ბ) სადგომში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ცხოველების არსებობა, გარდა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი ცხოველებისა, ასევე ფერმის ცხოველის ბაზარზე განთავსება ან დაკვლა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, თუ ისინი შეიცავენ დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრულ ნივთიერებებს (სუბსტანციებს), ან გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მტკიცებულება, რომ ამ ცხოველებში ეს ნივთიერებები (სუბსტანციები) გამოყენებულ იქნა მკურნალობისათვის, ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად;

გ) აკვაკულტურის ცხოველებისა და მათი გადამუშავების პროდუქტების ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარების მიზნით, თუ აკვაკულტურის ცხოველებში გამოყენებულ იქნა ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული ნივთიერებები (სუბსტანციები);

დ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველების ხორცის ბაზარზე განთავსება;

ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის ხორცის გადამუშავება.

 

მუხლი 5

1. ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, შესაძლებელია, დაშვებულ იქნეს ფერმის ცხოველებში, თერაპიული მიზნისათვის, ტესტოსტერონის, პროჟესტერონისა და მათი წარმოებულების გამოყენება, რომლებიც აბსორბციის შემდეგ, ჰიდროლიზის შედეგად, ადვილად წარმოქმნიან საწყის ნივთიერებას. ვეტერინარული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თერაპიული მიზნებისათვის, ბაზარზე განთავსებისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს ვეტერინარი ექიმის მიერ ინექციის ან ვაგინალური სპირალის სახით საკვერცხეების დისფუნქციის მკურნალობისათვის, მაგრამ არა იმპლანტანტის სახით იმ ცხოველებში, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრულია. პასუხისმგებელმა ვეტერინარმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს მკაფიოდ განსაზღვრული ცხოველების მკურნალობის რეგისტრაცია და შესაბამის ჟურნალში აწარმოოს ჩანაწერები, რომლებიც, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იქნეს  სააგენტოსათვის. ჩანაწერები უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას მკურნალობის ტიპთან დაკავშირებით;

ბ) გამოყენებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ვეტერინარული პრეპარატის დასახელებას;

გ) მკურნალობის პერიოდს (თარიღებს);

დ) ინფორმაციას იმ ცხოველების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარნენ მკურნალობას.

2. თერაპიული მკურნალობისთვის დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული იმ ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ:

ა) ალილ-თრენბოლონს, მისი პერორალურად გამოყენებისას ან ბეტა-აგონისტებს − ცხენებში;

ბ) ბეტა-აგონისტებს, ძროხებში მშობიარობის დროს ინექციისათვის, ტოკოლიზისის გამოწვევის მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები (სუბსტანციები) გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ, ან თუ ეს ნივთიერება (სუბსტანცია) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული პრეპარატია, გამოყენებული უნდა იქნეს ვეტერინარი ექიმის უშუალო ზედამხედველობით. მკურნალობის პროცესი დოკუმენტირებული უნდა იქნეს პასუხისმგებელი ვეტერინარი ექიმის მიერ და უნდა შეიცავდეს სულ მცირე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

4. აკრძალულია ბეტა-აგონისტების შემცველი ვეტერინარული პრეპარატების შენახვა სადგომის მფლობელის მიერ, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ძროხებში მშობიარობის დროს ტოკოლოზის გამოწვევისათვის.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, აკრძალულია პროდუქტიული ცხოველების თერაპიული მკურნალობა, სანაშენე ცხოველების ჩათვლით, სიცოცხლის რეპროდუქციული ციკლის ბოლოს.

 

მუხლი 6

1. ამ წესის მე-3 მუხლის და მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, ფერმის ცხოველების ზოოტექნიკური მკურნალობის მიზნით, დასაშვებია იმ ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ხასიათდებიან ესტროგენული (გარდა 17β ესტრადიოლისა და 17β ესტრადიოლის ეთერის მსგავსი წარმოებულებისა), ანდროგენული და ჰესტაგენური აქტივობით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გამოსაყენებლად. ეს ვეტერინარული პრეპარატები გამოყენებულ უნდა იქნეს მკაფიოდ განსაზღვრულ ცხოველებში, ვეტერინარი ექიმის უშუალო ზედამხედველობით. მკურნალობის პროცესი დოკუმენტირებული უნდა იქნეს პასუხისმგებელი ვეტერინარი ექიმის მიერ და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ჩანაწერებს.

2. დაშვებულია ახურების (oestrus) სინქრონიზაცია და დონორისა და რეციპიენტის მომზადება ემბრიონის იმპლანტაციის მიზნით, ვეტერინარი ექიმის პასუხისმგებლობით და არა უშუალოდ მისი მონაწილეობით.

3. დაშვებულია პირველი სამი თვის განმავლობაში, სქესის ინვერსიის მიზნით, მოზარდული თევზის მკურნალობა ანდროგენული აქტივობის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ვეტერინარული პრეპარატებით.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ვეტერინარმა ექიმმა უნდა გამოწეროს ერთჯერადი გამოყენების რეცეპტი, რომელშიც მითითებული იქნება მკურნალობისათვის საჭირო ვეტერინარული პრეპარატის რაოდენობა და მოახდინოს დანიშნული ვეტერინარული პრეპარატის აღრიცხვა-დოკუმენტირება.

5. აკრძალულია პროდუქტიული ცხოველების ზოოტექნიკური მკურნალობა, მათ შორის სანაშენე ცხოველების სუქების პერიოდში, სიცოცხლის რეპროდუქციული ციკლის ბოლოს.

 

მუხლი 7

1. ჰორმონული პრეპარატები და ბეტა-აგონისტები, რომელთა გამოყენება ფერმის ცხოველებში ნებადართულია ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია გამოსაყენებლად არ  იქნეს დაშვებული:

ა) ჰორმონული პრეპარატები, მათ შორის:

ა.ა) პრეპარატები, რომელთა დაგროვება ხდება ორგანიზმში;

ა.ბ) პრეპარატები, რომელთა გამოდევნა ორგანიზმიდან ხდება მკურნალობის დამთავრებიდან 15 დღეზე მეტი დროის განმავლობაში;

ა.გ) პრეპარატები:

ა.გ.ა) რომელთა გამოყენების პირობები არ არის ცნობილი;

ა.გ.ბ) რომელთა აღმოჩენისა და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით ანალიზის ჩატარებისათვის არ არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა-მოწყობილობები და რეაქტივები, რათა განსაზღვრულ იქნეს პრეპარატის ნარჩენი რაოდენობა, რომელიც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ზღვარს;

ბ) ვეტერინარული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ბეტა-აგონისტებს, რომელთა ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდი მკურნალობის დასრულების შემდეგ აღემატება 28 დღეს.

 

მუხლი 8

1. დაშვებულია სანაშენე საქმიანობისა და სელექციისათვის განკუთვნილი ცხოველების ბაზარზე განთავსება სიცოცხლის რეპროდუქციული ციკლის დასასრულს, რომელთაც ამ პერიოდში ჩაუტარდათ მკურნალობა, ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად. ასეთი ცხოველებისგან მიღებული ხორცის ნიშანდება (შტამპი) ნებადართულია იმ პირობით, თუ ხორცი შესაბამისობაში იქნება ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ხორცის ბაზარზე განთავსებისას დაცული იქნება ვეტერინარული პრეპარატებისა და ნივთიერებების (სუბსტანციების) ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდი.

2. დაშვებულია ძვირადღირებული ცხენების, დოღის ცხენების, შეჯიბრებებში მონაწილე ცხენების, ცირკის ცხენების, სანაშენე ცხენებისა და გამოფენებში მონაწილე ცხენების, მათ შორის, რეგისტრირებული ცხენისებრთა ცხოველების ბაზარზე განთავსება, რომელთაც ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მიზნებისათვის მკურნალობა ჩაუტარდათ ალილ- თრენბოლონის ან ბეტა-აგონისტების შემცველი ვეტერინარული პრეპარატებით, ორგანიზმიდან მათი სრულად გამოდევნამდე იმ პირობით, რომ ცხოველის თანმხლებ დოკუმენტებში, სერტიფიკატსა და პასპორტში მითითებული იქნება მკურნალობის ტიპი და მკურნალობის პერიოდი.

3. თუ ცხოველს ჩაუტარდა მკურნალობა ესტროგენული, ანდროგენული ან ჰესტაგენური აქტივობის მქონე ნივთიერებებით (სუბსტანციებით) ან ბეტა-აგონისტებით, დაუშვებელია მისგან მიღებული ხორცის ან ხორცის პროდუქტების ადამიანის მიერ სურსათად მოხმარების მიზნით ბაზარზე განთავსება, ვიდრე ამ ცხოველს არ ჩაუტარდება მკურნალობა იმ ვეტერინარული პრეპარატებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ცხოველის დაკვლამდე არ იქნება გასული მათი ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდი.

 

მუხლი 9

1. ვეტერინარული პრეპარატებისა და ნივთიერებების (სუბსტანციების) იმპორტი, წარმოება, შენახვა, დისტრიბუცია, ბაზარზე განთავსება და გამოყენება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რათა გამოვლენილ იქნეს:

ა) ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) და ვეტერინარული პრეპარატების არსებობა და ფლობა, მათი გამოყენება ცხოველების სუქებისათვის;

ბ) ცხოველების აკრძალული მკურნალობა;

გ) ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და ვეტერინარული პრეპარატების ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდის დაუცველობა;

დ) ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული გამოყენების შეზღუდვების დაუცველობა განსაზღვრული ნივთიერებებისა (სუბსტანციებისა) და ვეტერინარული პრეპარატების მიმართ.

3. სახელმწიფო კონტროლის დროს ლაბორატორიული გამოცდა ტარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად:

ა) ცხოველებში;

ბ) ცხოველებისათვის განკუთვნილ სასმელ წყალში ან ყველა იმ ადგილზე, სადაც ხორციელდება  სანაშენე საქმიანობა და ცხოველების შენახვა;

გ) მათ ექსკრემენტებში ან ცხოველის ბიოლოგიურ სითხეში, ქსოვილებში;

დ) ცხოველურ პროდუქტებში.

4. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილ იქნა:

ა) აკრძალული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და ვეტერინარული პრეპარატების ფლობა და გამოყენება, ასევე აკრძალული მკურნალობის შედეგად დარჩენილი ნივთიერებების (სუბსტანციების) და ვეტერინარული პრეპარატების გარკვეული რაოდენობა, ასეთი ნივთიერებები (სუბსტანციები) და ვეტერინარული პრეპარატები ექვემდებარებიან ამოღებას (კონფისკაციას), ხოლო ნებისმიერი ცხოველისგან, რომელიც დაექვემდებარა აკრძალულ მკურნალობას, მიღებული ხორცი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ექვემდებარება სააგენტოს მიერ ზედამხედველობას;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას, სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 10  

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ან/და ფლობს ნებართვას, ნებისმიერი რაოდენობით განათავსოს ბაზარზე თირეოსტატიკური, ესტროგენური, ანდროგენური და ჰესტაგენური აქტივობის მქონე ნივთიერებები (სუბსტანციები) და ბეტა-აგონისტები, ან ბიზნესოპერატორი, რომელიც ამ ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოყენებით აწარმოებს ვეტერინარულ პრეპარატებს, ვალდებულია, აწარმოოს შესაბამისი რეესტრი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია ამ ნივთიერებების (სუბსტანციების) წარმოებული ან შეძენილი რაოდენობის, ასევე გაყიდული და ვეტერინარული პრეპარატების წარმოებისათვის გამოყენებული რაოდენობის შესახებ, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელსაც მიეყიდა, ან რომლისგანაც შეძენილ იქნა გარკვეული რაოდენობის ეს ნივთიერებები (სუბსტანციები), შესაბამისი რაოდენობის ჩვენებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს მოთხოვნისთანავე.

 

მუხლი 11. თუ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგენილი იქნება ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ცხოველის ან ცხოველური პროდუქტის მიმართ, სააგენტომ უნდა გაატაროს კანონმდებლობით დადგენილი ქმედებები.

 

მუხლი 12

1. დაუშვებელია საქართველოში იმ ქვეყნებიდან ფერმის ცხოველების, აკვაკულტურის ცხოველების, მათგან მიღებული ხორცისა და ხორცის პროდუქტების იმპორტი, რომელთა კანონმდებლობა უშვებს სტილბენების, მათი წარმოებულების, მათი მარილებისა და ეთერების, ასევე თირეოსტატიკური ნივთიერებების (სუბსტანციების) ბაზარზე განთავსებასა და გამოყენებას ყველა სახეობის ცხოველში, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარების მიზნით ხორცსა და ხორცის პროდუქტებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, დაუშვებელია:

ა) ფერმის ცხოველების იმპორტი, რომელთა მიმართ:

ა.ა) ნებისმიერი საშუალებით გამოყენებულ იქნა დანართ №1-ის „ა“ სიით განსაზღვრული  ნივთიერებები;

ა.ბ) გამოყენებულ იქნა დანართ №1-ის „ბ“ სიითა და დანართ №2-ით განსაზღვრული ნივთიერებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნივთიერებები გამოყენებულ იქნა ამ წესის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და დაცულ იქნა საერთაშორისო რეკომენდაციებით ნებადართული, ამ ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდი;

ბ) ხორცისა და ხორცის პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მიღებულია ცხოველებისგან, რომლის იმპორტი აკრძალულია ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

3. დაშვებულია სიცოცხლის რეპროდუქციული ციკლის ბოლოს სანაშენე საქმიანობისა და სელექციისათვის განკუთვნილი ცხოველების ან მათგან მიღებული ხორცის იმპორტი იმ პირობით, თუ დაცულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი   მოთხოვნები.

 

დანართი №1

 

აკრძალული ნივთიერებები

 

სია „ა“ − აკრძალული ნივთიერებები:

−  თირეოსტატიკური ნივთიერებები;

−  სტილბენები, სტილბენების წარმოებულები, მათი მარილები და ეთერები;

−  17 β ესტრადიოლი და 17 β ესტრადიოლის ეთერის მსგავსი წარმოებულები.

 

სია „ბ“ − აკრძალული ნივთიერებები, ნაწილობრივ დაშვებით − ბეტა-აგონისტები.

 

 

დანართი №2

 

დროებით აკრძალული ნივთიერებები

 

ესტროგენური (გარდა ესტრადიოლი 17 β და 17 β ესტრადიოლის ეთერის მსგავსი წარმოებულებისა), ანდროგენური და ჰესტაგენური აქტივობის მქონე ნივთიერებები (სუბსტანციები).