დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 29/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 16/11/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170020.57.069.016073 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/10/2015 - 22/07/2016)
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს: ა) შავი სიის წარმოების წესი და პირობები; ბ) პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობითი შეტყობინების ფორმა (დანართი). 2. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 16 ნოემბრიდან. |
|
შავი სიის წარმოების წესი და პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში. მუხლი 2. შავი სიის ცნება1. შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. 2. სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მუხლი 3. შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. 2. კონკურსის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. 3. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია კონსოლიდირებული ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; ბ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; გ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის თაობაზე; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, მასთან დადებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. 4. სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. მუხლი 4. წერილობითი შეტყობინება1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. 2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებას სააგენტოს აცნობებს შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია. 3. წერილობითი შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ატვირთულია სისტემაში, წერილობით შეტყობინებას აღნიშნული დოკუმენტების ასლები აღარ დაერთვის. მუხლი 5. წერილობითი შეტყობინების განხილვა1. სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. 2. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. 3. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობითი შეტყობინების დაზუსტება, თუ იგი არ შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, დადგენილ ვადაში, არ წარადგენს (დააზუსტებს) შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო განუხილველად დატოვებს წერილობით შეტყობინებას. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელახლა წარადგინოს წერილობითი შეტყობინება ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 5. წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. 6. პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. 7. სააგენტო უფლებამოსილია, შემსყიდველი ორგანიზაციისგან, პრეტენდენტისგან/მიმწოდებლისგან ან/და სხვა პირებისგან/ორგანოსგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 8. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს. 9. სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 6. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება1. შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. 2. ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე. მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღება1. სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. 3. გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. 4. სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. 5. გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე. 6. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი. 7. თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება. 8. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, წერილობით შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთხელ. 9. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
მუხლი 8. გადაწყვეტილების გამოქვეყნება1. გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე, რაც ითვლება მის ოფიციალურ გაცნობად. 2. შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან წერილობითი შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მხარეს ოფიციალურად ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9. გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი1. გაფრთხილებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს გაფრთხილების პერიოდში არ ეზღუდება სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შემდგომ დარეგისტრირდება შავ სიაში. 2. შავ სიაში დარეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. 3. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, სისტემა პრეტენდენტს ავტომატურად უზღუდავს წინადადების წარდგენის უფლებას. 4. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეამოწმოს ინფორმაცია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი დარეგისტრირებულია შავ სიაში, შემსყიდველ ორგანიზაციას ეკრძალება მასთან ხელშეკრულების დადება. მუხლი 10. გადაწყვეტილების გასაჩივრებაშავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11. გარდამავალი დებულებები1. თუ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი წარმოიშვა 2015 წლის 1 ივლისამდე ვებგვერდზე www.contest.procurement.gov.ge გამოცხადებული კონკურსის ჩატარების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს კონკურსის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი. 2. შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ სააგენტოს მიერ ამ წესის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს ძალას შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, რის თაობაზეც შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აცნობონ სააგენტოს და წარუდგინონ მას დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. |
დოკუმენტის კომენტარები