დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020080 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2172
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ (ს/კ №404500232), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) წლის ვადით გადასცეს ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №105ა-ში მდებარე 2600.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით − 7955.92 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.06.003.020).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაცემული ქონების სპორტის სახეობის − კალათბურთის პროფილით გამოყენება და განვითარება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, გადაცემულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ, არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე, შეტყობინების შემთხვევაში მისთვის ყოველწლიურად არაუმეტეს ორდღიანი 15 (თხუთმეტი) ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის მიცემა;
გ) გადაცემული ქონების აუთვისებელი ფართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ათვისება და გამოყენება მხოლოდ სპორტული დანიშნულებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, გადაცემული ქონების სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან (ს/კ №204851838) შეთანხმებით საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრებების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებისათვის უფასო სავარჯიშო დროის გამოყოფა;
ვ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების გადასახადის განსაზღვრის დროს, სწავლების ხარისხის შესაბამისად, სპორტის სახეობის − კალათბურთის ხელმისაწვდომობისა და მასობრიობის კომპონენტის გათვალისწინება.
3. შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ უფლება არ აქვს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება ან/და მისი ნაწილი გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით მესამე პირ(ებ)ს.
4. შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ“ უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისათვის გადაცემულ ქონებაზე ნებისმიერ დროს შესვლისა და დათვალიერების შესაძლებლობის მინიჭება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები