ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016313
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №103

2015 წლის 24 ივლისი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი –  „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების   რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი
ალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების   რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს  (შემდგომში საბჭო) შემადგენლობა მტკიცდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

2.  საბჭო წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს  მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის: საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“, ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, წინამდებარე დებულების საფუძველზე.

 


მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა
1.   საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის  პირველი მოადგილე.

2.   საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:

ა) საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი;

ბ)   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 (ორი) წევრი;

გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები;

დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები;

ე)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები;

ვ) საბჭოს შემადგენლობაში შედის მოწვეული ექსპერტ(ებ)ი, რომლ(ებ)იც არ არიან საჯარო მოსამსახურე(ებ)ი.

3.   საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს  მდივანი.

4.  საბჭოს უფლება აქვს, მოიწვიოს სპეციალისტი სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

 


მუხლი 3. საბჭოს  კომპეტენცია
1.   საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ბ) ქალაქთმშნებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება;

გ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან  დაკავშირებით წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;

დ)  ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ვ)   ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

თ) საბჭოს მიერ რეკომენდებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებითა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საკითხთა შესრულების მონიტორინგი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების მიზნით;

ი) სხვა საქმიანობა ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ზემოთ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას საბჭოს უფლება აქვს, ისარგებლოს ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული  ოფიციალური მონაცემებითა და დოკუმენტებით, რომლებიც აუცილებელია საბჭოს მუშაობისათვის.

 


მუხლი 4.  საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები

 

1. საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს  წევრების საქმიანობას;

გ) ხელს აწერს საბჭოს  სხდომების ოქმებს;

დ) აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;

ე) საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის იწვევს სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს;

ვ) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის, სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

ზ) ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას;

თ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს  ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.


მუხლი 5. საბჭოს მდივანი
1. საბჭოს  მდივანს საბჭოს წევრთაგან განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

2.მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს სხდომების გამართვას, კოორდინაციას უწევს საბჭოს მუშაობას;

ბ) განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, ხელს აწერს საბჭოს ოქმებს;

გ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;

დ) საბჭოს წევრებს აწვდის საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს, კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას;

ე) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის მიმდინარეობას;

ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 6. საბჭოს  წევრების უფლება-მოვალეობები
1.   საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) დააყენოს საბჭოს სხდომებზე საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;

ბ) საბჭოს წევრს უფლება აქვს, საბჭოს სხდომის გამართვიდან 2 დღის განმავლობაში საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წერილობით  წარუდგინოს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში;

ბ) დააფიქსიროს სრულყოფილი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ განსახილველ საკითხზე;

გ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

დ) წარმოუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.

3. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას;

გ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

დ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

ე) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ვ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ზ) გათავისუფლდა იმ სამსახურიდან, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში;

თ) გარდაიცვალა.


მუხლი 7. საბჭოს აპარატი და მისი კომპეტენცია
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი.

2. საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული  განყოფილების, საორგანიზაციო განყოფილების, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და  არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

3. საბჭოს აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

4. საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე განსახილველი საკითხების თაობაზე მოქალაქეთა  ინფორმირება;

ბ) განსახილველი საკითხების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმის დღის წესრიგის შედგენა და საბჭოს წევრებისთვის გაცნობა;

გ) საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განსახილველად ზეპირი მოსმენების სხდომ(ებ)ის ორგანიზება;

დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შემაჯამებელი ოქმის შედგენა და მისი შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ე) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ზ) საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისთვის მოსამზადებელი ანგარიშის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

თ) სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია საბჭოს შეუფერხებელი მუშაობისათვის.


მუხლი 8. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების გარდა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში, ან ასეთების განხილვა არ არის განპირობებული „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოთხოვნის დაცვით.

3. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.

4.  საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა)  ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და დამსწრე საბჭოს  წევრების ვინაობა;

დ) დღის წესრიგი (განსახილველი საკითხები);

ე) განსახილველ საკითხზე საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება;

ვ) საკითხზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ზ)  კენჭისყრის შედეგები;

თ) განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.   სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და  მდივანი.  

6.   საბჭოს თითოეულ წევრს, მათ შორის მდივანს, აქვს ერთი ხმა.

7. საბჭოს სხდომის კვორუმია საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.


მუხლი 9. ანგარიშგება
საბჭო ყოველ 6 თვეში ერთხელ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისთვის  ამზადებს ანგარიშს.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.