დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4188-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.016149 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (12/10/2015 - 10/03/2017)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომერციული ბანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;“; ბ) „ქ1“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ1) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია სააგენტოს მიერ და რომელიც ამ კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს; ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოს მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;“; გ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის/სააგენტოს უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მასთან არსებული სააგენტოს მეშვეობით, ამ კანონის შესაბამისად ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს; სააგენტო პასუხისმგებელია საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელებისთვის და მისთვის ამ კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკი/სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ეროვნული ბანკის ორგანიზება 1. ეროვნული ბანკი არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საკუთრივ ეროვნული ბანკისაგან და მასთან არსებული სააგენტოსაგან. 2. ეროვნული ბანკი ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრავს თავისი სტრუქტურული ერთეულების (გარდა სააგენტოსი) შექმნის, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს. 3. ეს კანონი განსაზღვრავს სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების წესებს.“. 5. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო სააგენტოს საბჭოს წევრის სარგოს ოდენობას – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 7. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) არის სააგენტოს საბჭოს წევრი;“. 8. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის გაანგარიშებისა და დაცვის წესები;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი: „მუხლი 181. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახური 1. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საბჭო საბჭოს სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითაც დაინიშნოს. 2. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რის შესახებაც მან 1 თვით ადრე უნდა აცნობოს სააგენტოს უფროსს. 3. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების აუდიტის პერიოდულად განხორციელება; ბ) სააგენტოს საბჭოსათვის მოხსენების წარსადგენად გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის შედგენა და საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; გ) სააგენტოს პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.“. 11. მე-19 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული ბანკისა და სააგენტოს პერსონალის შრომის ანაზღაურება“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სააგენტოს მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა ეროვნულ ბანკში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.“. 12. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს, აუდიტორს არ აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვას, გაავრცელოს ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის ან/და სტატისტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. სააგენტოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო. 52. სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს/ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.“; დ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს, სააგენტოს უფროსს, სააგენტოს უფროსის მოადგილეს, სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უფლება არა აქვს, იყოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და სააგენტოს საბჭოს იმ წევრზე, რომელიც უცხოეთის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული, სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ არმყოფი იურიდიული პირის თანამშრომელია), წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ სააგენტოს საბჭოს წევრის ან სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, არის სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. სააგენტოს თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი ან რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია. 7. ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვს. 8. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს/სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ, რომელიც ჯამში 10 000 ლარს აღემატება.“. 13. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით განისაზღვრება და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება დაექვემდებაროს ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების დარღვევისათვის სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის დარღვევისათვის სანქციის სახით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ეროვნულ ბანკშია განთავსებული, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტის გადახდის შესახებ.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი 1. ეროვნულ ბანკში იქმნება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი შედგება ხმის უფლების მქონე 6 წევრისაგან. ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების არმქონე წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები და მოწვეული პირები. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, სააგენტოს უფროსი, აგრეთვე სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით – სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ფუნქციონირების წესს. 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე თითოეულ წევრს 1 ხმა აქვს. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე 3 წევრი მაინც. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და საკითხის ინიციირება შეიძლება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევრისა – 3 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა. 3. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.“. 15. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული ბანკი აფასებს კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასების მისაღებად. სააგენტოსგან კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასების მიღებამდე ეროვნულ ბანკს არ ეზღუდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.“. 16. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ეროვნული ბანკისათვის/სააგენტოსათვის მისაწოდებელი ინფორმაცია ეროვნული ბანკი/სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებისა და სხვა ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი ყველა სტატისტიკური, საბუღალტრო და სხვა ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).“. 17. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. ეროვნული ბანკისა და სააგენტოს ამოცანები და ფუნქციები საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით 1. სააგენტოს ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით სააგენტო აკონტროლებს სისტემურ რისკს, ამცირებს პოტენციურ რისკებს, უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. 2. ეროვნული ბანკი/სააგენტო ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.“. 18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471–477 მუხლები: „მუხლი 471. სააგენტო 1. საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. 2. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. 3. სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არცერთ სხვა ორგანოსა და თანამდებობის პირს. სააგენტო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში (მათ შორის, ეროვნულ ბანკში), ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით. 5. სააგენტო თავის ბიუჯეტს დამოუკიდებლად განკარგავს. 6. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს საბჭოს წინაშე. 7. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო. 8. სააგენტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 9. სააგენტოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები, თავისი ფუნქციების შესასრულებლად დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, დადოს ხელშეკრულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 472. სააგენტოს თანამშრომლობა უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან 1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს სააგენტოსა და უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლას იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცავს ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
მუხლი 473. სააგენტოს საბჭო 1. სააგენტოს უმაღლესი ორგანოა სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი წევრი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო, ხოლო დანარჩენი წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის დარგში და რომლებსაც აქვთ საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 2. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს ახალ წევრს ირჩევს სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. სააგენტოს საბჭოს ახალი წევრის უფლებამოსილება იწყება სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსია წარმოშობიდან 3 თვეში უნდა შეივსოს. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსიის შესავსებად სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს წარუდგენს ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს წევრს ირჩევს საქართველოს მთავრობის მიერ სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან 2 თვეში. 3. სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 4. სააგენტოს საბჭოს 5 წევრს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სააგენტოს საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სააგენტოს საბჭოს წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად აირჩევა ახალი წევრი სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით. 5. სააგენტოს საბჭოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე; ბ) უნდა ჰქონდეს საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან უფროსის მოადგილე) მუშაობის 3 წლის სტაჟი. 6. პირი არ შეიძლება აირჩეს სააგენტოს საბჭოს წევრად, თუ: ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ანდა გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა; გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. 8. სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებებისა და საფინანსო სექტორში სამართლებრივი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ. 9. სააგენტოს საბჭო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს. 10. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ან სააგენტოს უფროსი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, როგორც სააგენტოს საბჭოს წევრის, საქმიანობა არ ანაზღაურდება. 11. სააგენტოს საბჭოს წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. 12. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას; გ) თანამდებობიდან გადადგება, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან; დ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. 16. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა. 17. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა სესიებს შორის პერიოდს დაემთხვა – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. 18. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია. 19. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი არჩევიდან გასული არ არის 3 წელი მაინც. 20. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. 21. სააგენტოს საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება; ბ) სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება და ეროვნული ბანკის საბჭოსთვის წარდგენა; დ) სააგენტოს საქმიანობის კონტროლი; ე) საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განხილვა; ვ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნების განხილვა; ზ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება. 22. სააგენტოს ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო. 23. სააგენტოს საბჭოს წევრი (გარდა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარისა) საჯარო მოსამსახურე არ არის.
მუხლი 474. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 2. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს უფროსის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 3. სააგენტოს უფროსი საჯარო მოსამსახურეა. 4. სააგენტოს უფროსი უნდა იყოს პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, აუდიტი. 5. სააგენტოს უფროსზე ვრცელდება ამ კანონის 473 მუხლის მე-5 პუნქტის (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა) და მე-6–მე-8 პუნქტების მოთხოვნები. 6. პირი სააგენტოს უფროსად არ შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ ორჯერ. პირი, რომელიც დამტკიცებული იყო სააგენტოს უფროსად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დამტკიცდეს სააგენტოს უფროსად. 7. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან; ბ) სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისას ან მასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ე) გარდაცვალებისას; ვ) მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმავე პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს არანაკლებ 4 წევრის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საბჭოს წევრთა წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. 10. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა. 11. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 12. სააგენტოს უფროსის ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად ნორმატიული აქტის – ბრძანების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – განკარგულების გამოცემა; ბ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) პერიოდულად (6 თვეში ერთხელ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება; დ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს საშტატო ნუსხის და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დასამტკიცებლად წარდგენა; ე) სააგენტოს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) სააგენტოს უფროსის მოადგილის (მოადგილეების) და სააგენტოს მოხელეების ფუნქციების განსაზღვრა; ზ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოების (კომიტეტი, კომისია) შექმნა; თ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება. 13. სააგენტოს ბიუჯეტს სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო და წარუდგენს ეროვნული ბანკის საბჭოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ეროვნული ბანკის საბჭო სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილ სააგენტოს ბიუჯეტს ავტომატურად ასახავს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 14. თუ სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილი სააგენტოს ბიუჯეტის მოცულობა აღემატება წინა წლის სააგენტოს ბიუჯეტს, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს საბჭოს მოსთხოვოს ამ ცვლილების დასაბუთება. სათანადო დასაბუთების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ბიუჯეტში სააგენტოს ბიუჯეტი ასახოს წინა წლის მონაცემების ფარგლებში. სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდის ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სააგენტოს ბიუჯეტს თავის ბიუჯეტში ითვალისწინებს გაზიარებული მონაცემების ფარგლებში. 15. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს უფროსს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი დამტკიცებიდან გასული არ არის 3 წელი მაინც, ან თუ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო. 16. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოადგილეს 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.
მუხლი 475. სააგენტოს საბჭოს სხდომა 1. სააგენტოს საბჭოს სხდომის გამართვის წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო. სააგენტოს საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სააგენტოს საბჭოს სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე საბჭოს 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროს. 2. სააგენტოს საბჭოს თითოეულ წევრს 1 ხმა აქვს. სააგენტოს საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს სააგენტოს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. მათგან ერთი სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს. 3. სააგენტოს საბჭოს სხდომას წარმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე. 4. სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს საბჭოს სხდომაზე დამსწრე სააგენტოს საბჭოს წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე სააგენტოს საბჭოს წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. სააგენტოს საბჭოს სხდომა იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც. 6. სააგენტოს საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებითაც.
მუხლი 476. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 2. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ სააგენტო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
მუხლი 477. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი 1. სააგენტოს უფროსი ბრძანებით ქმნის სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები არიან სააგენტოს უფროსი, სააგენტოს უფროსის მოადგილე და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ სააგენტოს სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. 2. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი განიხილავს ან/და შეიმუშავებს სააგენტოს უფროსის მიერ გამოსაცემ, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს. 3. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსს გადაწყვეტილების მიღებისას უფლება აქვს, არ გაითვალისწინოს სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის რეკომენდაცია.“. 19. 48-ე–50-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით 1. სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით. 3. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ: ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას; ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების სავალდებულო გადაწყვეტილებებით ან/და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა; დ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ. 5. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან და ამ კანონის 481 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან. 7. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და სააგენტოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული ფორმით. მათ თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ. 8. სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და ციფრული ხელმოწერის გამოყენებით ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი. ციფრული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება სააგენტოსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 დღეს.
მუხლი 481. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება 1. იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დაწესებული მოთხოვნები. 2. იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ დაწესებული მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების ოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი სააგენტოს მიერ მიჩნეულია საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ პირთა წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლებისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა. 3. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. 4. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების სააგენტოში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის შესაფერისობის კრიტერიუმები, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთანავე იურიდიული პირი ავტომატურად კარგავს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსს.
მუხლი 482. საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა 1. სააგენტო საგადახდო სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით. 2. სააგენტოს მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს. 4. სააგენტო მნიშვნელოვან სისტემას და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების, მინიმალური კაპიტალის და დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.
მუხლი 49. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა 1. სააგენტო უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა; დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; ვ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან; თ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისაგან და განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის. 2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს სააგენტო. ისინი ანგარიშვალდებული არიან სააგენტოს წინაშე. ლიკვიდატორსა და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება. 3. სააგენტო უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი. 4. არავის არა აქვს უფლება, სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. 5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 6. სააგენტო საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის.
მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობა 1. სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით. 2. სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. 3. სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. სააგენტო უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 20. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა სააგენტო უფლებამოსილია: ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები; გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი; ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; ზ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“. 21. 59-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. აღნიშნული აუდიტი მოიცავს სააგენტოს აუდიტსაც.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის/სააგენტოს მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.“. 22. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ, ხოლო სააგენტო – ანგარიშს თავისი საქმიანობისა და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს ამ ანგარიშებს. სააგენტო აქვეყნებს საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშს. სააგენტოს შეუძლია გამოაქვეყნოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები, რომელთა გამოქვეყნებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.“. 23. 67-ე მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკი/სააგენტო თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი/სააგენტო აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს. 2. ეროვნული ბანკის/სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი ძალაშია ეროვნული ბანკის/სააგენტოს მიერ განსაზღვრული თარიღიდან. 3. ეროვნული ბანკი/სააგენტო, თუ ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედება საჭირო არ არის, ნორმატიული აქტის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეროვნული ბანკი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ან/და ციფრული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.“. 24. 68-ე მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკისათვის/სააგენტოსათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს. 2. ეროვნული ბანკი/სააგენტო ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს. 3. ამ კანონის დებულებების შესასრულებლად ეროვნული ბანკის/სააგენტოს გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპებს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. სააგენტოს თანამშრომელს, სააგენტოს საბჭოს წევრს, სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკში დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს და კომერციული ბანკის ლიკვიდატორს არ დაეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მათ ეს ქმედება ჩაიდინეს ან მისგან თავი შეიკავეს თავიანთი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 62. სააგენტოს თანამშრომლის, სააგენტოს საბჭოს წევრის, სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკში დანიშნული დროებითი ადმინისტრატორის და კომერციული ბანკის ლიკვიდატორის წინააღმდეგ მესამე პირის მიერ დავის დაწყების შემთხვევაში, თუ დავა დაკავშირებულია სააგენტოს თანამშრომლის ან შტატგარეშე მოსამსახურის ან სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან, სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. სასამართლოს, სხვა ორგანოსა და პირის წინაშე სააგენტოს წარმოადგენს სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სააგენტოს მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.“.
მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები. 3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც შექმნიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის გადასაცემი ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება), ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, ელექტრონულად შექმნილი დოკუმენტი, შესაბამისი საარქივო მასალა, საინფორმაციო ბაზა და სხვა დოკუმენტაცია) აღრიცხვა-ინვენტარიზაციას (ეს კომისია იქმნება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადით). ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ქონება და სამსახურებრივი დოკუმენტაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს სააგენტოს. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის დღიდან 4 თვის ვადით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებითა და მხარდაჭერით. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის იდება მემორანდუმი სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებითა და მხარდაჭერით უზრუნველსაყოფად. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის იდება მემორანდუმი, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები. 6. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის, სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა პირდაპირ დაინიშნონ სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხებში. სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, სააგენტოს უფროსის დამტკიცებამდე და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფორმირებამდე, მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა , სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი.[ (შეჩერდეს მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. ]
8. საფინანსო სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. სააგენტომ ამ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. 9. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც გაუქმებული არ არის, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს. 10. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში: ა) საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრთა არჩევისათვის; ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; გ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 11. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ უზრუნველყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის, სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის მოადგილისა და სააგენტოს თანამშრომლების ანგარიშვალდებულების წესის დამტკიცება. ეს წესი საჯარო უნდა იყოს. 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს პირველი შემადგენლობის (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) 2 წევრს 5 წლის ვადით, ხოლო 3 წევრს – 7 წლის ვადით, საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 3 სექტემბერი 2015 წ. N4188-Iს |
დოკუმენტის კომენტარები