დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018719 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/07/2015 - 22/06/2017)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების თანდართული წესი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს უცხოელი ინვესტორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების (შემდგომში – ხელისუფლების ორგანოები) საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებულ პროცედურებსა და მონიტორინგის პროცესში მონაწილე ორგანოთა უფლებამოსილებას. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2. მონიტორინგის განხორციელების ძირითადი პირობები 1. მონიტორინგი ხორციელდება სსიპ - საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში (შემდეგომში - სააგენტო), განმცხადებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევებში, განსახორციელებელი ინვესტიციის მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს თავისი ინიციატივით დაიწყოს მონიტორინგის განხორციელება. 2. სააგენტოში განცხადება მონიტორინგის განხორციელების შესახებ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ინვესტორის მიერ პირადად ან მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირის მეშვეობით.
მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და საქმის მასალების გამოთხოვა 1. მონიტორინგის დასაწყებად, სააგენტო მიმართავს ხელისუფლების შესაბამის ორგანოს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული, მის წარმოებაში არსებული საქმის მასალების ან/და ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. ხელისუფლების ორგანო ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს მოთხოვნილი საქმის მასალები ან/და ინფორმაცია 3 სამუშაო დღის ვადაში. 2. მონიტორინგის განხორციელების თაობაზე, სააგენტოში ინვესტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, თუ ცალსახად იკვეთება, რომ არ არსებობს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის საჭიროება, სააგენტო განუხილველად ტოვებს განცხადებას, რის შესახებაც აცნობებს ინვესტორს. 3. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე, სააგენტოსა და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ვალდებულება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყონ მისთვის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ყველა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 5. საქმის მასალების განხილვა და დასკვნის/რეკომენდაციების მომზადება 1. სააგენტოს მიერ საქმის მასალის შესწავლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს. 2. საქმის მასალის ან/და ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააგენტო ამზადებს დასკვნას მონიტორინგის შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დასკვნა მოიცავს რეკომენდაციას ინვესტიციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. 3. თუ საქართველოს საერთო სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს წარმოება მონიტორინგს დაქვემდებარებული ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მონიტორინგის შედეგებზე, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს მონიტორინგის განხორციელება სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების დასრულებამდე. 4. სააგენტო უფლებამოსილია მონიტორინგის დასკვნის ან/და რეკომენდაციის მომზადებისას, გამოიყენოს შესაბამისი დარგის სპეციალისტის, ექსპერტის დახმარება. 5. მონიტორინგის შესახებ დასკვნა წარედგინება შესაბამის ორგანოს. თუ დასკვნა მოიცავს რეკომენდაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სააგენტო წარუდგენს ხელისუფლების ორგანოს მოსაზრებებისთვის, რომელიც ვალდებულია, 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით აცნობოს სააგენტოს საპასუხო მოსაზრებები. მონიტორინგის დასრულებამდე ხელისუფლების ორგანოს მიერ ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებულ წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული წინასწარ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 6. მონიტორინგის დასკვნის შესახებ ხელისუფლების ორგანოდან მოსაზრებების მიღების შემდეგ, თუ სააგენტო არ დაეთანხმა ხელისუფლების ორგანოს მოსაზრებას მონიტორინგის დასკვნასა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციის თაობაზე, მონიტორინგის დასკვნასა და რეკომენდაციას სააგენტო წარუდგენს ეკონომიკურ საბჭოს, ხოლო ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში – საქართველოს მთავრობას, რის შესახებაც აცნობებს ინვესტორს და ხელისუფლების ორგანოს. 7. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს ხელისუფლების ორგანოდან ინფორმაცია, რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე.
მუხლი 6. საქმეთა განზოგადება სააგენტო ახორციელებს იმ საქმეების განზოგადებას, რომელზეც განხორციელდა მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებებს და/ან რეკომენდაციას განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები