ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016170
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
29/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
010250000.35.106.016170
ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/07/2015 - 31/05/2018)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2015 წლის 29 ივნისი

ქ.ხობი

 

ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს” ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
 

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის თანდართუ­ლი წესი.
 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა



დანართი
 
ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო 
 
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ხობის ტერიტორიაზე სასაფლაოების (შემდგომში – სასაფლაო) მოწყობისა და მართვის, მოვლა–პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
 
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
 
ა) სასაფლაო – ქალაქ ხობის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული  შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათების“ მეშვეობით;
 
ბ) შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათება“ ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;
 
გ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც  გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
 
დ) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;
 
ე) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი თანხმობით მათი ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;
 
ვ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
 
ზ) სამარხი – არის საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი;
თ) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე;
 
ი) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურე­ბასთან;
 
კ) დაკრძალვა – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით;
 
ლ) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთ­ვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;
 
მ) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და იმავე სასაფლაოს სხვა სამარეში ან სხვა სასაფლაოზე დაკრძალვა;
 
ნ) სასაფლაოს დახურვა – არის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი, საფლავების გამოყოფა;
 
ო) სასაფლაოს გაუქმება – არის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა.
 

მუხლი 3. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
 
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 50 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ, გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება  საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე.
 
2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
 
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე
 
ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;
 
ბ) მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპი­როებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნუ­ლებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
 
გ) ქალაქის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზე­ბული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
 
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
 
ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;
 
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;
 
გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.
 

მუხლი 4. სასაფლაოების მართვა
 
ქალაქ ხობში სასაფლაოების მართვას და მოვლა-პატრობას  ახორციელებს შ.პ.ს „ხობი დასუფთავება და განათება“.

მუხლი 5. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური
 
1. ჭირისუფლის მიერ ქალაქ ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელზე მიმართვის შემთხვევაში, გამგებლის წარმომადგენელი სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნას უგზავნის შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათებას“, რომელიც უსასყიდლოდ განახორციელებს ჭირისუფლისათვის  საფლავის გამოყოფას.
 
2. დაინტერესებული პირის მიერ, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე სამარიანი საფლავის გამოყოფა იმ მიზნით, რომ სურვილი აქვს იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი დაინტერესებული პირი მიმართავს ქალაქ ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს, ხოლო გამგებლის წარმომადგენელი საგვარეულო სასაფლავის გამოყოფის მოთხოვნას უგზავნის შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათებას“, რომელიც უსასყიდლოდ განახორციელებს ჭირისუფლისათვის არაუმეტეს 6-სამარიანი საფლავის გამოყოფას.
3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათება“ გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. სასაფლაოზე დაკრძალულ პირთან დაკავშირებით გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წინადადების საფუძველზე.
 
4. სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ (გამოყოფის) შესახებ შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათება“ დაინტერესებულ პირზე გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით.
 

მუხლი 6. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
 
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:
 
ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;
 
ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;
 
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა–დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;
 
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
 
ე) მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას;
 
ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სხვა.
 

მუხლი 7. საფლავების მოწყობა და ექსპლუატაცია
 
1.  სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შემდეგ საფლავების (სამარეების) ქაოტურად განთავსებისა და მოუხერხებელი გარემოს შექმნისაგან თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება სასაფლაოს დაგეგმარება.
 
2. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
 
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
 
ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
 
გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
 
დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები  (წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა.შ.;
 
ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;
 
ვ) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;
 
ზ) საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.
 
3. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებულ და გამოყოფილი უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები.
 
4. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
 
5. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ სუდარაში.
 
6. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის მანძილზე.
 
7. ჭირისუფალი ვალდებულია  შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათებას“ გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
 
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
 
ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
 
გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
 
დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
 
8. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფალთან და შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათებასთან“ შეთანხმებით, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.
 

მუხლი 8. საფლავი
 
1. საფლავი შეიძლება იყოს:
 
ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისათვის;
 
ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის;
 
გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.
 
2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს ექვსი სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.
 
3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ გარდაცვლილის მეუღლე, არ არის მანამდე გარდაცვლილი, ან გარდაცვლილი არ იყო ქორწინებაში.
 
4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:
 
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
 
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
 
დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
 
ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;
 
ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
 
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

მუხლი 9. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება
 
1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილის გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ.
 
2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია  ახალი საფლავების გამოყოფა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგუ­ლების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფალაოს გაუქმების შესახებ.
 

მუხლი 10. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი
 
1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სავალდებულო შეთანხმებას.
 
2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს:
 
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
 
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;
 
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);
 
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
 
3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
 
4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია, მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
 

მუხლი 11. წესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა
 
წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.