ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016075
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 3 აპრილი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა  დანართი 1-ის  შესაბამისად (თან ერთვის 3(სამი) ფურცლად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის აღწერა
  1.  საქართველოში და მათ შორის ქალაქ გორშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას  წარმოადგენს.  მცირე და საშუალო ზომის საწარმოები(მსს) ტრადიციულად განაპირობებენ ქვეყნის და შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სისტემის სიძლიერეს და წარმოადგენენ სამუშაო ადგილების შექმნის ძირითად წყაროს. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ევროკავშირში ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად არის აღიარებული და ბოლო 10 წლის მანძილზე განსაკუთრებული ქმედებები იქნა განხორციელებული საკითხის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ინსტიტუციონალურ დონეებზე რეალიზებისათვის. სწორედ ამ მიზნით ქალაქ გორის მერიაში შემუშავდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის, დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს როგორც მოქმედი მცირე მეწარმეების განვითარებას, ასევე ახალი, ნოვატორული ბიზნეს იდეების განხორციელებას, რათა მათ სამომავლოდ თავად შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით. პროგრამა ითვალისწინებს კონკურსის შედეგად გამოვლინდეს და დაფინანსდეს  ექვსი საუკეთესო ბიზნესიდეა. ერთი 15 000 ლარიანი, ორი 10 000 ლარიანი და სამი 5 000 ლარიანი პროექტი. ასევე გამოვლინდება 3 სარეზერვო პროექტი (რომელიმე გამარჯვებული პროექტის ვერ/არ განხორციელების შემთხვევაში დაფინანსდება სარეზერვო პროექტი).  სასურველია წარმოდგენილი პროექტი ორიენტირებული იყოს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებაზე.

  2. პროგრამით გათვალისწინებულ იქნება პროექტებით დასაქმებულ ადამიანთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

  3. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე წარმოდგენილი 25 საუკეთესო პროექტის ავტორი გაივლის გადამზადების  კურსს შემდეგი მართულებებით:

ა) ბიზნესადმინისტრირება;

ბ) სოციალური მეწარმეობა;

გ) ფინანსური ანალიზი და დაგეგმვა;

დ) ბიზნეს-პროექტების წერა;

ე) ინვესტიციების მოზიდვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

4. პროგრამა დაფინანსდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან


მუხლი 2. სამუშაო ჯგუფი
პროექტების განხილვის და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის ქალაქ გორის მერი. ჯგუფი უნდა შედგებოდეს 5 წევრისგან, მათ შორის  2 საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი და 1 მოწვეული პირისგან. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, დაურთონ პროექტი და წარუდგინოს სამუშაო ჯგუფს.

 


მუხლი 3. მონიტორინგი და შეფასება
1. გამარჯვებული პროექტების საქმიანობას, ხარჯების მიზნობრიობას და პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მონიტორინგს გაუწევს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური. თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამოვლენის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტით გათვალისწინებული თანხის ან/და შეძენილი ინვენტარის უკან დაბრუნება, ან რეზერვში მყოფი პროექტისთვის გადაცემა.

2.  მონიტორინგის და შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, გამარჯვებული პროექტის სპეციფიკის და თავისებურებების გათვალისწინებით.


მუხლი 4. პროექტების შერჩევის კრიტერიუმები
პროექტის შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) მდგრადობა/განვითარების პერქსპექტივა

ბ) დასაქმებულთა რაოდენობა;

გ) მაქსიმალური შედეგის მიღწევა;

დ) ინოვაციურობა;

ე) განხორციელების რეალურობა;

ვ) დაბალი რისკები;

ზ) ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივა

თ) თანადაფინანსება

ი) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირება( დასაქმების  მიმართულებით)

წარმოდგენილ კრიტერიუმების დათვლადობას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს ქალაქის მერი.


მუხლი 5. პროექტის მიზნები/ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები
1. პროექტის მიზანია :

ა) მოქალაქეთა დასაქმება.

ბ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

გ) მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების ზრდა

2. პროექტის ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას:

ბ) ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელებას.

3. მოსალოდნელი შედეგები:

 1. დაფინანსდება 6 ბიზნესპროექტი, რაც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას.

 2.   დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დასაქმდება 15-დან 30-მდე მოქალაქე.



totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.